ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2024 12:27
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2024
ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტი“
სამართალდარღვევა: „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის„ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების მდეპარტამენტის მოხსენებითიმბარათი (N24-10-2113,28.10.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-2113, 28.10.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2024 წლის 19-21 აგვისტოს პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა აუდიო-ვიზუალური პროდუქცია: მხ. ფილმი „იმერული ესკიზები“, მხ. ფილმი „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ და მხ. ფილმი „გიორგობისთვე“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის.
3.მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიამ 2024 წლის 02 სექტემბერს წერილით (გ-24-04/1862,02.09.2024) მიმართა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ და ითხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა.
4.მოხსენებითი ბარათის თანახმად, მაუწყებელმა კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4158, 20.09.2024), რომლის თანახმადაც, აღნიშნულ პროდუქციებზე მაუწყებელს არ გააჩნია ხელშეკრულება.
5.მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ეთერში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას.
6.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-24-03/2453, 28/10/2024) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
7.კომისიის 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელი ბ.ფერაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სანქციების ნაწილში კანონმდებლობით მოწესრიგებული არის ყველაფერი, თუმცა ვისთან უნდა ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება, ძალიან ხშირად გაუგებარია და აქვთ პრობლემა. ამდენად, ითხოვა კომისიის მიერ დარეგულირდეს ეს საკითხი ან კანონმდებლობით მოწესრიგდეს. ასევე, ბ. ფერაძემ ითხოვა, კომისიამ არ გამოიყენოს სანქცია კომპანიის მიმართ.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
12.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით.
13.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
14.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
15.„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
16.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
17.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
18.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2113, 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის წერილი (გ-24-04/1862, 02.09.2024) გაგზავნილი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“; ა(ა)იპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4158,20.09.2024);
19.მონაცემები ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
20.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/2453, 28/10/2024) კომისიის 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
21.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის წარმომადგენლის ბ.ფერაძის ახსნა- განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 31 ოქოტმბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
22.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ შესახებ.
23.2024 წლის 19-21 აგვისტოს პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა აუდიო-ვიზუალური პროდუქცია: კერძოდ, 19 აგვისტოს, 00:32 სთ. - მხ. ფილმი „იმერული ესკიზები“, 20 აგვისტოს, 00:30 სთ.- მხ. ფილმი „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ და 21 აგვისტოს, 00:30 სთ. - მხ. ფილმი „გიორგობისთვე“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2113, 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
24.კომისიამ 2024 წლის 02 სექტემბრის წერილით (გ-24-04/1862,02.09.2024) მიმართა ა(ა)იპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ და ითხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიო- ვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა; კომისიის წერილის პასუხად, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ წარმოადგინა წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4158, 20.09.2024) პასუხი და განმარტა, რომ კომისიის წერილში მითითებულ პროდუქციებზე მაუწყებელს არ გააჩნია ხელშეკრულება.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 02 სექტემბერს წერილი (გ-24-04/1862, 02.09.2024) გაგზავნილი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისათვის“; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4158, 20.09.2024).
25.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ არ წარმოუდგენია საკუთარ ეთერში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები/დოკუმენტაცია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2113, 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
26.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
27.„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამასთან, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ხოლო, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
28.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ 2024 წლის 19-21 აგვისტოს პერიოდში ეთერში განთავსდა წინამდებარე გადაწყვეტილების 23-ე პარაგრაფში მითითებული მხატვრული ფილმები, რომელთა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნული მხატვრული ფილმების სამაუწყებლო ბადეში განთავსებას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ესაჭიროებოდა ნაწარმოების საავტორო უფლების მფლობელი პირის სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რაც მაუწყებელს არ მოუპოვებია და კომისიაში არ წარმოუდგენია. ამრიგად, ა(ა)იპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
29.აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის,„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების დარღვევისათვის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ა(ა)იპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
