შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2024 0:29
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024
შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „ტელეკომპანია დია“
სამართალდარღვევა: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა
წარმოების დაწყების საფუძველი: ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წერილი (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382; 16.12.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი
I.აღწერილობითი ნაწილი
1.ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში „სამსახური“) წერილის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5382;16.12.2024) საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის მიზნით.
2.სამსახურის წერილის მიხედვით, კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის, შპს „ტელეკომპანია დიას“, სამსახურისთვის არ წარუდგინია 2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3.შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 19 დეკემბერი, 15:00 საათი. აღნიშნულის შესახებ შპს „ტელეკომპანია დიას“ გაეგზავნა შეტყობინება (N გ-24-03/2875; 16/12/2024) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.
4. კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი. კომპანიას კომისიის შეტყობინება ჩაბარდა 2024 წლის 18 დეკემბერს. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის დაკისრებული ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე. კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ სამსახურის წარმომადგენლები დ. დათუსანი და გ. ჯმუხაძე.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
5.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.
6.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.
8.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანო განმარტებულია როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო;
9.„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს მიეკუთვნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
10.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სდპ-ის, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა; დ.გ) სდპ-ის შემთხვევაში − მისი მმართველობითი ორგანოს წევრისთვის სდპ-ში ამ კანონით გათვალისწინებული თავისი ფუნქციების შესრულების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა;
11.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით.
12.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 1 თვეზე ნაკლები, სუბიექტის მიერ წერილობითი გაფრთხილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტის დაჯარიმება. სუბიექტის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებისას დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუბიექტისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობის გაორმაგება. სუბიექტის მიერ ზედიზედ ორ საანგარიშგებო პერიოდში ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტისთვის გაორმაგებული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგი დააჯარიმოს აგრეთვე საწარმოს კატეგორიისთვის განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.
13.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
14.სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში შემოსვლის N შ-24-6/5382; 16.12.2024);
15.შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2875; 16/12/2024) კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ.
16.კომისიის მიერ სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება (N გ-24-03/2891; 17/12/2024) კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის შესახებ;
17.შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ კომისიის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საფოსტო უკუგზავნილი NAP02009927061.
18.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ მონაცემები;
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
19.შპს „ტელეკომპანია დია“ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.
მტკიცებულება: მონაცემი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ.
20.შპს „ტელეკომპანია დია“ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო.
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5382; 16.12.2024).
21.შპს „ტელეკომპანია დიას“ სამსახურისთვის 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც გადაწყვეტილების მიღების დღისთვის არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება (2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება).
მტკიცებულება: სამსახურის წერილი კომისიას თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/5382; 16.12.2024).
22.კომისიის შეტყობინება კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე შპს „ტელეკომპანია დიას“ ჩაბარდა 2024 წლის 18 დეკემბერს 11:27 საათზე.
მტკიცებულება: კომისიის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საფოსტო უკუგზავნილი NAP02009927061.
3. სამართლებრივი შეფასება
23."ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ტელეკომპანია დია“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით. ამასთან, შპს „ტელეკომპანია დია“ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტია, შესაბამისად, კომპანიის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე რეაგირებას ახორციელებს კომისია.
24.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ, სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული სუბიექტის კომისიის მიერ სანქცირების საფუძველია.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
25.„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ სანქციის სახით შესაძლოა გამოყენებულ იქნას, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა გამოიწვევს მეოთხე კატეგორიის საწარმოს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სამსახურმა შეიძლება სუბიექტის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს“.
26. ვინაიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი (2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის წარუდგენლობა), კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
27.მასთან, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2.შპს „ტელეკომპანია დიამ“ უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 2023 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგების წარდგენა ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია დიასა“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
7.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი