საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის N23-11/509 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 216

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2024 12:02

მიღების თარიღი მაისი 02, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის N23-11/509 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2024 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა შპს „რეტნ ჯიმ“ (ს/კ  404582340) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/2132, 25.04.2024), კომისიის მიერ 2023 წლის 2 ნოემბრის Nგ-23- 11/509 გადაწყვეტილებით შპს „რეტნ ჯი“-ს (ს/კ 404582340) 100%-იანი წილის მფლობელი შპს „რენტ კაპიტალის“ (6967S55, რეგისტრაციის ქვეყანა დიდი  ბრიტანეთი)  მიერ  წილის  სრულად  შპს   „RETN Networks“-ზე    (14786486, დიდი ბრიტანეთი) გასხვისებაზე გაცემული თანხმობის მოქმედების 6 თვიანი ვადის დამატებით 2 თვით გაგრძელების თხოვნით.

კომპანიის განცხადებით უცხოელი პარტნიორების მონაწილეობის გამო წილის გასხვისება დროში გაიწელა, იურიდიული    პროცედურების    დასასრულებლად    და    შესაბამისი    დოკუმენტების შესაგროვებლად კომპანიას დასჭირდა მეტი ვადა, შესაბამისად, აქვთ საჭიროება კომისიის მიერ გაცემული თანხმობის ვადა გახანგრძლივდეს.

2023 წლის 2 ნოემბრის N23-11/509 გადაწყვეტილებაში კომისიამ მიუთითა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე,  ძალაში  დარჩეს    6 (ექვსი)  თვის  განმავლობაში.  ეს  არის  სავარაუდოდ  ის გონივრული ვადა,  რა  დროშიც  შეიძლება  შეიცვალოს  ბაზრის  კონიუნქტურა,  ავტორიზებული პირების ხვედრითი  საბაზრო  წილები  და  ა.შ.  აღნიშნულ  ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

კომისიამ განიხილა   N23-11/509 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული   6 თვიანი  ვადის  გაზრდის შესაძლებლობა და ამ მიზნით შეაფასა, ხომ არ არის არსებითად შეცვლილი ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

კომისია აღნიშნავს, რომ  2023 წლის ნოემბრიდან  2024 წლის მარტის ჩათვლით შპს ,,რეტნ ჯი”-ს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობების ნუსხაში ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომისიას არც სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულებასთან    დაკავშირებით    ცვლილების    შესახებ    მიუღია ინფორმაცია.

ასევე, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად,  შპს „რეტნ ჯი“-ს საბაზრო წილებს შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. კერძოდ, 2023 წელთან შედარებით ინტერნეტ მომსახურებიდან შემოსავლის წილი გაიზარდა 0,12%-ით, ხოლო აბონენტების რაოდენობის კუთხით წილი გაიზარდა 0,008%-ით: 

2024 წლის პირველი კვარტალი

შპს "რეტნ ჯი"

შემოსავალი VPN ქსელებით მომსახურებიდან

95,305

შემოსავალი ინტერნეტით მომსახურებიდან  (ლარი, დღგ-ს გარეშე)

26,937

აბონენტების რაოდენობა

5

VPN ქსელებით მომსახურებიდან შემოსავლის წილი მომსახურების შესაბამის სეგმენტზე

 

5%

ინტერნეტ  მომსახურების  აბონენტებისაგან  მიღებული  შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

 

0.15%

აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

0.009%


ზემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კომისია მიიჩნევს, რომ N23-11/509 გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდში შპს ,,რეტნ ჯი“- ის საბაზრო პოზიციონირება ფაქტიურად არ შეცვლილა, არც შემოსავლების და არც აბონენტების კუთხით. ამასთან აღსანიშნავია, რომ არც ბაზრის კონიუქტურის ცვლილებას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, არ არსებობს კომისიის მიერ 2023 წლის 2 ნოემბერს მიღებული N23- 11/509 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული, კომისიის მიერ გაცემული თანხმობის 6 (ექვსი) თვიანი ვადის 2 (ორი) თვით გაგრძელების ხელისშემშლელი წინაპირობები. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 2 ნოემბრის N23- 11/509 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 8 (რვა) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;“

2.  განემარტოს შპს „რეტნ ჯის“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რეტნ ჯისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

4.    გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „რეტნ ჯისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები