წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-2 / 542

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2024 11:49

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2024

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კომისიის სხდომის თარიღი: 28.11.2024წ.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 22 ოქტომბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომმა“ და შპს „სელფი მობაილმა (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/4618) 800 მჰც დიაპაზონში სიხშირეთა მიმდევრობითი გადანაწილების უზრუნველყოფის მიზნით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირება თაობაზე. კერძოდ კომპანიები ითხოვენ ლიცენზიების იმგვარად მოდიფიცირებას, რომ შპს „სელფი მობაილს“ სარგებლობაში განესაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრი: 811-821 მჰც და 852-862 მჰც (სულ 20 (2x10) მჰც), ხოლო შპს "მაგთიკომის" სარგებლობაში იყოს 801-811 მჰც და 842-852 მჰც (სულ 20 (2x10) მჰც) რადიოსიხშირული სპექტრი. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული მე-4 თაობის LTE ტექნოლოგიაში გადამტანი სიხშირის (Carrier) ზოლის სიდიდე (Bandwidth) პირდაპირ დამოკიდებულებაშია მობილური ქსელის ხარისხთან, როგორიცაა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე (Data Throughput), დაყოვნება (Latency) და საბაზო სადგურის (ფიჭის) გამტარუნარიანობა. რაც უფრო დიდია ზოლის სიგანე, დროის ერთეულში მით მეტი მონაცემის გადაცემის შესაძლებლობა არსებობს რადიო ეთერის საშუალებით. ორი ცალკე მდგომი (ფრაგმენტირებული) 5 მჰც-იანი გადამტანის შემთხვევაში სერვისის ხარისხი მკვეთრად უარესდება. რთულდება მომხმარებლების ორ დამოუკიდებელ გადამტანს შორის დინამიური გადანაწილება, რათა თავიდან იყოს აცილებული ფიჭაზე მოსული გადატვირთვები მათი სიმრავლის დროს. მოცემულ დიაპაზონში 2x5 მჰც-იანი სიხშირული ბლოკების უწყვეტი, მიმდევრობითი განაწილება სიხშირული რესურსის ეფექტური გამოყენების აუცილებელი პირობაა, რაც პირდაპირ აისახება სერვისის ხარისხზე და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფიჭაზე მოსულ გადატვირთვებს მომხმარებელთა სიმრავლის დროს, ასევე გადამტანი არხების ქსელური მართვის კომპლექსურობას.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სელფი მობაილი“ 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზიას რომელიც მოიცავს შემდეგ სიხშირულ რესურსს: 806 -816 მჰც და 847 -857 მჰც (სულ 20 (2x 10) მჰც). ხოლო შპს “მაგთიკომი” კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F113 ლიცენზიას, რომელიც მოიცავს შემდეგ სიხშირულ რესურსს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 816-821 მჰც (Up-link) და 857-862 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია. შესაბამისად კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის №გ-24-23/492 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 28 ნოემბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენლები. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომპანიების მოთხოვნა ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე დასაბუთებულია და სპექტრის უწყვეტობის და თანმიმდევრულობის პრინციპის გათვალისწინებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის  საფუძველზე  შესაძლებელია  განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 და №F113 ლიცენზიების მოდიფიცირება   და კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 და 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2024 წლის 28 ნოემბრის კომისიის ძირითადი სხდომა დაასახელა.

კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ და შპს „სელფი მობაილის“ წარმომადგენლები. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელების მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად,

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად,

გადაწყვიტა:

1.მოდიფიცირდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F113 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის №გ-24-1/466 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 806-811მჰც (Down-link) და 847-852 მჰც (Up-link) რესურსის ფარგლებში;

2. მოდიფიცირდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F97 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება  კომისიის 2015 წლის 29 იანვრის №56/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: რადიოსიხშირული სპექტრი: 811 -821  მჰც  და 852 -862  მჰც (სულ 20 (2x 10)  მჰც);

2.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „მაგთიკომისთვის“ და შპს „სელფი მობაილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები