წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 327

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2024 17:20

მიღების თარიღი ივლისი 25, 2024

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია დია“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა

წარმოების   დაწყების   საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1334, 18.07.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 25 ივლისი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-1334,18.07.2024) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღევის გამო.

2. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

3. კომისიამ 2024 წლის 3 აპრილის Nგ-24-04/880 წერილით ყველა ავტორიზებულ პირს შეახსენა აღნიშნული ვალდებულების თაობაზე. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია დიამ“ აღნიშნული ანგარიშით გათვალისწინებული არცერთი  ინფორმაცია/დოკუმენტაცია  კანონით  დადგენილ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა, მაუწყებელს 2024 წლის 18 ივნისს გაეგზავნა Nგ-24-04/1289 წერილი და ეთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული წერილი მაუწყებელს ჩაბარდა 2024 წლის 11 ივლისს.

4. რადგანაც წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანიის   მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას.

5. შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 25 ივლისს, რის შესახებაც, კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-24-03/1506, 19/07/2024). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიის დასახელებული შეტყობინება შპს „ტელეკომპანია დიას“ ჩაბარდა 2024 წლის 23 ივლისს.

6. კომისიის  სხდომას  არ  ესწრებოდა  შპს  „ტელეკომპანია  დიას“  წარმომადგენელი.  ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

10.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს კანონის  70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა;

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან  მისი    პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

12.  კომისიის   აპარატის   მედიამომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტის   მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1334, 18.07.2024);

13. კომისიის 2024 წლის 3 აპრილის წერილი (Nგ-24-04/880, 03.04.2024) ავტორიზებულ და ლიცენზირებულ პირებს;

14.  კომისიის 2024 წლის 18 ივნისის წერილი (Nგ-24-04/1289,18.06.2024)  გაგზავნილი შპს „ტელეკომპანია დიასთან” და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი:AP01009634503);

15. კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/1506, 19/07/2024) სხდომაზე მოწვევის თაობაზე     და აღნიშნული      შეტყობინების    ჩაბარების    დამადასტურებელი    დოკუმენტაცია    (გზავნილის კოდი:AP01009634498);

16. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ მონაცემები;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17.  შპს „ტელეკომპანია დია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან   შპს  „ტელეკომპანია  დიას“ შესახებ.

18. შპს „ტელეკომპანია დიას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია. კერძოდ, გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე,  აუდიტის დასკვნა  კომპანიას უნდა წარმოედგინა 2024 წლის პირველ მაისამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70- ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „ტელეკომპანია დიას“ არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1334, 18.07.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

19. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები   კომისიის   უწყებრივი   რეესტრიდან შპს   „ტელეკომპანია   დიას“ შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

20. შპს „ტელეკომპანია დია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში  მოქმედი  კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

21. კომისიის  მიერ  დადგინდა,  რომ  შპს  „ტელეკომპანია  დიას“  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომისიაში არ აქვს  წარმოდგენილი. შესაბამისად, სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევა.

22. ამდენად,  შპს  „ტელეკომპანია  დიას“  მიერ  გასული  წლის  ანგარიშის  საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და  დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნის 1 მაისამდე წარმოუდგენლობით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23. აღსანიშნავია, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

24. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს  „ტელეკომპანია  დიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს  „ტელეკომპანია  დიას“  დაევალოს  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა) შპს  „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

7.  გადაწყვეტილების  შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური                     თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე                წევრი

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები