ინდ. მეწარმე „ზაზა კვეტენაძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-24-18 / 93

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 16:13

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024

ინდ. მეწარმე „ზაზა კვეტენაძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ავტორიზებული პირი: ი/მ „ზაზა კვეტენაძე“

სამართალდარღვევა:  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის  28 ოქტომბრის  N12 დადგენილების  დარღვევა

წარმოების დაწყების  საფუძველი:  კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-251, 01.02.2024 და N24-10359, 13.02.2024)

კომისიის სხდომის თარიღი: - 2024 წლის 22 თებერვალი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N24-10-251, 01.02.2024 და N24-10359, 13.02.2024 ) საფუძველზე კომისიაში  დაიწყო მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ზაზა კვეტენაძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების,  მე-12  მუხლის  მე-4  პუნქტის  და  „რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და   გადახდის   წესის   შესახებ“   კომისიის     2005 წლის     28 ოქტომბრის     N12 დადგენილების  დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი და სამსახურებრივ ბარათებიდან ირკვევა, რომ ი/მ „ზაზა კვეტენაძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების   საფასურის   გაანგარიშებების  (ფორმა 1.9   -   2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა  და  დეკემბრის  თვეების  მონაცემები)  შესაბამისად,  2024 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 103.15 ლარი.

3.ი/მ „ზაზა  კვეტენაძისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განსახილველად კომისიის  სხდომა  გაიმართა    2024 წლის    22 თებერვალს,  რის  შესახებაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს - ი/მ „ზაზა კვეტენაძეს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (Nგ-24-03/454, 19/02/2024). ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

4. კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათიდან (N 24-10-420, 21.02.2024) დამატებით ირკვევა, რომ ი/მ „ზაზა კვეტენაძემ“ დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება 105 ლარის ოდენობით.

5. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ი/მ „ზაზა კვეტენაძე“. კომისიის შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ განიხილა საკითხი ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ დასწრების გარეშე.

II.          მარეგულირებელი კანონმდებლობა

6.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი;

7.    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

8.    „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

9.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა

III.         სამოტივაციო ნაწილი

 1.    შესწავლილი მტკიცებულებები

10.   კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  მოხსენებითი  ბარათი  (N24-10-251, 01.02.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

11.   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   სამსახურებრივი   ბარათი   (N24-10359,   13.02.2024) თანდართული დოკუმენტაციით;

12.  კომისიის შეტყობინება სხდომაზე მოწვევის თაობაზე (Nგ-24-03/454, 19/02/2024);

13. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ შესახებ მონაცემები;

14.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-420, 21.02.2024).

2.    დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

15.  ინდივიდუალური მეწარმე „ზაზა კვეტენაძე“ (ს/ნ 18001029109) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ შესახებ.

16.  ი/მ „ზაზა კვეტენაძეს“ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების (ფორმა 1.9 - 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები) შესაბამისად, 2024 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 103.15 ლარი.

მტკიცებულება:  კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N24-10-251, 01.02.2024 და N24-10359, 13.02.2024 ) თანდართული მასალებით.

17.  ი/მ „ზაზა კვეტენაძემ“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის აღმოფხვრა დარღვევა,  დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება 105 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: კომისიის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი(N 24-10-420, 21.02.2024).

18. ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ შესახებ.

3.    სამართლებრივი შეფასება

19. „ელექტრონული კომუნიკაციები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულია ავტორიზებული პირის ძირითადი ვალდებულებები, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. ასევე, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

20. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია რეგულირების საფასურის ოდენობა, მისი გაანგარიშებისა და წარმოდგენის წესი, ასევე დადგენილია, რომ რეგულირების საფასური ირიცხება კომისიის ანგარიშზე ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით კომისიისთვის   გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას.

21. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა    1.9-ის    (რეგულირების    საფასურის    გაანგარიშების    ფორმა) საშუალებით, ავტორიზებული პირი წარუდგენს კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ვალდებულია, ჩარიცხოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

22. ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  დგინდება,  ი/მ  „ზაზა  კვეტენაძეს“  კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების    (ფორმა 1.9 - 2023 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები) შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 103.15 ლარის ოდენობით. 2024 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით დგინდება, რომ ი/მ „ზაზა კვეტენაძემ“ აღმოფხვრა დარღვევა, დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება 105 ლარის ოდენობით. ვინაიდან, ავტორიზებული პირის მიერ კანონით დადგენილი ვადებში არ იყო გადახდილი რეგულირების საფასური, ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

4.     პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

23. აღსანიშნავია,  რომ  ი/მ  „ზაზა  კვეტენაძის“  მიმართ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის ი/მ „ზაზა კვეტენაძის“ ჩადენილ დარღვევას შეესატყვისება წერილობითი გაფრთხილება.

24. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ი/მ „ზაზა კვეტენაძემ“ გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება სრულად, რითაც აღმოფხვრა დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ ი/მ „ზაზა კვეტენაძე“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

IV.         სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის  2005  წლის  28 ოქტომბრის  №12  დადგენილების  საფუძველზე,  კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი/მ  „ზაზა კვეტენაძე“  ცნობილ  იქნას  სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

2.    ი/მ „ზაზა კვეტენაძე“  გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების  ი/მ  „ზაზა კვეტენაძისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ი/მ „ზაზა კვეტენაძისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ი/მ „ზაზა კვეტენაძისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.    დაევალოს   კომისიის   აპარატის   იურიდიულ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)   ი/მ   „ზაზა კვეტენაძის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების   თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7.    გადაწყვეტილების  შესრულებაზე  კონტროლი  (გარდა  სარეზოლუციო  ნაწილის  მე-6 პუნქტისა)  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები