შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-24-20 / 80

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2024 16:08

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2024

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა, თამთა ტეფნაძემ, 2024 წლის 5 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/534), დანართის სახით, წარმოადგინა მის მიერ 2023 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიმართა კომისიას თხოვნით, სცნოს ის კომერციულ საიდუმლოებად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020  წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებით შპს„კავკასუს ონლაინის“ (ს/კ211380833) სპეციალურ მმართველს დაევალა სამ თვეში ერთხელ კომისიისთვის მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის N გ21-22/440 გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა თამთა ტეფნაძე.

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა 2024 წლის 5 თებერვლის წერილით მოითხოვა კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი მის მიერ ამავე წერილით (დანართის სახით) წარმოდგენილი ანგარიში, ვინაიდან მასში მოცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესისა და მენეჯმენტის მხრიდან კორპორატიული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას და ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-

3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც  დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობას შეიძლება ზიანი მიაყენოს სპეციალური მმართველის ანგარიშში მოცემული იმ ინფორმაციის გამჟღავნებამ, რომელიც შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, დოკუმენტებსა და ფინანსურ ოპერაციებს, რომელიც მოცემულია სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პირველი თავის („განხორციელებული აქტივობები“) მეოთხე, მერვე, მეცხრე და მეათე აბზაცებში. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი შპს

„კავკასუს ონლაინის“ სამომავლო, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, რაც ხელს შეუშლის კომპანიის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

რაც შეეხება ანგარიშის დანარჩენ ნაწილს, გარდა პირველი თავის („განხორციელებული აქტივობები“) მეოთხე, მერვე, მეცხრე და მეათე აბზაცებისა, აღწერს სპეციალური მმართველის საქმიანობის ზოგადი ხასიათის საკითხებს და არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და მისი გამჟღავნება არ გამოიწვევს შპს „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტუნარიანობის შეზღუდვას.

რაც შეეხება სპეციალური მმართველის ანგარიშის პირველი თავის („განხორციელებული აქტივობები“) მე-3 აბზაცში მოცემული ინფორმაცია გაფორმებული დოკუმენტების შესახებ, შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებსაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები, მათ შორის, შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენენ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში (კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების საფუძველზე) და ღიაა - არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2024 წლის 5 თებერვლის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/534) დანართად წარმოდგენილი ანგარიშის პირველი თავის („განხორციელებული აქტივობები“) მეოთხე, მერვე, მეცხრე და მეათე აბზაცები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის 2003 წლის 27 ივნისის№1  დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2024 წლის 5 თებერვლის წერილის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/534) დანართად წარმოდგენილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პირველი თავის („განხორციელებული აქტივობები“) მეოთხე, მერვე, მეცხრე და მეათე აბზაცები.

2. შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ 2024 წლის 5 თებერვლის Nშ-24-6/534 წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლით განსაზღვრული ინფორმაციისა, მიჩნეულ იქნას ღიად.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს„კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

6.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს„კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-4 პუნქტები  შეიძლება გასაჩივრდეს შპს„კავკასუს ონლაინის“ მიერ, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „კავკასუს ონლაინმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები