„ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2024 15:50
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024
„ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია დია“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2336;22.11.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2336;22.11.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს. კერძოდ, კანონის თანახმად, ავტორიზებული პირები/ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიაში წარმოადგინონ და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ასევე, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილება ჩაბარდა 7 აგვისტოს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დღისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და ანგარიში. რადგანაც, შპს „ტელეკომპანია დიამ“, გაფრთხილების მიღების მიუხედავად, კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტის დასკვნა და ანგარიში, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.
3.შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელეკომპანია დიას“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-24-03/2682; 25/11/2024) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4.კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
7.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა;
10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
11.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2336; 22.11.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
12.კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე” და ამ გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01009634496);
13.შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2682; 25/11/2024) კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გზავნილის კოდი: AP01009917080);
14.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2375; 27.11.2024);
15.მონაცემები შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
16.შპს „ტელეკომპანია დია“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ.
17.კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და დაევალა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიისთვის წარმოედგინა გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე”.
18.შპს „ტელეკომპანია დიას“ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 7 აგვისტოს, თუმცა კომპანიას კომისიაში, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც, არ წარმოუდგენია აუდიტის დასკვნა და ანგარიში.
მტკიცებულება: მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2336; 22.11.2024) თანდართული დოკუმენტაციით; კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დასტური (გზავნილის კოდი: AP01009634496).
19.შპს „ტელეკომპანია დიას“ წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2375;27.11.2024).
3. სამართლებრივი შეფასება
20.შპს „ტელეკომპანია დია“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყოველი წლის 1 მაისამდე ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
21.შპს „ტელეკომპანია დიას“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაევალა, კომისიაში წარმოედგინა გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან (7 აგვისტო, 2024 წელი), მაგრამ ავტორიზებულ პირს დოკუმენტაცია კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ წარმოუდგენია. ამდენად, კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რაც შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
22.შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ ჩადენილი დარღვევა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს დააკისროს ჯარიმა, თუ მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრეს გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულეს კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მათ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინეს ახალი დარღვევა. ხოლო ამავე კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.
23.ვინაიდან, კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18 / 327 გადაწყვეტილებით შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და კომპანიამ ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა, ავტორიზებულ პირს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს„ტელეკომპანია დიას“ უკანასკნელი 12 თვის შემოსავლის 0,5% არ აღემატება 2500 ლარს. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 71- ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „ტელეკომპანია დიას“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2024 წლის 25 ივლისის Nგ-24-18/327 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2.შპს „ტელეკომპანია დიას“ დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგინოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე აუდიტის დასკვნა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 20 დღის ვადაში;
3.შპს „ტელეკომპანია დიამ“ უზრუნველყოს:
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 302003251;
ბ)ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
8.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი