„ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2024 15:10
მიღების თარიღი მაისი 02, 2024
„ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 2 მაისი
I. აღწერილობითი ნაწილი
1. 2023 წლის 31 მაისს მიღებულია „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საკითხებს. ადგენს ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის ვალდებულებებს და ა.შ. ამასთან, ამ სპეციალური კანონიდან წარმოშობილი დავების შემთხვევაში, საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
2. კანონის ძირითადი ნორმების ამოქმედების თარიღად მითითებულია 2024 წლის პირველი ივლისი და ამ თარიღამდე, კომისიას ევალება მიიღოს სხვადასხვა ნორმატიული აქტი. ერთ-ერთი მათგანი არის ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული - ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტი.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, “PricewaterhouseCoopers Advisory s.r.o (PwC) ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მომზადებულია „ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტი, რომელიც, ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით და რეკომენდაციებით აღიარებულ საფასურის გაანგარიშების მოდელებს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ცალკეული ელემენტისთვის. ასევე, დეტალურად არის მოცემული მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების შეფასების და გაანგარიშების მეთოდები, რომელთა საფუძველზეც ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის დაანგარიშდება.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“
5. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის მიღების წესს. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“
7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.
III. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. ამ გადაწყვეტილების პირველ მუხლში მითითებულ პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს გადაწყვეტილების პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 21 ივნისს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
9. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი