წვდომის მენიუ

,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-19 / 460

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 19:12

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2024

,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვის შესახებ

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის  თანახმად,  ,,კომისიის  ძირითად  ამოცანას  წარმოადგენს  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება“, მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი“, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ- ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება“.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების (შემდგომში-პროცედურები) საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 22 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება Nგ-24-23/379 ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9  გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“.

,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილებით რეგულაციას  დაექვემდებარა  ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი და მასზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად განისაზღვრნენ შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“, რომლებსაც, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: ,,ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული ,,ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა. ანგარიშში განცალკევებული უნდა იყოს ფიზიკური/იურიდიული პირების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურების ყოველწლიური შემოსავლები და დანახარჯები“.

კომისიამ, ხელახლა განახორციელა 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილებით რეგულირებას დაქვემდებარებული   ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა  აღნიშნული საცალო ბაზარი და მასზე გამოვლენილი კონკურენტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით 2024 წლის 8 აგვისტოს მიღებული Nგ-24-9/361 გადაწყვეტილებით ,,ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ”,   განსაზღვრა მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამის საბითუმო სეგმენტზე, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების მომსახურებას.

კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაწესდეს უპირატესად საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და მხოლოდ იმ ბაზრის მხოლოდ იმ სეგმენტებზე, რომლებიც არ ხასიათდება კონკურენციის ეფექტიანი დონით“, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ,,საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები ვერ უზრუნველყოფს საცალო ბაზრის სეგმენტზე ეფექტიან კონკურენციას“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს Nგ-24-9/361 გადაწყვეტილების ფარგლებში შესწავლილი ბაზარი ერთი მხრივ სრულად მოიცავს 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილებით რეგულირებას დაქვემდებარებული ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტს, ხოლო მეორე მხრივ Nგ-24-9/361 გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრული მარეგულირებელი ჩარჩო დაწესდა იმ საბითუმო სეგმენტზე, რომელიც საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც ეს ასახულია პროცედურების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, აღნიშნული ქმნის საკმარის საფუძველს ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  კომისიის  2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილება ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”.

სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების, მე-20-მუხლის, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის“, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის  №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების  მარეგულირებელი წესის“ მე-9 მუხლისა და საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე - 63-ე მუხლების, VII და IX თავების შესაბამისად,

გადაწყვიტა

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს     კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2019 წლის 30 აპრილის N266/9  გადაწყვეტილება.

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

3. გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   N64)   გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის შპს ,,მაგთიკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

ვახტანგ  აბაშიძე            თავმჯდომარე  - მ.შ.

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები