ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2024 11:47
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024
ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“
სამართალდარღვევა: „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2112; 28.10.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 14 ნოემბერი, 15:00 საათი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 24-10-2112; 28.10.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ პერიოდული მონიტორინგისას განხორციელდა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2024 წლის 08-10 ოქტომბრის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა აუდიოვიზუალური პროდუქცია: მხ. ფილმი „ბაში-აჩუკი“, ანიმაციური ფილმი „სიზმარა“, ანიმაციური ფილმი „ეგვიპტური ზღაპარი“ და მხ. ფილმი „მოციქული პეტრე და პავლე“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის.
3. მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიამ 2024 წლის 16 ოქტომბერს წერილით (N გ-24-04/2354; 16/10/2024) მიმართა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და ითხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა.
4. მოხსენებითი ბარათის თანახმად, მაუწყებელმა კომისიაში წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელსაც თან არ ერთვის აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისიაში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ უთითებს, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული ფილმები შექმნილია მრავალი ათეული წლის წინ, ისინი განთავსებულია საჯაროდ ინტერნეტსივრცეში თავისუფალი გამოყენებისთვის, ფილმებს არ გააჩნიათ არანაირი მინიშნებითი ნიშანი-დამღა მათი გაშვების მართლზომიერების მოთხოვნაზე, კომპანია ზემოთ დასახელებულ ფილმებს არ იყენებს კომერციული მიზნებისთვის და მას არ ჰყავს მოდავე მხარე. მაუწყებელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ბევრი ხელოვანის ხელშეკრულება-ნებართვა წარმოადგინა კომისიაში წერილობითი ფორმით, მათ შორის, ბატონი ბუბა (რამაზ) ხოტივარის თანხმობა. გარდა ამისა, კომპანია უთითებს, რომ მას ბევრი ხელოვანის ნებართვა სიტყვიერადაც აქვს დადასტურებული. გამომდინარე იქედან, რომ მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა ეთერში განთავსებული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მხრიდან ადგილი აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას.
5. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 14 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე მაუწყებელს გაეგზავნა შეტყობინება (N გ-24-03/2590; 11/11/2024) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
6. კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები ქ. სესიაშვილი, გ. ჟორჟოლიანი და გ. გობეჩია. გ. ჟორჟოლიანი არ დაეთანხმა მოხსენებით ბარათში მითითებულ გარემოებებს და აღნიშნა, რომ მაუწყებელს საბჭოთა წარმოების ფილმებზე (მაგ: ბაში-აჩუკი) მართლზომიერი ჩვენების უფლება მიღებული აქვს ბატონი ბუბა ხოტივარისგან და აღნიშნული ნებართვა წარმოდგენილია კომისიაში. გ. ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ფილმის „დათა თუთაშხია“ ეთერში გადაცემის ნებართვა მაუწყებელს წერილობითი ფორმით მიღებული აქვს საავტორო უფლების მფლობელისაგან, რაც წარმოდგენილია კომისიაში. გარდა ამისა, წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხ. ფილმი „მოციქული პეტრე და პავლე“ განთავსებულია თავისუფალ სივრცეში და ამ ფილმის განთავსებაზე მაუწყებელს მომჩივანი არ ჰყავს. გ. გობეჩიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა საჭიროებს გადახედვას და არ შეიძლება ქართულ და უცხოურ ფილმებთან მიმართებით იყოს ერთნაირი მიდგომა. გ. გობეჩიამ აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია მიმდინარე წელს ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ასევე, მაუწყებელი ძირითადად ამზადებს ვიდეოპუბლიკაციებს ეროვნულ პრობლემატიკაზე და სთხოვს კომისიას ამ გარემოებების გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღებისას. ქ. სესიაშვილს კომისიის სხდომაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
10. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით, ნება დართონ თავისი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი საშუალებით.
11. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
13. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
14. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში, ხოლო ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის.
15. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
18. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი ( N24-10-2112; 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
19. კომისიის 2024 წლის 16 ოქტომბრის წერილი ( N გ-24-04/2354; 16/10/2024);
20. მონაცემები ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
21. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2590; 11/11/2024) კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
22. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლების გ. ჟორჟოლიანისა და გ. გობეჩიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
23. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შესახებ.
24. 08-10 ოქტომბრის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა აუდიოვიზუალური პროდუქცია: მხ. ფილმი „ბაში-აჩუკი“, ანიმაციური ფილმი „სიზმარა“, ანიმაციური ფილმი „ეგვიპტური ზღაპარი“ და მხ. ფილმი „მოციქული პეტრე და პავლე“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2112; 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
25. კომისიამ 2024 წლის 16 ოქტომბრის წერილით (N გ-24-04/2354; 16/10/2024) მიმართა ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და ითხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარმოდგენა.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 16 ოქტომბრის წერილი (N გ-24-04/2354; 16/10/2024).
26. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ კომისიაში არ წარმოუდგენია გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში აღნიშნული ფილმების მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები/დოკუმენტაცია.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2112; 28.10.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
27. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
28. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციისა და ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების დასახელებულ დებულებებს შეესატყვისება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამასთან, ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ხოლო, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
29. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ 2024 წლის 08-10 ოქტომბრის პერიოდში მაუწყებლის ეთერში განთავსდა მხ. ფილმი „ბაში-აჩუკი“, ანიმაციური ფილმი „სიზმარა“, ანიმაციური ფილმი „ეგვიპტური ზღაპარი“ და მხ. ფილმი „მოციქული პეტრე და პავლე“, რომელთა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის. კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება არ ეხება ფილმ „დათა თუთაშხიას“, რადგან მასთან მიმართებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა. ასევე მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილ რამაზ (ბუბა) ხოტივარის წერილობით თანხმობაში არ არის მითითებული წინამდებარე გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია. შესაბამისად, კომისია ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტაციას, რომ მაუწყებლის ეთერში ფილმები განთავსდა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
30. კომისია აღნიშნავს, რომ ფილმების მრავალი ათეული წლის წინ შექმნა არ გამორიცხავს მაუწყებლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.“ ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი „აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის.“ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში მითითებულ აუდიოვიზუალურ პროდუქციასთან მიმართებით არ გასულა კანონმდებლობით დადგენილი 70 წლიანი პერიოდი, შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებული იყო ფილმების ეთერში გაშვებამდე მოეპოვებინა შესაბამისი ნებართვა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელისაგან.
31. კომისია განმარტავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია, შესაბამისი ნებართვა მოიპოვოს ფილმების ეთერში განთავსებაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ფილმები საჯაროდ არის განთავსებული ინტერნეტში. თავის მხრივ, ფილმები ინტერნეტში შესაძლოა განთავსებული იყოს როგორც კანონიერად, ასევე, არაკანონიერად. მაშინაც კი თუ ფილმები ინტერნეტში განთავსებულია მართლზომიერად მაუწყებელი არ თავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებისგან - მოიპოვოს შესაბამისი ნებართვა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელისგან და ამის შემდეგ გადასცეს აუდიოვიზუალური პროდუქცია თავის ეთერში. აღსანიშნავია, რომ ერთი პირის მიერ ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელისგან მოპოვებული თანხმობა ფილმების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით ავტომატურად არ ვრცელდება მესამე პირზე, მათ შორის, მაუწყებელზე და არ აძლევს მას საშუალებას შესაბამისი ნებართვის გარეშე ეთერში გაავრცელოს აუდიოვიზუალური პროდუქცია.
32. კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე ფილმის ეთერში განთავსება მაშინაც კი თუ ფილმზე არ არის დასმული საავტორო უფლების დაცვის ნიშანი (©), არ გამორიცხავს მაუწყებლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თაანახმად კი „საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა“. შესაბამისად, დასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაწარმოებს არ ექნება შესამაბისი ნიშანი, მაუწყებელი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან - ეთერში განთავსებამდე მოიპოვოს შესაბამისი ნებართვა ნაწარმოების უფლებამფლობელისაგან.
33. კომისია ასევე ვერ გაიზიარებს ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ არგუმენტს, რომ მაუწყებლის მიერ ფილმების ეთერში განთავსებისას კომერციული მიზნის არარსებობა გამორიცხავს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავით (21-30 მუხლები) გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც შეზღუდავდა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ქონებრივ უფლებებს და მაუწყებელს მისცემდა შესაძლებლობას ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე ეთერით გაევრცელებინა გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია. თავის მხრივ, კანონმდებლობის ამგვარი განმარტება გამყარებულია კომისიის პრაქტიკითაც. კერძოდ, 2021 წლის 30 დეკემბრის Nგ-21-18/ 725 გადაწყვეტილებით „ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ“ კომისიამ არ გაიზიარა მაუწყებლის არგუმენტი, რომ საავტორო უფლების მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე ფილმების ეთერში განთავსება კომპანიისთვის შემოსავლის ან მოგების მიღების გარეშე არ არის სამართალდარღვევა. შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
34. რაც შეეხება მოდავე მხარის არარსებობის საკითხს, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, მაშინაც კი თუ არ არის წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადება ან საჩივარი. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია სწორედ კომისიის ინიციატივით აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. შესაბამისად, მოდავე მხარის არარსებობა არ გამორიცხავს მაუწყებლის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას და მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკირებას.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების 24-ე პარაგრაფში მითითებული აუდიოვიზუალური პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსებას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ესაჭიროებოდა ნაწარმოების საავტორო უფლების მფლობელი პირის სანებართვო წერილობითი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რაც მაუწყებელს არ მოუპოვებია და კომისიაში არ წარმოუდგენია. ამრიგად, ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე აუდიოვიზუალური პროდუქციის განთავსებით დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლი, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
36. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37- ე, 38-ე და 42-ე მუხლების დარღვევისათვის ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 95-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 42-ე და 58-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძეწევრი
ივანე მახარაძე წევრი