მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 163

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2024 17:43

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

I.   აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება ,,მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები ‘’SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3 (სამი) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო” (ამჟამად - შპს „სელფი მობაილი“).

2. კომისიის  2019  წლის  31  დეკემბრის  Nგ-20-9/156  გადაწყვეტილებით,  მობილური  ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” (ამჟამად - შპს „სელფი მობაილი“)ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით: ა)ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება; დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება; ე) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.

3. აღნიშნული  გადაწყვეტილებით  ინფორმაციის გამჭირვალობის  უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს განესაზღვრა ვალდებულება გამოექვეყნებინათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

4. კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში შესული ცვლილებების (კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775; 2021 წლის 18 ნოემბერის Nგ-21-19/622; 2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596; 2023 წლის 29 ივნისის Nგ-23-19/306 გადაწყვეტილებები) შედეგად, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნება, შესაბამისად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა.

5.    კომისიამ  ამ  გადაწყვეტილებების(2020  წლის  24  სექტემბრის  Nგ-20-19/775;  2021  წლის  18 ნოემბერის Nგ-21-19/622; 2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596; 2023 წლის 29 ივნისის Nგ-23-19/306) მიღებისას იხელმძღვანელა სამი წინაპირობით: 1. მობილურ ქსელზე ვირტუალური დაშვების მსურველი ოპერატორებისა და ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ ღიად გაცხადებული მოლაპარაკებების შედეგების შესაფასებლად აუცილებელი იყო დამატებითი დრო; 2. კომისია აკვირდებოდა მობილური მომსახურებების ბაზრის დინამიკას, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ განიცდიდა არსებით ცვლილებებს; 3. 2022 წელს კომისიამ დაიწყო სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევისა და ანალიზის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური კვლევა, რათა განსაზღვრულიყო შესაბამისი საბითუმო ბაზრების რეგულირების საჭიროება.

6. ,,მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N267/9 გადაწყვეტილებით; ,, მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების (’’SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N268/9 გადაწყვეტილებითა და „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559, გადაწყვეტილებებით, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურებების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული, ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.

7. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობიდან და ვროპული სტანდარტების უკეთესად დანერგვის მიზნით კომისიამ საჭიროდ მიიჩნია სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის ჩატარება. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ex-ante (წინასწარ) რეგულირებას დაქვემდებარებული შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრების განსაზღვრისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის გამოვლენის მიზნით ამ ბაზრების ანალიზის ნაწილში. .

8. შესაბამისად, 2022 წლიდან კომისიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც, საწყის ეტაპზე, მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარებას.

9. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე წინასწარი კომპლექსური კვლევა ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (‘’Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement“, შემდგომში ‘’AA Facility“) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებმა, კომისიის გუნდთან ერთად, განახორციელეს ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების წინასწარი კვლევა. ეკონომიკურმა, სამართლებრივმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა, ბაზრის სრულფასოვანი შესწავლის საფუძველზე, კომისიას შესთავაზეს რეკომენდაციები ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის მიმართულებებით. ამასთან, ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით, წინასწარი კვლევის ჩარჩოსა და შედეგების რევიზია განხორციელდა ევროკომისიის სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

10. ევროკავშირის რეგულაციებისა და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის ჩატარების მიზნით, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის N1 დადგენილებით დამტკიცდა ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“, რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.

11. AA Facility-ს პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და საკონსულტაციო დოკუმენტზე დაყრდნობით კომისიამ ჩაატარა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტის პრიველადი ანალიზი, რათა გამოვლენილიყო, არსებობს თუ არა კვლევის დაწყების საფუძველი.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

12.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ამოცანებია „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება“, ხოლო მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი“.

13.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება“.

14.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

15.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით“, მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას „საკუთარი ინიციატივით“, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე“.

16. ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის  მეთოდოლოგიური  წესების  დამტკიცების  თაობაზე“  კომისიის  2007  წლის  31 აგვისტოს № 5 დადგენილების 11 შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით, კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარება ხორციელდება „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილების შესაბამისად.

17. კომისიის  2024  წლის  22  თებერვლის  №1  დადგენილებით  დამტკიცებული  ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენციის კვლევისა და ანალიზის  პროცედურები მიმდინარეობს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №3) დაცვით გამართული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე“, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, „ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს მოთხოვნაში ან საკუთარ ინიციატივაში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასების, მათ შორის, კვლევისა და ანალიზის დაწყების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის, აგრეთვე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მთლიანი თუ ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე პირველადი მოკვლევის შედეგები“.

18.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები“.

19. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“. საქართველოს კანონის 22-ე - 24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული  ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.

20. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  177-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის შესაბამისად, „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“.

III. სამოტივაციო ნაწილი

21. მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის N1 დადგენილებით მიღებულ იქნა ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“, რომელიც შეიცავს ბაზრის ანალიზის განახლებულ, გაუმჯობესებულ მეთოდოლოგიას. [1]; მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზარზე არსებული კომისიის მიერ დაწესებული რეგულაცია (იხ. აღწერილობითი ნაწილი), რომელიც ბაზრის დინამიურობის გათვალისწინებით, საჭიროებს გადახედვას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მობილური მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრების ბოლო შესწავლიდან (კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559 გადაწყვეტილებები) გასულია 3 წელზე მეტი. [2]; მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტის წინასწარი კვლევისა და ანალიზიდან გამომდინარე, არსებობს წინაპირობები, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებული მდგომარეობა საჭიროებს ხელახლა შესწავლას განახლებული ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიის მიხედვით.

22. მობილური საკომუნიკაციო მომსახურებები მთელს მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ადამიანების ყოველდღიურობაში. მზარდია მოთხოვნა როგორც არსებულ მომსახურებებზე, ასევე დიდია ინტერესი ინოვაციური მომსახურებების მიმართ. აღნიშნული მოცემულობა, როგორც წესი, გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე და პერიოდულად აყენებს ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობას. საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი მზარდია, როგორც ზოგადად მობილური მომსახურების, ასევე, მობილური ინტერნეტის მომსახურების კუთხით. მზარდია როგორც აბონენტების რაოდენობა, ასევე შემოსავლები, როგორც ჯამურად, ასევე ოპერატორების მიერ ერთი აბონენტისგან საშუალოდ თვეში მიღებული შემოსავალი. ბოლო წლებია მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება აბონენტების მიერ დაგენერირებული მობილური ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობის კუთხით.

23. მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ, 2023 წლის მდგომარეობით, 5,91 მილიონი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,1%-ით (66,6 ათასი აბონენტით) გაიზარდა. მათ შორის ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 4,460 ათასი, ხოლო იურიდიული პირების - 1,451 ათასი იყო.

24 მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ფონზე შენარჩუნებულია მოსახლეობაში მობილური მომსახუ.რების აბონენტების მაღალი სიმკვრივის მაჩვენებელი, რაც განპირობებულია მომხმარებლების უმეტესობის მიერ ერთზე მეტი SIM ბარათის ფლობით.

 

 

 

25. მოსახლეობაში მობილური მომსახურების აბონენტების სიმკვრივის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საშუალოდ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელი პირობების მისაღებად უწევს სხვადასხვა ოპერატორის მომხმარებელი გახდეს. რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მობილური ოპერატორები არ ფოკუსირდებიან შეიმუშაონ და შექმნან მომხმარებელზე მორგებული ისეთი პაკეტები, რომლითაც აბონენტი ერთი ოპერატორისგან მიიღებდა მობილური სერვისების კუთხით მისთვის ხელსაყრელ მომსახურებას. აღნიშნული მოცემულობა შესაძლოა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბაზარზე არის დაბალი კონკურენტული გარემო, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ოპერატორების მხრიდან აღნიშნულ ქმედებას.

26.  აღსანიშნავია, რომ მზარდია მობილური სერვისებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი - 2023 წლის მდგომარეობით, 788 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა (92 მილიონი ლარი).

 

27.  აბონენტების რაოდენობის ზრდის ტემპთან შედარებით, შემოსავლების უფრო მაღალი ზრდის ტემპი მიუთითებს, რომ შემოსავლების ზრდა განაპირობა მომხმარებლის მიერ მობილურ მომსახურებაში გადახდილი თანხის ზრდამ, კერძოდ, 2023 წლის მდგომარეობით, ARPU-ს (საშუალო შემოსავალი ერთი აბონენტისგან თვეში) მაჩვენებელი გაიზარდა 8%-ით, 2023 წლის ბოლოს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 12.8 ლარი შეადგინა.

28. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელით შპს „მაგთიკომია“ წარმოდგენილი, რომლის ARPU-მ 2023 წლის მდგომარეობით 14,6 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 3.5%-ით გაიზარდა. ზოგადად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შპს „მაგთიკომის“ ARPU-ს ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 11,3% შეადგინა. ამ მხრივ ზრდის ტენდენციით ხასიათდება სს „სილქნეტიც“, რომლის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 10,1% შეადგინა, ხოლო შპს „სელფი მობაილის“ ARPU-ს წლიური ზრდის მაჩვენებელმა ანალოგიურ პერიოდში - 8,9% შეადგინა. ბოლო წლებში მზარდია შპს „სელფი მობაილის“ ARPU, თუმცა შპს „მაგთიკომის“ ეს მაჩვენებელი 2023 წლისთვის 67,4%-ით, ხოლო სილქნეტის 49,4%-ით აღემატება მესამე ოპერატორის ARPU-ს.

 

29. ასევე აღსანიშნავია, რომ ARPU-ს მონაცემები ითვლება მთლიანი შემოსავლების გაყოფით აბონენტების რაოდენობასთან. როგორც პენეტრაციის მაჩვენებლიდან ჩანს (169% - 2023 წელს), აბონენტების რაოდენობა 5 წელზე ზემოთ მოსახლეობას 1.7-ჯერ აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად აბონენტი გაცილებით მეტს ხარჯავს მობილურ მომსახურებებში, ვიდრე ARPU-ს მაჩვენებელია. აღნიშნული მოცემულობის მიზეზი მოხმარების ზრდასთან ერთად შესაძლოა იყოს ის მოცემულობა, რომ ოპერატორებმა 2022-2023 წლებში განახორციელეს მობილური მომსახურებების ფასების ზრდა, ხოლო ამ უკანასკნელის მიზეზები რამდენად არის დაკავშირებული კონკურენტულ პრობლემებთან - დამატებით სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

30. რაც შეეხება ბაზრის დინამიკას ოპერატორების საბაზრო წილების კუთხით შემოსავლების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მობილური სერვისებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო

31.  შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მაღალი საბაზრო წილი შპს “მაგთიკომს” აქვს და ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 45,5%-დან - 49,3%-ამდე მერყეობს (ამპლიტუდა - 3,8%); სს “სილქნეტი” ამ პერიოდში სტაბილურად იკავებდა მეორე ადგილს და მისი წილი 34,4% დან -36,5% - ამდე მერყეობდა (ამპლიტუდა - 2,1%); ხოლო შპს “სელფი მობაილი” მესამე ადგილზეა, რომლის ბაზრის წილი 16,1%-დან 18,1%-ამდე მერყეობდა (ამპლიტუდა - 2%). ბაზარზე არც კონკურენტული თვალსაზრისით გავლენის მქონე ახალი მოთამაშეები გამოჩენილან და არც არსებულ ოპერატორებს შორის შეცვლილა საბაზრო წილები. ეს სტაბილურობა მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა არ განიცდიან ეფექტურ კონკურენტულ ზეწოლას, რაც დამატებით მოკვლევას საჭიროებს. გარდა ამისა, შპს ,,მაგთიკომის“ საბაზრო წილი სტაბილურად აღემატება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის

22-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ძირითადი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასების პირველადი კრიტერიუმის ზედა ზღვრულ მაჩვენებელს - 40%-ს, რაც ასევე გასათვალისწინებელია მოკვლევის ფარგლებში.

32.  ანალოგიური სურათია, ასევე, აბონენტების მიხედვით საბაზრო წილების გადანაწილებაში:

 

 

33.  არაერთი ევროპული ქვეყნის მაგალითზე დასტურდება, რომ ბაზარზე არსებული ინოვაციური მომსახურებების დანერგვის, ნიშური ბაზრის სეგმენტების განვითარებისთვის, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე დაფუძნებული მომსახურებების შექმნის თვალსაზრისით პოზიტიური გავლენა აქვს ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების გაჩენას, რაც ასევე, დადებითად აისახება კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე.

34. აღსანიშნავია,  რომ  საქართველოს  ბაზარზე  მობილური  ვირტუალური  ოპერატორების განვითარების მცდელობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბაზარზე მხოლოდ ერთი ოპერატორი,  შპს  „ეკლეკტიკია“  წარმოდგენილი.  სს  „სილქნეტს“  ქსელზე  დაშვებით  შპს

„ეკლეკტიკმა“ 2022 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა ბრენდული სახელწოდებით „ჰალო“ და ახორციელებს საბოლოო მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების მიწოდებას, 2023 წლის ბოლოს მისი აბონენტების რაოდენობამ 27,760-ს შეადგინა, რაც მთლიანი მობილური მომსახურების ბაზრის აბონენტების 0.47%-ია.

35. კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო“ (ამჟამად - შპს „სელფი მობაილი“) - ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება. 2020 წლიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში კომისიის

2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილების ამოქმედების ვადის გადაწევა კომისიის მიერ არაერთხელ მოხდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი). კომისიის 2023 წლის 29 ივნისის Nგ-23-19 / 306 გადაწყვეტილებით კი ვალდებულების ფარგლებში განსაზღვრული, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნების ვადა გაიზარდა 2024 წლის 30 ივნისამდე.

36. კომისიის  2019  წლის  31  დეკემბრის  Nგ-20-9/156  გადაწყვეტილებით  განსაზღვრული ვალდებულების ამოქმედების ვადის გადაწევის ერთ-ერთი მიზეზი(იხ. აღწერილობითი ნაწილი) მობილურ ქსელზე ვირტუალური დაშვების მსურველ ოპერატორებსა და ქსელის მფლობელ     ოპერატორებს     შორის     მიმდინარე     მოლაპარაკებები     მობილურ     ქსელზე ვირტუალური დაშვების მსურველ ოპერატორებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის მიმდინარე  მოლაპარაკებები  იყო,  კერძოდ,  სამივე  ოპერატორმა  -  შპს  „მაგთიკომი“,  სს

„სილქნეტი“, შპს „სელფი მობაილი“ - საჯაროდ დააფიქსირა მზაობა მობილურ ქსელზე დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ეწარმოებინათ მოლაპარაკება და უზრუნველეყოთ ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, კომერციულად მისაღები პირობებით, მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის თავიანთ ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, ქსელზე დაშვების მსურველი რამდენიმე ავტორიზებული პირის მხრიდან მხრიდან ასევე ღიად, გაცხადდა ინტერესი და გადაიდგა ნაბიჯები მობილურ ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ მიერ დაშვების მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა (როგორც აღინიშნა, მხოლოდ შპს „ეკლექტიკმა“ მიიღო დაშვება სს „სილქნეტის“ ქსელზე).

37.  საქართველოს მობილური მომსახურებების ბაზრის ეს მოცემულობა შესაძლოა მიუთითებდეს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლის ბარიერების არსებობაზე, რაც ასევე დამატებით სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

38. საქართველოშიც  სწრაფი  ტემპით  იზრდება  მობილური  ინტერნეტის  მოხმარება,  რაც განპირობებულია ინტერნეტის მნიშვნელობის ზრდით საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

39.  როგორც დიაგრამიდან ჩანს, ინტერნეტის მოხმარების ზრდა ნახტომისებურად განხორციელდა ჯერ კიდევ 2019 წელს. მობილური ინტერნეტი ამ დრომდეც მზარდი იყო, თუმცა COVID-19 პანდემიამ, და მასთან გასამკლავებლად შემოღებულმა შეზღუდვებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის როლი. 2021 წლიდან პანდემია აღარ არის ფაქტორი, თუმცა ინტერნეტის მოხმარება კვლავ აგრძელებს ზრდას. აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის ტრაფიკის   80%-ზე   მეტი   ორი   ოპერატორის   ქსელში   გენერირდება.   47,6%   მოდის   შპს

„მაგთიკომის“  ქსელზე,   სს   „სილქნეტის“   ქსელზე   33,1%,   ხოლო   შპს   „სელფი   მობაილის“ აბონენტების მიერ დაგენერირებული ტრაფიკი - 19%-ს შეადგენს.

40. როგორც ინტერნეტის აბონენტების რაოდენობის დინამიკიდან ჩანს, გარდა ინტერნეტის ტრაფიკისა, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტების რაოდენობაც.

 

 

41.  ინტერნეტის დიდ მოცულობებზე მოთხოვნა, მსოფლიოში არსებული ტენდენციის მსგავსად, მზარდია საქართველოში. საშუალოდ ერთი აბონენტის მიერ გამოყენებული მობილური ინტერნეტის მოცულობა 2023 წლის ბოლოს მონაცემებით 14 გიგაბაიტია. საქართველოს მობილური მომსახურებების ბაზარზე შეთავაზებული მაღალი მოცულობის პაკეტების ფასების კუთხით მნიშვნელოვანია 2023 წლის აპრილში კომისიის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის, „Strategy Analytics-ის (Teligen, TechInsights)“ მიერ საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩატარებული საქართველოს სატელეკომუნიკაციო  მომსახურებების  ფასების  შედარებითი  ანალიზის  შედეგები.  ფასების

,,ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების1 მიხედვით, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე, დაბალი მოცულობის ხმოვანი და ინტერნეტ მომსახურებებით შედგენილი პაკეტები, კვლევაში შემავალი 24 ევროპული ქვეყნის ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია, ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის პაკეტების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

42. ასევე  საყურადღებოა,   რომ   სხვადასხვა   ქვეყანაში   მობილური   ინტერნეტის   სიჩქარის გამზომველი ერთ-ერთი აღიარებული წყაროს „Speedtest Global Index2“-ის მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. 5G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ევროკავშირში სწრაფად იზრდება როგორც მობილური ინტერნეტის მოხმარება, ასევე საშუალო სიჩქარე. უკვე 5 ქვეყანაში ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 100 მბ/წმ-ს აღემატება. 

 

 

იგივე წყაროს მონაცემებით საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზეა. აღნიშნული შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ბაზარზე არსებობს დაბალი კონკურენტული წნეხი, იმისათვის, რომ ოპერატორებმა მიმართონ მეტი ძალისხმევა სერვისის, უფრო კონკრეტულად, ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამას ასევე ამყარებს საქართველოში მობილური როგორც 4G, ასევე, 5G ტექნოლოგიების დაგვიანებული განვითარება საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით.

43.  ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების მომგებიანობის შედარება ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემებთან. საქართველოს ტელეკომ ბაზრის სამი უმსხვილესი ოპერატორის EBITDA მარჟის (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვამდე შეფარდებული გაყიდვებთან) საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში (2022 წლის ჩათვლით) აღემატება ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანიების საშუალო მაჩვენებელს. შპს

„მაგთიკომის“ EBITDA მარჟა, 2022 წლისთვის 75%-ს შეადგენს, სს „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი - 50%-ია, ხოლო შპს „სელფი მობაილისთვის“ კი - 42%.

 

44. აღნიშნული ფინანსური მაჩვენებლების განსხვავება ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ხომ არ არის ის გამოწვეული ისეთი დაბალკონკურენტული გარემო-პირობებიდან, რომელიც განაპირობებს კომისიის მხრიდან განახლებული მარეგულირებელი ინსტრუმენტების გამოყენებას.

45. მობილური  მომსახურების  ბაზრის  სეგმენტის  წინამდებარე  მოკვლევის  შედეგებიდან გამოვლინდა არაერთი ასპექტი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემოს და კონკურენციის განვითარების შემაფერხებელი გარემოებების არსებობაზე. შესაბამისად, იკვეთება მობილური მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების საჭიროება.

46. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას  მიზანშეწონილად  მიაჩნია, ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში  კონკურენციის  წინასწარი რეგულირების 3 წყარო: S&P Global Ratings: Industry Credit Outlook 2024 ფარგლებში, განხორციელდეს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევა და ანალიზი.

47. კონკურენციის წინასწარი რეგულირებასთან დაკავშირებული  ბაზრის  ანალიზის პროცედურების განხორციელებისას, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაიმართოს საჯარო კონსულტაციები, რათა კომისიის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა.

48. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი მოითხოვს მოცულობითი მონაცემების დამუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვას. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე და 22-ე მუხლების, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.

3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს გადაწყვეტილების პროექტის გამოქვეყნების დღიდან 20 სამუშაო დღე. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 6 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები