წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: გ-24-20 / 540

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2024 13:06

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2024

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნვას, რომ 2024 წლის 31 ოქტომბერს შპს “მაგთიკომის” მიერ NED 24/10/31-035 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/4712, კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 31.10.2024) წერილის დანართის სახით GIS ფორმატში წარმოდგენილ იქნა კომისიის მიერ 2024 წლის 17 ოქტომბერს       Nგ-24-08/2359 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და იმავე წერილში მიუთითა რომ,   დანართში ასახული ინფორმაცია მოიცავს შპს "მაგთიკომის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დეტალურ ტოპოლოგიას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად კომისიას მიმართა თხოვნით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272  მუხლის თანახმად, წინამდებარე წერილის დანართის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია ცნოს კომერციულ საიდუმლოებად.

შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საწყისი და ბოლო წერტილების შესაბამისი მდებარეობა(უმეტეს შემთხვევებში ზუსტი მისამართის მითითებით), აღნიშნული წერტილების დამაკავშირებელი კაბელების სიგრძეები, მათი რაოდენობა და შესაბამისი მარშრუტები(კაბელის გეოგრაფიული განლაგების კოორდინატები, დატანილი რუქაზე).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინფრასტრუქტურის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; ხოლო თავის მხრივ დაშვება ამავე კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებულია როგორც - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: 

რ.ა)ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას; 

რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას; 

რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას; 

რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; 

რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; 

რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “მაგთიკომი” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე, მათ შორის საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის, გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის და ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების საბითუმო ბაზრის    სეგმენტებზე, რომელთა ფარგლებში მასზე სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად დაკისრებულია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ განიხილა შპს “მაგთიკომის” მიერ 2024 წლის 31 ოქტომბრის წერილის დანართით წარმოდგენილი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ შპს “მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ზოგად ინფორმაციას, რომელთა ერთობლიობა გაანალიზების და ქსელის სხვა ელემენტების მონაცემებთან გაერთიანების შემთხვევაშიც კი საშუალებას არ იძლევა დადგინდეს შპს “მაგთიკომის” ქსელის აგებულების ლოგიკა და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლის გამჟღავნება ზიანს მიაყენებს შპს “მაგთიკომის” კონკურენტუნარიანობას. ამასთან წარმოდგენილი მონაცემების ძირითადი ნაწილს (გარდა ქსელის მარშრუტებისა) შპს “მაგთიკომი” ყოველთვიურად წარმოადგენს კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

აღსანიშნავია, რომ კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს №გ-20-20/645 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული არგუმენტაციით, ასევე უარი ეთქვა შპს “მაგთიკომს” ანალოგიური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს “მაგთიკომის” მოთხოვნას დაშვების წერტილების დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების სიგრძეების გადამოწმების მიზნით გამოთხოვილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 -ე, 53-ე, 95-ე - 99-ე მუხლების და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭირსყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.არ  დაკმაყოფილდეს  შპს  “მაგთიკომის”  2024  წლის  31  ოქტომბრის  წერილში  ასახული მოთხოვნა (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/4712,თარიღი: 31.10.2024) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს ღიად.

2.შპს “ მაგთიკომის” 2024 წლის 31 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/4712) წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ იქნეს ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს “მაგთიკომმა” ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის   მე-5 პუნქტით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა წინამდებარე გადაწყვეტილება.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “მაგთიკომისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „მაგთიკომმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები