ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესების დატკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-21 / 83

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 13:02

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024

ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესების დატკიცების შესახებ

 კომისიის სხდომის თარიღი: 22.02.2024

 I. აღწერილობითი ნაწილი

1. 2024 წლის პირველი მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების უმეტესი ნაწილი. ახალი კანონი ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მყარ გარანტიებს და ასევე, ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განსახორციელებლად პროცედურული ხასიათის დოკუმენტების შემუშავების ვალდებულებას.

2. კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვიდეომონიტორინგის/აუდიომონიტორინგის განსახორციელებლად დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად წერილობით განსაზღვროს ვიდეო/აუდიო მონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ვიდეო/აუდიო მონიტორინგის ხანგრძლივობა და ვიდეო/აუდიო ჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეო/აუდიო ჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.

3. ამდენად, კომისია ვალდებულია, 2024 წლის პირველ მარტამდე შეიმუშავოს ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი.

II.   სამოტივაციო ნაწილი

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება“.

5. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია და მიიღება „ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის“.

6. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვიდეო/აუდიო მონიტორინგის წესები ადგენს ქცევის ზოგად წესებს და მისი მიღება მიზანშეწონილია, მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

7. ამდენად, გადაწყვეტილების დანართის სახით, წარმოდგენილია ვიდეო/აუდიმონიტორინგის განხორციელების წესი, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების ზოგად დებულებებს,   ფორმას,  მიზანს  და  მოცულობას, ტექნიკურ მახასიათებლებს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებს.

8. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიდეომონიტორინგი არის „საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა)“. ამავე მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი კი ადგენს აუდიომონიტორინგის ცნებას და, ვიდეომონიტორინგისგან განსხვავებით, ამ კატეგორიაში აქცევს ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავებას.

9. ამდენად, გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილი წესი ცალ-ცალკე ქვეთავის სახით ითვალისწინებს ვიდეომონიტორინგის, აუდიომონიტორინგის და აუდიო/ვიდეო მონიტორინგის (რომელიც შეიცავს როგორც ვიზუალურ, ასევე, ხმოვან მონაცემს) მარეგულირებელ ნორმებს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-11 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.დამტკიცდეს „ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესები” თანდართული სახით.

2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):

ა)გადაწყვეტილების კომისიის დასაქმებულთათვის გაცნობა;

ბ)გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.2024 წლის პირველ ივნისამდე, გადაწყვეტილების პირველი  მუხლით  დამტკიცებული „ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესებით” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

5.გადაწყვეტილება, გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

6.გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს 2024 წლის პირველი მარტიდან.

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები