„გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2024 18:17
მიღების თარიღი მაისი 16, 2024
„გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
კომისიის სხდომის თარიღი: 16.05.2024წ.
I.აღწერილობითი ნაწილი
1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 37-ე პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი.
2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კომისია მედიამომსახურების მიმწოდებლებთან, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსს“.
3.კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებითა და აუდიოვიზუალური მედია მომსახურების 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ იქნა გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - დადგენილებით.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 37-ე პუნქტის მიხედვით, კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,„კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
6. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
8. ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.
9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
III. სამოტივაციო ნაწილი
12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 37-ე პუნქტის შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია მიიღოს წესები ნორმატიული აქტის - დადგენილების სახით.
13. დადგენილების მიღება მიზნად ისახავს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებს განესაზღვროთ უფლებები და ვალდებულებები.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76- ე მუხლის 37-ე პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 20 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 1 ივლისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ბ) წინამდებარე გადაწყვეტილება, გ) მომზადებული დადგენილების პროექტი და დ) განმარტებითი ბარათი;
5. დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვროს სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის გამოქვეყნებიდან 20 სამუშაო დღე. მოსაზრებების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარატამენტს (კ. ქორიძეს).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი