წვდომის მენიუ

შპს „პროსერვ.ჯი“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 426

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2024 14:21

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2024

შპს „პროსერვ.ჯი“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „პროსერვ.ჯი“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყების  საფუძველი:  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 24-10-1679; 02.09.2024 და N24-10-1855; 23.09.2024).

კომისიის სხდომის თარიღები: 2024 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   (შემდგომში:   „კომისია“)   აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი  ბარათების (N24-10-1679;02.09.2024 და N24-10-1855; 23.09.202)) საფუძველზე   კომისიაში დაიწყო   მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“   ქვეპუნქტებისა  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის  N12 დადგენილების დარღვევის გამო.

2. მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღისთვის შპს „პროსერვ.ჯი“-ს ერიცხებოდა 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 263.84 ლარის ოდენობით.

3. შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 26 სექტემბერს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/2094; 23/09/2024), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ.https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-proservdji-s2.page). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული   მტკიცებულებებისა   და   შუამდგომლობების   წარმოდგენის,   აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „პროსერვ.ჯი“-ს წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „პროსერვ.ჯი“-ს წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

5. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 24-10-1895; 26.09.2024) ირკვევა, რომ შპს „პროსერვ.ჯი“-მ სრულად ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანება.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

8. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

9. „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

10. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-1679;02.09.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

11. კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის სამსახურეობრივი ბარათი (N24-10-1855;23.09.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

12.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურეობრივი ბარათი (N 24-10-1887; 25.09.2024);

13. შეტყობინება კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე (Nგ-24-03/2094;23/09/2024) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

14. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-1895;26.09.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირების) რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს შესახებ მონაცემები;

16. კომისიის 2024 წლის 30 მაისის N გ-24-18 / 235 გადაწყვეტილება „შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

17. შპს „პროსერვ.ჯი“ (პ/ნ 412706086) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი - 30.03.2015).

მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „პროსერვ.ჯი“-ს შესახებ.

18. შპს  „პროსერვ.ჯი“-ს  ერიცხებოდა  2024  წლის  აპრილის,  მაისისა  და  ივნისის  თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 263.84 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი (N24-10-1679;02.09.2024) და სამსახურებრივი (N 24-10-1855; 23.09.2024) ბარათები თანდართული დოკუმენტაციით.

19.  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „პროსევრ.ჯი“-მ სრულად გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება 263.84 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N24-10-1895;26.09.2024) თანდართული დოკუმენტაციით.

20. შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება.

მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 30 მაისის  Nგ-24-18/235  გადაწყვეტილება „შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

21. შპს „პროსერვ.ჯი“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 3000 ლარს. მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-1887; 25.09.2024).

3. სამართლებრივი შეფასება

22. შპს „პროსერვ.ჯი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“ ვალდებულია „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის  საერთო სტატისტიკური  ბაზის (http://stats.gncc.ge)  ფორმა 1.9-ის (რეგულირებისსაფასურის გაანგარიშების ფორმა)  საშუალებით,  კომისიას  წარუდგინოს  ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და გადაიხადოს რეგულირების საფასური.

23. შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიერ 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის    263.84  ლარის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

24. შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4  პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“  და  „ლ“  ქვეპუნქტებისა  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

25. შპს „პროსერვ.ჯი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იყო წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2024 წლის 30 მაისის N გ-24-18/235 გადაწყვეტილება „შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“), შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება ჯარიმა.

26. ამავდროულად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, გამოიყენოს ფინანსური სანქცია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისია ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირების შედეგად.

27. განსახილველ შემთხვევაში, ავტორიზებული პირის მიერ აღმოიფხვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - მან შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნების, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის, პასუხისმგებლობის ზომის სიმკაცრისა და სხვა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კიდევ ერთი მიზანი - სამართალდარღვევის პრევენცია მიღწეულ იქნეს კომპანიის მიმართ ფინანსური ხასიათის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, მისთვის მხოლოდ დარღვევის ფაქტის დადასტურებით. შესაბამისად, შპს „პროსერვ.ჯი“ უნდა იქნეს    ცნობილი სამართალდამრღვევად და განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე  მუხლის   მე-13  და  მე-14  პუნქტებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „პროსერვ.ჯი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

3. შპს „პროსერვ.ჯი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „პროსერვ.ჯი“- სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „პროსერვ.ჯი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „პროსერვ.ჯი“-ს სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე       წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები