საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-19 / 61

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2024 12:55

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში ცვლილების შეტანის თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1. 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი 2482-Xრს-Xმპ, გამოქვეყნების თარიღი 30/12/2022). შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის (რომელიც შესწორდა 2018/1808/EU დირექტივით) შესაბამისად შევიდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. დასახელებული კანონით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის რეგულირებას დაექვემდებარა მომსახურების ახალი სახეები - გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება.

2. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ22“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძახებით აუდიოვიზუალური  მედიამომსახურება    განმარტებულია  როგორც „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეულ დროს“.

3. კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე კომისიამ 2023 წლის 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება №გ-23-22/40 „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის განცხადებების და შესაბამისობის დეკლარაციის ფორმების დამტკიცებისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მოდიფიცირების თაობაზე“. დღეის მდგომარეობით აღნიშული მომსახურება ექვემდებარება ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის  ავტორიზაციისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის გზით. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

II. სამოტივაციო ნაწილი

1. კომისია აღნიშნავს რომ დღეის მდგომარეობით მოქმედ დეკლარაციაში, ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში მითითებულია-„B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)“, რაც შესაცვლელია ვინაიდან აღნიშული მომსახურება ექვემდებარება ავტორიზაციას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად მიზანშეწონილია B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების (video on demand) ნაცვლად ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში მიეთითოს „გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა“, ვინაიდან შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირმა მოახდინოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდება საკუთარი აბონენტებისთვის ისე რომ იგი თავად არ იყოს პასუხისმგებელი მიწოდებულ კონტენტზე. როგორც აღინიშნა, თავად გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება წარმოდგენს მედიამომსახურების სფეროში ავტორიზებად საქმიანობას, ხოლო აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭიროა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ავტორიზაცია. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ უნდა განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში და ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურების (video on demand) ნაცვლად ჩაიწეროს გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების უზრუნველყოფა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება კომისიის 2005 წლის 17 ივნისის № 408/21 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმებში და აღნიშნული ფორმები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 1):

2. წინამდებარე გადაწყვეტილების   დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ფორმებში განსაზღვრული ინფორმაცია აისახოს კომისიის მიერ წარმოებულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (დ. ოდიშარია) ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ფორმებში  განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა კომისიის მიერ წარმოებულ ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

5. დაევალოს   კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას  (ო. ვოტ):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გამოძახებითი აუდიო-ვიზუალურ მომსახურებაზე (video on demand) ავტორიზებული პირებისთვის გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი კომისიის ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნების მომენტიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი);

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები