შპს „სქაიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2024 17:45
მიღების თარიღი აპრილი 04, 2024
შპს „სქაიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „სქაიტელი“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N24-10-595, 18.03.2024).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 მარტი 15:00 საათი, 4 აპრილი 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვის (N24-10-595, 18.03.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.
2. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვაში (N24-10-595 18.03.2024) აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1 მარტს მომხმარებელმა ვ. ელიოზიშვილმა მიმართა საჩივრით (Nშ-24-9/1074) შპს „სქაიტელის“ მიმართ, ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის თაობაზე. საჩივარს დართული ჰქონდა კომისიის მიერ 2024 წლის პირველ მარტს ჩატარებული ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის გაზომვის ტესტის შედეგები (Nშ-2024-3-1-01).
3. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა წერილობით მიმართა შპს „სქაიტელს“ და გამოითხოვა მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ შპს „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს. კერძოდ, კომისიის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენს 527 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <150 მილიწამს, ხოლო დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენს 3599 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <600მ მილიწამს.
4. შესაბამისად, მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მიიჩნია, რომ მომხმარებელს არ მიეწოდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ინტერნეტ- მომსახურება.
5. შპს „სქაიტელის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად, კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „სქაიტელსა“ და მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილს ეცნობათ წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, მათ განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
6. 2024 წლის 28 მარტის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „სქაიტელის“ წარმომადგენლები: რ. ზარნაძე, ვ. ჭიკაძე და შპს „სქაიტელის“ მომხმარებელი ვ. ელიოზიშვილი. შპს „სქაიტელის” წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომხმარებელმა ვ. ელიოზიშვილმა არაერთხელ მიმართა კომპანიას ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებით და ტექნიკური ჯგუფი ყოველთვის დროულად მიდიოდა მომხმარებელთან და ასწორებდა არსებულ ხარვეზს, ხოლო 2024 წლის პირველი მარტის შემთხვევის თაობაზე მომხმარებელს შპს „სქაიტელისთვის“ არ მიუმართავს. მას შემდეგ, რაც შპს „სქაიტელმა“ მიიღო შეტყობინება კომისიისგან საქმის წარმოების დაწყების შესახებ, 27 მარტს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი იმყოფებოდა მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილთან, მისივე თანდასწრებით ჩატარდა ტექნიკური სამუშაოები, ტესტირება და შედეგები წარედგინა კომისიას, რომ ინტერნეტის ხარისხი შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შპს „სქაიტელი“ აბონენტებს სერვისს აწვდის ე.წ. „არალიცენზირებული“, 5 მგჰც სიხშირის ფარგლებში, რის გამო ხშირია ხელშეშლები და ეს არის ხარვეზის მიზეზი.
7. მომხმარებელმა ვ. ელიოზიშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან არის შპს „სქაიტელის“ აბონენტი და ხშირად აქვს ინტერნეტის ხარისხის პრობლემა, რასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა კომპანიას. მან განაცხადა, რომ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად სჭირდება გამართული ინტერნეტი. ვ. ელიოზიშვილის განმარტებით, 2024 წლის 27 მარტს შპს „სქაიტელმა“ გამოუცვალა აპარატურა და მას შემდეგ ინტერნეტის ხარისხი ნორმალურია.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.
12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის.
13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხარისხიანი მომსახურება არის მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ, ხოლო ამავე დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება, ხოლო ამავე დადგენილების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება.
14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საცალო ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას ამ წესების შესაბამისად, ხოლო ამავე წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებული ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობები კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირობებთან ერთად უნდა შეიცავდეს მიწოდებული მომსახურების მინიმალურ, მაქსიმალურ და ფაქტობრივ სიჩქარეს, ასევე მიწოდებული ინტერნეტმომსახურების შესახებ შემდეგ პარამეტრებს: ა.ა) ჯიტერი; ა.ბ) დაყოვნება; ა.გ) დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი (packet loss ratio).
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
15. კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიმართვა (N24-10-595, 18.03.2024) და თანდართული დოკუმენტაცია.
16. კომისიის მიერ ჩატარებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის გაზომვის ტესტის შედეგები.
17. შპს „სქაიტელსა” და მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილს შორის გაფორმებული შპს „სქაიტელის“ ძირითადი ელექტრონული საკომუნიკაციო (ინტერნეტი) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (30.06.2023).
18. შპს „სქაიტელის“ წერილობითი პოზიცია (Nშ-24-6/1865 27.03.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
19. კომისიის 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე შპს „სქაიტელის“ წარმომადგენლების რ. ზარნაძისა და ვ. ჭიკაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
20. კომისიის 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე შპს „სქაიტელის“ მომხმარებლის ვ. ელიოზიშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სქაიტელის” შესახებ მონაცემები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22. შპს „სქაიტელი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ინტერნეტ-მომსახურება).
მტკიცებულება: მონაცემები შპს „სქაიტელის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
23. ვ. ელიოზიშვილი 2023 წლის 30 ივნისიდან არის შპს „სქაიტელის“ ინტერნეტმომხმარებელი.
მტკიცებულება: შპს „სქაიტელსა” და მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილს შორის გაფორმებული შპს „სქაიტელის“ ძირითადი ელექტრონული საკომუნიკაციო (ინტერნეტი) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (30.06.2023).
24. შპს „სქაიტელის“ მიერ მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილისთვის მიწოდებული ინტერნეტ- მომსახურების ხარისხის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს. კერძოდ, კომისიის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის ტესტმა აჩვენა, რომ 2024 წლის 29 თებერვლის 13:50 საათიდან 2024 წლის 1 მარტის 15:50 საათამდე პერიოდში ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 527 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <150 მილიწამს, ხოლო დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 3599 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <600მ მილიწამს.
მტკიცებულება: 1. შპს „სქაიტელსა” და მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილს შორის გაფორმებული შპს „სქაიტელის“ ძირითადი ელექტრონული საკომუნიკაციო (ინტერნეტი) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (30.06.2023). 2. კომისიის მიერ ჩატარებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის გაზომვის ტესტის შედეგები.
25. შპს „სქაიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები შპს „სქაიტელის“ შესახებ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
3. სამართლებრივი შეფასება
26. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შპს „სქაიტელი“, როგორც ინტერნეტ-მომსახურებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებული იყო უზრუნველეყო მომხმარებელთან ინტერნეტ- მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისი, ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება.
27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „სქაიტელის“ მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხის პარამეტრები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კერძოდ, კომისიის მიერ ჩატარებულ ინტერნეტის ხარისხის გაზომვის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენს 527 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <150 მილიწამს, ხოლო დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენს 3599 მილიწამს, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <600მ მილიწამს. ამდენად, შპს სქაიტელმა“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-11 მუხლით, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
28. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
29. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „სქაიტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-11 მუხლის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „სქაიტელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-11 მუხლის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 10 მაისის N4 დადგენილებით დამტკიცებული „ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის გამო.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სქაიტელისთვის“ და მომხმარებელ ვ. ელიოზიშვილისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სქაიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
7. კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
