„ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 219

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2024 15:28

მიღების თარიღი მაისი 16, 2024

„ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 16.05.2024წ.

I.  აღწერილობითი  ნაწილი

1. 2023 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების  შესახებ“  (შემდგომში  - „კანონი“).  კანონის  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში  - „კომუნიკაციების  კომისია“) დაევალა 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ დადგენა (შემდგომში “პლატფორმის ადმინისტრირების წესი”).

2. ზემოაღნიშნული  საკანონმდებლო დანაწესის შესრულებისა და  პლატფორმის ადმინისტრირების წესის შემუშავების მიზნით კომუნიკაციების კომისიამ გამართა კონსულტაციები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოსთან, მათ შორის პორტუგალიის, პოლონეთის სატელეკომუნიკაციო დარგის მარეგულირებლებთან, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიური პლატფორმის ადმინისტრირებას, ასევე იხელმძღვანელა ბულგარეთის, ავსტრიის, ჩეხეთის ანალოგიური პლატფორმის ადმინისტრირების წესებით და მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული კონსულტანტის რეკომენდაციებით.

3. ხსენებული კონსულტაციების შედეგად კომუნიკაციების კომისიამ შეიმუშავა პლატფორმის ადმინისტრირების წესის     პროექტი,  რომელიც  ოფიციალურად  უნდა  იქნას  მიღებული კომუნიკაციების კომისიის  მიერ  კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტის   - დადგენილების სახით.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

4. „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს   ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის დადგენა

5. „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

6. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11  ნაწილის თანახმად „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“

8. ამავე  კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი „ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.”

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის№1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად „კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად  საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას.”

11. საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები.”

12.  საჯარო კონსულტაციების გამართვის წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სრულად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომენტარი ან მისი ნაწილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიიჩნევა კონფიდენციალურად) ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე, ერთიან საინფორმაციო სივრცეში, სადაც თავმოყრილია საჯარო კონსულტაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები.”

III. სამოტივაციო ნაწილი

13. კანონის   მე-15   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტის   შესრულების   მიზნით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი.

14.  პლატფორმის   ადმინისტრირების   წესის   დადგენილების   სახით   მიღება   მიზნად   ისახავს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის, რომელიც    საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სატელეკომუნიკაციო სფეროში კონკურენციაზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტების, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061  და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და 177-ე მუხლის მე-4  ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის” მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს  საჯარო  ადმინისტრაციული  წარმოება  „ერთიანი  საინფორმაციო  პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;

3.სა ჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „ერთიანი  საინფორმაციო  პლატფორმის ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს 30 კალენდარული დღე (რომელიც არ უნდა იყოს 20 სამუშაო დღეზე ნაკლები). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 20 ივნისს   15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

8.    კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები