შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2024 14:14
მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2024
შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ავტორიზებული პირი: შპს „სუპერ ტვ“
სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2307; 19.11.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 5 დეკემბერი, 15:00 საათი
I. აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 24-10-2307; 19.11.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის გამო.
2.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N 24-10-2307; 19.11.2024) აღნიშნულია, რომ 2024 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი (Nგ-24-03/1661) ბენეფიციარის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით. შპს „სუპერ ტვ“-ს (ს/კ 400015201) აღნიშნულ წერილზე პასუხი არ წარმოუდგენია. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, 2024 წლის 7 ნოემბერს გაეგზავნა წერილი (Nგ-24-03/2551) და დამატებით განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად. ზემოაღნიშნული წერილი შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 2024 წლის 8 ნოემბერს, თუმცა კომპანიას მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
3.შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 28 ნოემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს გაეგზავნა შეტყობინება (N გ-24-03/2680; 25/11/2024, რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-super-tv-s1.page) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. შპს „სუპერ ტვ“-ს კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2680; 25/11/2024) არ ჩაბარდა, შესაბამისად, კომისიის ინიციატივით, 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 5 დეკემბერს, 15:00 საათზე. შპს „სუპერ ტვ“-ს 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება (N გ-24-03/2741; 02/12/2024) გაეგზავნა საფოსტო გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომისიისთვის ცნობილ კომპანიის ფაქტობრივ და ელექტრონულ მისამართებზე და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, ამავე შეტყობინებით ავტორიზებულ პირს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. მიუხედავად კომისიის მიერ შეტყობინების სხვადასხვა საშუალებით გაგზავნისა, შპს „სუპერ ტვ“-ს შეტყობინება (N გ-24-03/2741; 02/12/2024) კვლავ არ ჩაბარდა. 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება (N გ-24-03/2741; 02/12/2024) ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-super-tv-s2.page).
4.კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელი. ვინაიდან შპს „სუპერ ტვ“-ს შეტყობინება გაეგზავნა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, კომისიის მიერ საკუთარი ინიციატივით ერთხელ გადაიდო წინამდებარე საქმის განხილვა (28 ნოემბერი, 2024 წელი), ხოლო კომპანიას არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე, კომისიის მიერ შესრულდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
6.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ასევე, ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას განეკუთვნება სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან;
7.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
8.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ასევე, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
9.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების ერთ-ერთი მიზანია რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება;
10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
11.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
12.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2307; 19.11.2024);
13.კომისიის წერილი შპს „სუპერ ტვ“-ს (N გ-24-03/2551; 07/11/2024);
14.კომისიის 2024 წლის 6 აგვისტოს წერილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს (N გ-24-03/1661; 06/08/2024);
15.შპს „სუპერ ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2680; 25/11/2024) კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
16.შპს „სუპერ ტვ“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2741; 02/12/2024) კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და შესაბამისი საფოსტო გზავნილი (გზავნილის კოდი: AP01009634426);
17.მონაცემები შპს „სუპერ ტვ“-ის შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
18.შპს „სუპერ ტვ“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია. მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ის შესახებ. 19.2024 წლის 6 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს გაეგზავნათ წერილი ბენეფიციარის თაობაზე ინფორმაციის წარმოსადგენად. შპს „სუპერ ტვ“-ს აღნიშნულ წერილზე პასუხი კომისიაში არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის 2024 წლის 6 აგვისტოს წერილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს (N გ-24-03/1661; 06/08/2024); კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2307; 19.11.2024).
20.შპს „სუპერ ტვ“-ს 2024 წლის 7 ნოემბერს გაეგზავნა წერილი და დამატებით განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა ინფორმაციის წარმოსადგენად. აღნიშნული წერილი შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 2024 წლის 8 ნოემბერს. კომპანიას მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში გადაწყვეტილების მიღების დღისთვისაც არ წარმოუდგენია.
მტკიცებულება: კომისიის წერილი შპს „სუპერ ტვ“-ს (N გ-24-03/2551; 07/11/2024); კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2307; 19.11.2024).
21.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სუპერ ტვ“-ის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ის შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
22.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ასევე, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
23.შპს „სუპერ ტვ“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში კომისიას მიაწოდოს კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც კომპანიამ არ შეასრულა. ამრიგად, კომპანიის მიერ კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
24.აღსანიშნავია, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად,„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევისთვის შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა წინამდებარე გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, მე-7 თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შპს „სუპერ ტვ“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2.შპს „სუპერ ტვ“-ს დაევალოს კომისიის 2024 წლის 6 აგვისტოს (N გ-24-03/1661; 06/08/2024) წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში სრულად წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სუპერ ტვ“- სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (მ. რუხაძე) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი