„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2024 15:52
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2024
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წარმოების დაწყების საფუძველი: კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვა (N 24-10-1833 –20.09.2024), სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-1892; 25.09.2022).
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომუნიკაციების კომისია”) 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია კომუნიკაციების კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილების შესაბამისად, კომისიასთან მოქმედებს კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებელი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომელიც 5 საშტატო ერთეულითაა ჩამოყალიბებული: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (1 პოზიცია) და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეები (4 პოზიცია).
3. 2024 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდგომი 5 წლის ვადით, არჩეულ იქნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.
4. სამსახურის ეფექტიანობის გაზრდისათვის, დამცველის მიერ გამოიკვეთა საკითხი, რომელიც საჭიროებს ახლებურად განსაზღვრას და შესაბამის ცვლილებებს საშტატო ნუსხაშიც.
5. მომხმარებელთა ინტერესების დამცველის მიმართვაში (N24-10-1833–20.09.2024) წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამცველის სამსახურის სამუშაო დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში.
2019 წლიდან დღემდე, სამსახურში დაფიქსირებული მომართვიანობა ყოველწლიურად ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას. სამსახური ინდივიდუალური მომხმარებლის საჩივარზე დაწყებულ საქმისწარმოებებთან ერთად, მუშაობს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის პერმანენტულ მონიტორინგზე, სხვადასხვა კვლევის წარმოებაზე, უწყებათაშორის აქტივობებზე და სხვ. რის საფუძველზეც, მიზანშეწონილია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს დაემატოს 1 თანაშემწის პოზიცია (რანგის გარეშე). ზემოაღნიშნული საქმიანობებიდან გამომდინარე, თანაშემწეთა ფუნქცია-მოვალეობები მიზანშეწონილია გაიმიჯნოს და გადანაწილდეს ძირითადად ორი მიმართულებით - სამართლებრივი და საორგანიზაციო მიმართულებებით.
6. კომისიის შიდა ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებისა და კანონით დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შრომითი ფუნქციების ახლებურად განაწილების საჭიროება გამოიკვეთა კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტშიც.
7. სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, შედგება სამი ჯგუფისაგან - დაგეგმვის, ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის ჯგუფებისგან. დაგეგმვის ჯგუფი დაკომპლექტებულია 4 პოზიციით - ჯგუფის უფროსი, სიხშირული სპექტრის წამყვანი ანალიტიკოსი, დაგეგმვისა და კოორდინაციის წამყვანი სპეციალისტი და ბაზების მართვის წამყვანი სპეციალისტი.
8. სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათში (NN 24-10-1892; 25.09.2022;) მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, დაგეგმვის ჯგუფის წინაშე მდგარი ამოცანების (რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების თაობაზე ტექნიკური პირობების განსაზღვრა, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების გლობალური და რეგიონალური ტენდენციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა, საჭირო კვლევების დაგეგმვა და წარმოება, სპექტრის გამოყენების რეგულაციების დახვეწა, ზონალური დანაწილების გეგმის, დაფარვის რუკების მომზადება და სხვ.), ჩატარებული სამუშაოების ანალიზისა და იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შექმნასა და მართვას აღარ ახორციელებს აღნიშნული სტრუქტურული ერთეული, მიზანშეწონილია ბაზების მართვის წამყვანი სპეციალისტის პოზიციის გაუქმება და ,,დაგეგმვის ჯგუფის მთავარი სპეციალისტის“ პოზიციის დამატება, რანგით E3 - მთავარი სპეციალისტი.
9. სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსენებით ბარათში (N24-10-1892; 25.09.2022;) მითითებული არგუმენტაცია ტექნოლოგიების ჯგუფში საჭირო ცვლილებასთან დაკავშირებითაც. ტექნოლოგიების ჯგუფი კომისიის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, დაკომპლექტებულია 3 პოზიციით - ჯგუფის უფროსი, ნუმერაციის რესურსის მართვის მთავარი სპეციალისტი და ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი. ტექნოლოგიების ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული გარკვეული პროცესების ავტომატიზაციამ განაპირობა ნუმერაციის რესურსის მართვის სპეციალისტის პოზიციისათვის განსაზღვრული ფუნქციების რუტინული ხასიათი და სირთულის დონის შემცირება. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული პოზიციისათვის რანგის ცვლილება და ნაცვლად მთავარი სპეციალისტის რანგისა წამყვანი სპეციალისტის რანგით ჩამოყალიბება.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
III. სამოტივაციო ნაწილი
12. კომისიამ, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 - მე-9 პუნქტებში ხსნებული არგუმენტების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა: 1. კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში თანაშემწის 1 საშტატო ერთეულის დამატება; 2. სპექტრისა და ტექნოლოგების დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფში ბაზების მართვის წამყვანი სპეციალისტის პოზიციის გაუქმება და მთავარი სპეციალისტის დამატება; 3. სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნოლოგიების ჯგუფში ნუმერაციის რესურსის მართვის სპეციალისტის პოზიციისათვის რანგის ცვლილება და წამყვანი სპეციალისტის (E4) რანგით ჩამოყალიბება.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხა“ (დანართი №2) დამტკიცდეს თანდართული ფორმით;
2. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2024 წლის 1 ოქტომბრიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს. კაციტაძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
