საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 199

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2024 15:12

მიღების თარიღი მაისი 02, 2024

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. შესაბამისად, კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე.

მაუწყებლობის სფეროში  სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებულია, კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 27 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (თ. ჭაჭუკაშვილი) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა.

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის, წინამდებარე გადაწყვეტილებისა და „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები