შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2024 0:15
მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024
შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „მთავარი არხი“
სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-2410, 02.12.2024 და N24-10-2593, 23.12.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 26 დეკემბერი, 15:00 საათი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-2410, 02.12.2024 და N24-10-2593, 23.12.2024) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღევის გამო.
2.მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, შპს „მთავარ არხს“ 2024 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 2024 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 21050.28 ლარის ოდენობით. ხოლო, სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „მთავარ არხს“ ჯამურად ერიცხება 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 24,846.92 (სექტემბერი-8128.21 ლარი, ოქტომბერი - 12921.39 ლარი, ნოემბერი -3796.64 ლარი) ლარის ოდენობით.
3.შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 26 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „მთავარ არხს“ გაეგზავნა შეტყობინება (Nგ-24-03/2972,23/12/2024) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2024 წლის 24 დეკემბერს.
4.2024 წლის 25 დეკემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მთავარი არხის“ იურისტის ლ.მეტრეველის წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5550,25.12.2024), რომლის თანახმად, შპს „მთავარი არხი“ ვერ ახერხებს რეგულირების საფასურის გადახდას შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ, წერილში არნიშნულია, რომ არხის ერთ ერთი დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დორექტორის, გიორგი ქურდაძის და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შექმნილია ხელოვნური ბარიერები, რის გამოც, არხს და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლს (შპს „ნიუ სეულსი“), სადაც აკუმულირდება არხის კუთვნილი ძირითადი შემოსავალი - სარეკლამო რეალიზაციიდან მიღეგული თანხები, დაბლოკილი აქვს ყველა ფინანსური ოპერაციის შესრულება.
5.წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის სექტემბრის თვიდან, ბატონმა გიორგი ქურდაძემ, უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს უკანონოდ ხდება არხის ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტარული ოპერაციების განხორციელება, დაიწყო არხისთვის პრობლემების შექმნა. მან დაბლოკა ისეთი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება, რასაც მანამდე, მისი დანიშვნის პერიოდიდან (2024 წლის მარტი), თავადვე ადასტურებდა. შპს „მთავარი არხის“ წერილის თანახმად, ფინანსური ტრანზაქციების შეჩერება მან მოახერხა სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ეროვნული ბანკის საშუალებით. ეროვნული ბანკის დავალებით, კერძო ბანკები ბლოკავენ არხისთვის საჭირო ყველა ტრანზაქციას. ამ პირობებში, არხი ვერ ახერხებს ვერც რეგულირების საფასურის, ხელფასებისა თუ კომუნალური გადასახადების გადახდასაც კი. ამ ეტაპზე, არხი ახერხებს მაუწყებლობას მხოლოდ ადამიანური რესურსების გმირობის ხარჯზე.
6.შპს „მთავარი არხის“ 2024 წლის 25 დეკემბრის წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საკითხის მოგვარებას „მთავარი არხის“ მენეჯმენტი ცდილობდ პრობლემის შექმნის დღიდან, თუმცა სამწუხაროფ, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება გადაწყვეტა. ამ კრიტიკული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია არხმა გახადა საჯარო და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2024 წლის 11 დეკემბერს (იხ. გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადება - https://mtavari.tv/news/172327-zaza-okuashvilma-gadacqvita-gaaketos-rats-dghes). როგორც წერილშია აღნიშნული, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებმა, გიორგი ქურდაძის უსაფუძვლო განცხადებების საფუძველზე, არხს მოუსპეს ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება, „მთავარი არხისთვის“ შეუძლებელი ხდება რეგულირების საფასურის გადახდა. შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ქურდაძე და სქახელმწიფო სტრუქტურები შეწყვეტენ არხისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას და მისცემენ მედიას შესქაძლებლობას, შეასრულოს ელემენტარული ფინანსური ტრანზაქციები, მაშინ მიეცემათ საშუალება, რომ დაფარონ რეგულირების საფასური. მოთხოვნილია ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღება.
7.კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
8.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
10.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
12.„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
13.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
14.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს;
15.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
16.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2410, 02.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
17.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N24-10-2593,23.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
18.მონაცემები შპს „მთავარი არხის“ შესახებ კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
19.შპს „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (Nგ-24-03/2972, 23/12/2024) კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
20.შპს „მთავარი არხის“ იურისტის ლ.მეტრეველის წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5550, 25.12.2024).
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
21.შპს „მთავარი არხი“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.
22.შპს „მთავარი არხს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 24,846.92 (სექტემბერი-8128.21 ლარი, ოქტომბერი-12921.39 ლარი, ნოემბერი -3796.64 ლარი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N2410-2410, 02.12.2024 და N24-10-2593, 23.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით.
23.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მთავარი არხის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მთავარი არხის“ შესახებ.
3. სამართლებრივი შეფასება
24. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „მთავარი არხი“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
25.განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „მთავარი არხს“ არ გადაუხდია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასური და კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 24,846.92 (სექტემბერი-8128.21ლარი, ოქტომბერი-12921.39 ლარი, ნოემბერი -3796.64 ლარი) ლარის ოდენობით.
26.შესაბამისად, შპს „მთავარი არხის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
27.აღსანიშნავია, რომ შპს „მთავარი არხის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „მთავარ არხს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
28.ამასთან, შპს „მთავარ არხს“ უნდა დაევალოს კომისიაში 24,846.92 ლარის ოდენობით რეგულირების საფასურის დავალიანების გადახდა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98- ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის№12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მთავარ არხს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;
2.შპს „მთავარ არხს“ დაევალოს 2024 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 24,846.92 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მთავარი არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს შპს „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი