წვდომის მენიუ

შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 609

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2024 0:53

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024

შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ავტორიზებული პირი: შპს „ტვ სარფი“

სამართალდარღვევა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი: 2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 26 დეკემბერი

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში  „კომისია“) აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის   დეპარტამენტის   მოხსენებითი   და   სამსახურებრივი   ბარათების   (N24-10-2541;17.12.2024; N24-10-2546; 17.12.2024) თანახმად, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტვ სარფი“ სარგებლობს მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემით 2556-2572 მჰც, 2596-2620 მჰც და 2676-2700 მჰც სიხშირულ ზოლებში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. აღნიშნული ქმედება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალდარღვევაა, რის თაობაზეც შპს „ტვ სარფის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004.

2.შპს„ტვ  სარფის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა დაინიშნა 2024 წლის 26 დეკემბერს, რის შესახებაც ავტორიზებულ პირს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/2945; 20.12.2024). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

3.კომისიის  2024  წლის  26  დეკემბრის  სხდომას  ესწრებოდა  შპს  „ტვ  სარფის“  წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობდა ალტერნატიულ სიხშირეზე გადასვლის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ   სიხშირესთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდებოდა.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4.„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

5.საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   კოდექსის   1441     მუხლის   პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა  გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

6.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე   მუხლის   პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი,რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

7.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

8.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

9.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 7 დღის ვადაში, ხოლო კომისიის   2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განხილვა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - 7 დღის ვადაში.

10.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

11.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

12.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

13.კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2541;17.12.2024);

14.2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004;

15.კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N24- 10-2546; 17.12.2024);

16.სპექტრის ანალიზატორის ფოტოსურათი;

17.კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2945; 20.12.2024). და მისი შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

18.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვ სარფის“ შესახებ მონაცემები;

19.შპს „ ტვ სარფის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

20.შპს „ტვ სარფი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17/05.2017; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტვ სარფის“ შესახებ.

21.2024 წლის 16 დეკემბერს კომისიის ოფისში ჩატარდა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „ტვ  სარფი“ სარგებლობს მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემით 2556-2572 მჰც, 2596-2620 მჰც და 2676-2700 მჰც სიხშირულ  ზოლებში  (გადამცემი სადგური განთავსებულია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ქ. თბილისის სატელევიზიო ანძაზე), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. 2024 წლის 16 დეკემბერს, 16:45 საათზე შპს „ტვ სარფის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2541;17.12.2024); 2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N24-10-2546; 17.12.2024); სპექტრის ანალიზატორის ფოტოსურათი;

22.2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაცილი სამართალდარღვევის ოქმი N000004 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა    და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37- ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები გ. წიკლაური და ლ. დემურაძე, ასევე, შპს „ტვ სარფის“ მორიგე ოპერატორი ბ. მოდრეკილაძე.

მტკიცებულება: 2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000004;

3. სამართლებრივი შეფასება

23.ამრიგად,  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომელიც    ითვალისწინებს    პასუხისმგებლობას    ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისთვის.

24. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-2541;17.12.2024; N24-10-2546; 17.12.2024), 2024 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სპექტრის ანალიზატორის მონიტორინგის შედეგების ამსახველი ფოტოსურათის შესწავლის  საფუძველზე დადგენილია, რომ შპს „ტვ სარფი“ სარგებლობდა მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემით 2556-2572 მჰც, 2596-2620 მჰც და 2676-2700 მჰც სიხშირულ ზოლებში (გადამცემი სადგური განთავსებულია შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ქ. თბილისის სატელევიზიო ანძაზე), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. შესაბამისად, შპს „ტვ სარფის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

25.ლიცენზიის გარეშე რადოისიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონი იმპერატიულად ადგენს ჯარიმის ოდენობას და არ ითვალისწინებს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას სამართალდარღვევისთვის სახდელის სახისა და ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით. შესაბამისად, შპს „ტვ სარფს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

26.გარდა ამისა, შპს „ტვ სარფს“ უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ავტორიზებული პირისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ლიცენზიის გარეშე სიხშირული სპექტრით სარგებლობის შეწყვეტა და მომხმარებელთა გაფრთხილება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის, 228-ე, 260-ე და 264-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის, ასევე, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“   85 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „ტვ სარფს“ დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის გამო;

2.შპს „ტვ სარფმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო  ბიუჯეტში  შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით: ხაზინის ერთიანი   ანგარიში, ანგარიშის  ნომერი   - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

3.შპს „ტვ სარფმა“ უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გარეშე სიხშირული სპექტრით სარგებლობის შეწყვეტა და მომხმარებელთა გაფრთხილება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვატ) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;

7.გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი).

8.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები