სს „საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ნომერი: გ-24-22 / 122

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2024 15:52

მიღების თარიღი თებერვალი 29, 2024

სს „საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ, კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის  6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების, ასევე, ამ  გადაწყვეტილებაში 2019 წლის 18 აპრილს N235/19 გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილების  თანახმად, გამოყოფილი არხებით  მომსახურების მაგისტრალურ/ძირითად („Trunk”) და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „დელტაკომს“, შპს„რკინიგზის ტელეკომს“,  შპს „ოპტიკურ  ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის  ქსელ-ფოპტნეტს“,  სს„საქართველოს რკინიგზას“, და შპს „პისი მაქსს“, ამ გადაწყვეტილებით დაეკისრათ შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენა.

კომუნიკაციების კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით  დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და  დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო  წლის  შემოსავლებისა  და  ხარჯების  განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომუნიკაციების კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში, არაუგვიანეს 1 ივლისამდე, ხოლო ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვეში უნდა გამოაქვეყნოს სააღრიცხვო პოლიტიკის საჯარო (გამოსაქვეყნებელი) ვერსია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2024 წლის 13 თებერვალს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „ვორლდ   ბიზნეს სოლუშენის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/691). წერილში კომპანია განმარტავს, რომ სს„საქართველოს რკინიგზის“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების განმახორციელებელი შიდა სტრუქტურული ერთეული-საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტო, არც საცალო და არც საბითუმო ბაზარზე არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, სააგენტო ორიენტირებულია   მხოლოდ სს„საქართველოს რკინიგზის“, როგორც სატრანსპორტო გადაზიდვების სუბიექტის - საქართველოს რკინიგზის შიდა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე. ასევე,  კომპანიის   განმარტებით, სს„საქართველოს რკინიგზას“  არ  გააჩნია  თავისუფალი რესურსები  და  შესაბამისად,  ტექნიკური შესაძლებლობები ამ სეგმენტზე მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიას.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიას მიაჩნია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით სატელეკომუნიკაციო სეგმენტის ოპერატორს, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, შესაბამისად კომპანია კომუნიკაციების კომისიას მიმართავს თხოვნით სს „საქართველოს რკინიგზას“ მოეხსნას შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ თანახმაა, კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინოს ფასს სტანდარტებით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში და მოახდინოს მაგისტრალური/ძირითად (Trunk) ქსელთან დაშვების საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გამოყოფა.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები”. კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა სს„საქართველოს რკინიგზის“ მიერ წარმოდგენილი 2022 წლის და 2021 წლის დანახარჯების და შემოსავლების  განცალკავებული  ანგარიშის  აუდირებული ვერსია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა რეგულირებადი ბაზრიდან 2022 წელს შეადგინა 12,198.42 ლარი (აღნიშნული შემოსავლები სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო ერთი ავტორიზებული პირისგან, რეგულირებად ბაზარზე მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის იჯარიდან. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა 2023 წელს.), ხოლო 2021 წელს შემოსავალი არ მიუღია. ასევე ანგარიშგებიდან დგინდება, რომ სს „საქართველოს რკინიგზას“ არ გააჩნია საცალო სატელეკომუნიკაციო სეგმენტი. კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა, ასევე გადაამოწმა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები რეგულირებადი საქმიანობიდან 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 2022 წლის ანალოგიურად არის არამატერიალური, ხოლო 2023 წლის ივნისის შემდეგ შემოსავალი არ მიუღია.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად:

1. ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას მოიცავს. ესენია საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საბითუმო საქმიანობები.

2. ბიზნეს ერთეულების  განსაზღვრისას  მკაფიო ზღვარი უნდა გაევლოს ბოლო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა (საცალო) და ქსელის ფუნქციონირებას (ქსელურ საქმიანობას) შორის.“

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე იკვეთება, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ სატელეკომუნიკაციო ბაზრის საცალო სეგმენტზე  არ  ეწევა  კომერციულ საქმიანობას, ხოლო ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ თანახმად, იმისათვის, რომ მოხდეს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად სრულფასოვანი აღრიცხვა, ავტორიზებული პირის საქმიანობა სულ მცირე ორ მიმართულებას უნდა მოიცავდეს: საცალო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საბითუმო საქმიანობებს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბითუმო სეგმენტზეც კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი არამატერიალურია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინების რეალური შესაძლებლობები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე ემუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დადგინდეს   მნიშვნელოვანი   საბაზრო   ძალაუფლების   მქონე ავტორიზებული  პირის სს„საქართველოს რკინიგზის“, ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულებების შესრულების 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებისგან“ განსხვავებული პირობა შემდეგი სახით:

სს „საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენის შესაბამისი ვალდებულება დაკორექტირდეს და მოხდეს ანგარიშის წარმოდგენა ფასს სტანდარტით მომზადებულ ფინანსური აღრიცხვის აუდირებულ ანგარიშგებაში დამატებით ცხრილების სახით - ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 ოქტომბერი;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.comcom.ge გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომუნიკაციების კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები