წვდომის მენიუ

ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-24-21 / 571

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2024 16:21

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2024

ერთიანი საინფორმაციო  პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

1.2023 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ (შემდგომში „კანონი“). კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) დაევალა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა და ამ პლატფორმის ადმინისტრირების წესის დადგენა.

2.აღნიშნული კანონის შესაბამისად კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა და 2024 წლის 27 ივნისის №8 დადგენილებით დაამტკიცა „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი“.

3.კომისიის 2024 წლის 27 ივნისის №8  დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-2 მუხლის პირველი  პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია არის პლატფორმით სარგებლობის, ფუნქციების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალური წესები, რომლებიც მიიღება კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

4.„ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის დეტალური პროცედურა განისაზღვრება პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციით,  ხოლო მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად,  ფიზიკური  ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დეტალური პროცედურა განისაზღვრება პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციაში.

5.„ერთიანი  საინფორმაციო პლატფორმის  ადმინისტრირების წესში“ განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად მომზადებულ იქნა „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციის“ პროექტი.

6.პროექტის  მომზადების პროცესში შესწავლილი იქნა ევროპული ქვეყნების, მათ შორის პორტუგალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის გამოცდილება და გათვალისწინებული იქნა საქართველოსთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

7.პირველადი პროექტი გაზიარებული იყო ინფრასტრუქტურის ოპერატორებთან 2024 წლის 3 სექტემბერს, რის შემდეგაც ჩატარდა ერთობლივი, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები სატელეკომუნიკაციო დარგისა და სხვა უწყებების ( „ენერგო-პრო ჯორჯია“, თბილისი მერია) წარმომადგენლებთან. მიღებული წერილობითი და ზეპირი შენიშვნები/რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა და განახლებული პროექტიც ასევე იყო გაზიარებული დაინტერესებულ პირებთან.

8.პროექტზე მუშობის დროს კომისია აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან“ მის მიერ შემუშავებული საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის და მისამართების კლასიფიკატორების გათვალისწინების მიზნით.

9.„ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია“ დეტალურად აღწერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის №8 დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესით“ განსაზღვრული პლატფორმით სარგებლობის, ფუნქციების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალურ წესს.

10.ერთიანი საინფორმაციო პლატფორმისთვის ინფორმაციის მიწოდების და  განთავსების მიზნებიდან გამომდინარე „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. კერძოდ, „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია“ განსაზღვრავს, თუ როგორი სახით უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია პლატფორმას ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტებსა და დაგეგმილი საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ. ასევე, აღწერს პლატფორმაზე რეგისტრაციის წესს, პლატფორმისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და რედაქტირების ფუნქციონალურ მხარეს და პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციასთან წვდომის ფუნქციონალურ მხარეს. ინსტრუქცია ასევე აღწერს პლატფორმაზე განთავსებულ ნებართვების/თანხმობების მოპოვების წესებთან და პროცედურებთან წვდომის და ნებართვის მოპოვების მიზნით განაცხადის წარდგენის საკითხებს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

11.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

12.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

13.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისი N8 დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-2 მუხლის „ვ“  ქვეპუნქტის  თანახმად, პლატფორმის მომხმარებლის   ინსტრუქცია არის პლატფორმით  სარგებლობის, ფუნქციების, მათ  შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალური წესები, რომლებიც მიიღება კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით;

14.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისი N8 დადგენილებით დამტკიცებული  „ერთიანი  საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პლატფორმაზე რეგისტრაციისათვის დეტალური პროცედურა განისაზღვრება პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქციით;

15.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისი N8 დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის და საზოგადოებრივი  დანიშნულების  სამშენებლო  სამუშაოების  შესახებ  ინფორმაციის მიწოდების დეტალური    პროცედურა    განისაზღვრება    პლატფორმის    მომხმარებლის ინსტრუქციაში.

16.საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 76-ე  მუხლის პირველი  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება–გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

III. სამოტივაციო ნაწილი

17.კომისიის 2024  წლის 27  ივნისის  №8  დადგენილებით    დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესით“ განისაზღვრა, რომ კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის    ინსტრუქციას“,    რაც    უნდა    მოიცავდეს პლატფორმით    სარგებლობის, ფუნქციების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალური წესებს.

18.ამდენად, კომისიის მიერ მიღებულ უნდა იქნას „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია“, რომელიც დეტალურად აღწერს საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის №8 დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესით“ განსაზღვრულ პლატფორმით სარგებლობის, ფუნქციების, მათ შორის ინფორმაციის მიწოდების, განთავსების და მასთან წვდომის დეტალურ წესს,  ითვალისწინებდეს პლატფორმაზე რეგისტრაციას, პლატფორმისთვის ინფორმაციის მიწოდებას და პლატფორმაზე ინფორმაცის განთავსებისა და მასთან წვდომის წესებს.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, VII თავის,  “ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მომხმარებლის ინსტრუქცია (დანართი N1);

2.დაევალოს კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა სარეზოლუცი  ნაწილის პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ);

6.კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები