საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-24-21 / 48

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2024 14:25

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

2014 წელს საქართველომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომში - „გაერო“) კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა, რითიც, ერთი მხრივ, ქვეყანამ აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, იკისრა რიგი ვალდებულებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისა და გაძლიერების გზით, ისე შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამრღვევი პრაქტიკის შეცვლით.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ასევე, მხარი დაუჭირა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირებას. აღნიშნული ოქმით სახელმწიფო მხარე აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის კომპეტენციას, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, მიიღოს და განიხილოს იმ პირების ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით წარდგენილი შეტყობინებები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი არიან სახელმწიფო მხარის მიერ კონვენციის დებულებების დარღვევის მსხვერპლნი.

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ გარანტიებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული კანონის მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში  „შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა უფლებების  შესახებ“ გაეროს  კონვენციის  ძირითადი  პრინციპებისა  და ღირებულებების  ასახვაა.  ამისათვის

კანონი ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში - კომისია) მიმართებით.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მთელ რიგ ვალდებულებებს. კერძოდ, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია უზრუნველყოს: არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თავისი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით.

კომისიამ, აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით და განახორციელოს მისი შესრულების ზედამხედველობა. ადმინისტრაციული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; უზრუნველყოს შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო ასევე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყოს მათ იმპლემენტაციას. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ასევე საქართველოს მთავრობის 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ კომისიას 2021 წლის 22 აპრილის N გ-21-21/240, 2022 წლის 24 თებერვლის N გ-22-21/93 და 2023 წლის 6 აპრილის N გ-23-21/160 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული  აქვს  შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა  უფლებების  დაცვის 2021, 2022 და 2023 წლის სამოქმედო გეგმები და შესრულებული აქვს აღნიშნული გეგმებით გათვალისწინებული ყველა მიზანი. შესაბამისად, ვინაიდან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  უფლებების შესახებ“  გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა შესასრულებლად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა დგება ყოველწლიურად, კომისიამ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა უკვე 2024 წლისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, 2024 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა 2024 წლისთვის“ (დანართი N1).

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები