შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2024 12:06
მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024
შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ილიონი“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2185, 04.11.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 14 ნოემბერი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2185,04.11.2024) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ილიონის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით.
2.მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საერთო ეროვნული ავტორიზებული მაუწყებლის შპს „ილიონის“ სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ილიონის“ ეთერში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 11:00 საათზე განთავსდა გადაცემა „დილის პოლიტიკური ლაივი“. აღნიშნული გადაცემა შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას. კერძოდ, გადაცემაში მონაწილეების მიერ გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა, რომელიც არ იყო კონტექსტით გამართლებული.
3.კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. ამასთან, პროგრამა ეთერში გავიდა 11:00 საათზე (შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტები ფიქსირდება 11:07-დან 11:22-ის ჩათვლით). „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა დაუშვებელია ეთერში განთავსდეს 6-დან 23 საათამდე. შესაბამისად, დეპარტამენტის მოსაზრებით, შპს „ილიონის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
4.შპს „ილიონის“ მიერ ამ გადაწყვეტილების პირველ პარაგრაფში მითითებული შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2024 წლის 14 ნოემბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა შპს „ილიონს“.
5.კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ილიონის“ წარმომადგენლები ა. რაქვიაშვილი და კ. კუკავა.
6.შპს „ილიონის“ წარმომადგენელმა ა. რაქვიაშვილმა აღიარა გადაცემაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ფაქტი და სინანული გამოთქვა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი დროის მონაკვეთში მოხდა მსგავსი კონტენტის განთავსება. კ. კუკავამ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ მაუწყებლის მიერ ჩადენილ დარღვევას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და იშუამდგომლა კომისიის წინაშე, რომ არ გამოიყენოს ფინანსური სანქცია და გაფრთხილებით შემოიფარგლოს.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
7.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში საქმიანობას არეგულირებს კომისია“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი“, ასევე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედიამომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი“;
8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი“, ხოლო „ტ2“ ქვეპუნქტის თანახმად, „ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია“.
9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა“.
10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას“. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის შეზღუდვებს. კერძოდ, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი აკეთებს დათქმას, რომ მაუწყებელი ვალდებულია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად“. თავის მხრივ, ამავე კანონის 562 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია“.
12.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,„მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.“
13.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2185, 04.11.2024) - თანდართული დოკუმენტაციით;
15.შპს „ილიონის“ 2024 წლის 28 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადე;
16.კომისიის შეტყობინება შპს „ილიონს“ და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
17.შპს „ილიონის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
18.შპს „ილიონის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;
19.შპს “ილიონის“ წარმომადგენლების ა. რაქვიაშვილისა და კ. კუკავას მიერ კომისიის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა- განმარტებები.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
20.შპს ,,ილიონი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.
მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ილიონის“ შესახებ.
21.შპს „ილიონის“ 2024 წლის 28 ოქტომბრის ეთერში 11:00 საათზე განთავსებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა „დილის პოლიტიკური ლაივი“.
მტკიცებულება: შპს „ილიონის“ 2024 წლის 28 ოქტომბრის სამაუწყებლო ბადე.
22.მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 11:07 საათზე გადაცემაში „დილის პოლიტიკური ლაივი” გადაცემის მონაწილის, იაგო ხვიჩიას მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „თან ჩვენ, რომ გვაბრალებენ, ეს გამოყ****ბული რომ ყოფილა ეს ჩუგოშვილი, გუშინ დაწერა, რომ გირჩს რომ არ მიეღო მონაწილეობა ქოცები მოიგებდაო. ბიჭო, თქვე დედა მოტ***ლებო მთელი ცხოვრება იმას იძახდით, რომ გირჩი ართმევს ქოცებს ხმასო და ქოცებს წავართვი ხომ ხმა? შენც ხომ მაგინებდი სულ რომ რაღაცა ქოცებთან შეკრულს, 3% წავართვი ქოცებს და 54 აიღეს თქვენი სირობის გამო და ამხელა კაცი უბრალოდ სულელია. ხოდა, გამოვიდა გუშინ და გირჩმა წააგებინა ოპოზიციას არჩევნებიო. მტყუნის დედას შე**ცი, ახლა ხომ გესმის აქედან”. ასევე იმავე გადაცემაში 11:21 საათზე გადაცემის მონაწილის, იაგო ხვიჩიას მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „აი გვარამიასთან ვინები გყავდათ გაყვანილი პროსტა, რომ იცოდეთ, თან თქვენ იძახით, რომ ჩვენ, ჯერ ერთი მაგას ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ გეუბნებოდნენ თქვენი არჩევანი არ დაიკარგოსო არ დაიკარგა თქვე დედა მოტ****ებო? ვინც გადაიფიქრა იმის გამო, რომ გვარამიას მიეცით ხმა. არა მაგათ ბოდიშს არ მოვუხდი. გვარამიას გამო ვინც ხმის მიცემა გადაიფიქრა იმის დედაც მოვ**ან სულ ყველასი”.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით (N24-10-2185, 04.11.2024) წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერები.
23.შპს „ილიონის“ მიმართ მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
24.მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
3. სამართლებრივი შეფასება
25.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვნების ინტერესები და შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებითა და დროითი შეზღუდვის გათვალისწინებით დაგეგმოს სამაუწყებლო ბადე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ უნდა განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს პროგრამას (ანონსს) რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია. ამრიგად, პროგრამა, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს კონტექსტით არ არის გამართლებული დაუშვებელია მაუწყებლის ეთერში განთავსდეს 6 საათიდან 23 საათამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან.“ ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი პროგრამის გავრცელებას, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს ასევე 23:00 საათის შემდეგ.
26.როგორც კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ილიონის“ ეთერში განთავსებული პროგრამა განეკუთვნება 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ პროგრამას. კერძოდ, პროგრამის წამყვანის მიერ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი ლექსიკა - არაერთი უცენზურო სიტყვა და გამონათქვამი (დეტალურად იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22-ე პარაგრაფი).
27.იმის შესაფასებლად, იყო თუ არა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება კონტექსტით გამართლებული, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული პროგრამის ბუნება და პროგრამის არსის გადმოცემაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის ფუნქცია. მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ, როდესაც ეს განპირობებულია პერსონაჟის მახასიათებლებით და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით (იხ. „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილება Nგ-20-18/966, 31.12.2020). კომისია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით ასეთ პროგრამებში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება არ არის კონტექსტით გამართლებული (იხ. „შპს ,,სეზონი ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ" კომისიის გადაწყვეტილება Nგ-22-18/523, 09.12.2022). ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში და, შესაბამისად, არ იყო კონტექსტით გამართლებული.
28.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ილიონის“ მიერ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გადაცემაში 11:07-დან 11:21 საათამდე განთავსდა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას და ეს არ იყო კონტექსტით გამართლებული. ამასთან, დარღვევა სრულად შეერაცხება მაუწყებელს, ვინაიდან, გადაცემის წამყვანი თავად იყენებდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
29.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
30.გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ილიონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევისთვის არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, შპს „ილიონის“ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს წერილობითი გაფრთხილება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 96-ე და 98-ე მუხლების, VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 561 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.შპს „ილიონს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ილიონისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „ილიონისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ილიონისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი