წვდომის მენიუ

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 390

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2024 15:57

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2024

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „აჭარასპორტ.ტვ“

სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევა წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1590, 19.08.2024) კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 5 სექტემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -   კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-1590,19.08.2024) საფუძველზე კომისიაში  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება   შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  შესაძლო  დარღვევის  საკითხის განხილვის მიზნით.

2. კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათის (N24-10-1590,19.08.2024) თანახმად, შეიცვალა შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის შუა რგოლი, კერძოდ  2024 წლის  03 მარტს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს 100%-იანი წილის  მფლობელის შპს „აჭარა.ქომის“ (ს/კ 404582055) სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, (ამონაწერი თან ერთვის) და კომპანიის პარტნიორი შპს „სითი ლოფტის“ (ს/კ 404909934) ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა შპს „ფი ეი ჰოლდინგი“ (ს/კ 404694121).

3. ზემოაღნიშნული ტრანზაქციის  განსახორციელებლად  შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს  კომისიისგან წინასწარი თანხმობა არ აქვს მიღებული. ცვლილების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილია 2024 წლის 6 აგვისტოს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/3408).

4. საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 5 სექტემბერს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

5. კომისიის  2024  წლის  5  სექტემბრის  სხდომაზე  გამოცხადდა  შპს  „აჭარასპორტ.ტვ“-ს წარმომადგენელი თ. ჩაჩანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება კომისიის პოზიციას შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს მიერ კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან ბენეფიციარი მესაკუთრის კანონისმიერი დეფინიცია არის კუმულატიური და ითვალისწინებს ორკომპონენტიან წინაპირობას, კერძოდ,  სარგებელი უნდა იქნეს მიღებული და ამ სარგებლის სხვისთვის განაწილების ვალდებულება არ დგებოდეს. თ. ჩაჩანიძის მოსაზრებით, თეიმურაზ უგულავა არის ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე და ესადაგება კუმულატიურ წინაპირობებს, რომელიც დეფინიციაში „და“ კავშირით არის გაწერილი, კომისიის აპარატის მოხსენებით ბარათში, ბენეფიციარი მესაკუთრის შუალედური რგოლის ცვლილებაა მითითებული, ხოლო შუალედურ რგოლს, როგორც ტერმინს, კანონი არ იცნობს და აქედან გამომდინარე კომპანიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ კანონის დარღვევა არ არის სახეზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის  მიხედვით,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,  კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის  მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

10. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების   ერთ-ერთი   მიზანია   რამდენიმე   ავტორიზებული   პირის   ხელში   საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება, ხოლო მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივის შეძენა; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

15. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  27-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე   არსებულ   კონკურენციაზე   შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

16. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

17. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

18. კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  თანდართული დოკუმენტაციით (N24-10-1590, 19.08.2024);

19.  კომისიის წერილი შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს  (06.08.2024 Nგ-24-03/1661);

20.  შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს  წერილი კომისიას  (06.08.2024 Nშ-24-6/3408);

21.  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (05.09.2024 N24-10-1711);

22.  კომისიის 2024 წლის 5 სექტემბრის  სხდომაზე  შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ის წარმომადგენლის თ. ჩაჩანიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

23. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

24.  შპს „აჭარასპორტ.ტვ“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეზე - B.F.4.1 ტელემაუწყებლობის ტრანზიტი, ავტორიზაციის თარიღი - 28.05.2020.

მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

25.  კომისიამ წერილობით (06.08.2024, Nგ-24-03/1661) მიმართა შპს „აჭარასპორტ.ტვ“ -ს, კომპანიის ყველა ბენეფიციარის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარისა და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1590 19.08.2024); კომისიის წერილი (06.08.2024 Nგ-24-03/1661).

26. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-მ კომისიას წერილობით აცნობა, რომ    2024 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ის 100%-იანი წილის მესაკუთრეა შპს „აჭარა.ქომ“. თავის მხრივ, შპს „აჭარა.ქომ“-ის წილს სრულად ფლობს შპს „ფი ეი ჰოლდინგი“, ხოლო შპს „ფი ეი ჰოლდინგის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და საბოლოო ბენეფიციარი არის თეიმურაზ უგულავა.  მტკიცებულება: კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N24-10-1590, 19.08.2024); შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ის (06.08.2024 Nშ-24-6/3408) წერილი კომისიას;

27. 2024  წლის 3 მარტს   განხორციელებული  ტრანზაქციის  შედეგად,   შეიცვალა შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს 100%-იანი წილის მფლობელის შპს „აჭარა.ქომის“ (ს/კ 404582055)100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „სითი ლოფტი“ (ს/კ 404909934) და მის ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა შპს “ფი ეი ჰოლდინგი“ (ს/კ 404694121).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1590, 19.08.2024); შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან.

28.   შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს დამფუძნებელი კომპანიის პარტნიორის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის და ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე, შესაბამისად აღნიშნული  ტრანზაქცია  შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (05.09.2024 N24-10-1711).

29.  ავტორიზებული პირის  წილის  პირდაპირი/არაპირდაპირი შეძენის განზრახვის   შესახებ,  შეძენის განხორციელებამდე, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს კომისიისთვის არ უცნობებია და წილის შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა არ მიუღია. აღნიშნული ცვლილების თაობაზე, არც ცვლილების განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის კომპანიას, ვიდრე თავად კომისიამ არ გამოითხოვა ინფორმაცია.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1590, 19.08.2024).

30. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა  მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის. მტკიცებულება: კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

3. სამართლებრივი შეფასება

31. როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია    შერწყმის    ან    შეძენის    თაობაზე    ავტორიზებული    პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

32.   შესაბამისად, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული ამოცანები და ფუნქციები სათანადოდ შესრულდეს, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს მისი წილის არაპირდაპირი გზით გასხვისების განზრახვის თაობაზე წინასწარ უნდა ეცნობებინა კომისიისთვის, რათა კომისიას, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე აღნიშნული  ტრანზაქციის  შესაძლო  გავლენა  დაედგინა  და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიეღო გადაწყვეტილება, შეძენის გამოკვლევის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

33. როგორც კომისიის მიერ დადგინდა, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს დამფუძნებლის წილის არაპირდაპირ გასხვისებამდე აღნიშნული განზრახვის შესახებ, კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა აღნიშნულ ტრანზაქციაზე. ასევე, არც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ უცნობებია კომისიისთვის, ვიდრე თავად კომისიამ არ მიმართა კომპანიას ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, ავტორიზებული პირის წილის გასხვისებითა (არაპირდაპირი გზით) და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოუწოდებლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები,   26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

34. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს წარმომადგენლის თ. ჩაჩანიძის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, კომისია განმარტავს, რომ კომპანიის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით   განსაზღვრული   ტერმინის   -  „ბენეფიციარი მესაკუთრის“ მიხედვით. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს სამართალდარღვევა კი ჩადენილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით. ამ თვალსაზრისით სამართალდარღვევა გამოიხატა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის გათვალისწინებული წილის არაპირდაპირ შეძენის კომისიის თანხმობის გარეშე განხორციელებაში. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა კრძალავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის როგორც პირდაპირ, ისე  -  არაპირდაპირ  შეძენას  კომისიის  წინასწარი  თანხმობის  გარეშე  და  ამ შემთხვევაში „ბენეფიციარი მესაკუთრის“ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლეგალური დეფინიცია არ გამოიყენება. გარდა ამისა, კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში მითითებული ტერმინი „ბენეფიციარი მესაკუთრის შუა რგოლი“ არ განიმარტება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, გულისხმობს ავტორიზებული პირის წილის მფლობელ კომპანიას, რომლის წილის გასხვისება, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიისთვის დაკისრებული მარეგულირებელი ფუნქციისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის გათვალისწინებით, საჭიროებს კომისიის თანხმობას.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

35. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.

36.  გამომდინარე იქიდან, რომ შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, მას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.

37. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი  ან  არაპირდაპირი  გზით  კომისიის  წინასწარი  თანხმობის  გარეშე  გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

38. ამ  კონკრეტულ  შემთხვევაში,  კომისიის  აპარატის  კონკურენციის  ხელშეწყობისა  და  ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (05.09.2024 N24-10-1711) მიხედვით, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს დამფუძნებელი კომპანიის ერთპიროვნული პარტნიორის ცვლილება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ახალ გარემოებას არ ქმნის. შესაბამისად, განხორციელებული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომელთა თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამრიგად, არ იკვეთება შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის რაიმე სპეციალური ღონისძიების/ვალდებულების დაკისრების აუცილებლობა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 25- ე მუხლის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“   ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო.

2.   გადაწყვეტილება   ძალაში    შედის   გადაწყვეტილების   ან  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს  „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის  ამ გადაწყვეტილების  ან ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.  დაევალოს   კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს   „აჭარასპორტ.ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები