ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-24-23 / 244

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2024 12:45

მიღების თარიღი მაისი 30, 2024

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

I.  აღწერილობითი ნაწილი

ფიქსირებული ფართოზოლოვანი  ინტერნეტის  და  მობილური  საკომუნიკაციო  მომსახურებების საცალო და  საბითუმო  სეგმენტებზე  კონკურენტული  გარემოს  გაუმჯობესების  და  ევროპული სტანდარტების უკეთესად   დანერგვის   მიზნით   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულმა კომისიამ დააინიცირა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის ჩატარება. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებსა  და  საერთაშორისო  სამართლებრივ  ინსტრუმენტებს.  მათ  შორის განახორციელოს ელექტრონული  კომუნიკაციების  სექტორში  წინასწარ   (ex-ante) რეგულირებას დაქვემდებარებული შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების ბაზრის სეგმენტების განსაზღვრა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის გამოვლენა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის საჭიროება და მნიშვნელობა ასევე, დაადასტურეს ევროპელმა ექსპერტებმა  2021 წელს ჩატარებული ევროკავშირის   საჯარო   სამსახურების   დაძმობილების   პროგრამის     (‘’Twinning“) შემფასებელი მისიის ფარგლებში.

შესაბამისად, უკვე 2022 წლიდან კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  სრულფასოვანი კვლევისა  და  ანალიზის  (ე.წ.  „კომპლექსური კვლევის“) პროექტზე, რომელიც, საწყის ეტაპზე, მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საჭიროებისამებრ შესაბამის საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარებას.

ევროკავშირის რეგულაციებისა  და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის ჩატარების მიზნით, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის N1 დადგენილებით დამტკიცდა  ,,ბაზრის  კონკურენტუნარიანობისა  და  მნიშვნელოვანი  საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“, რომელიც ევროკავშირში მოქმედ  სატელეკომუნიკაციო  ბაზრის  ანალიზის  მიდგომებთან  სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის სეგმენტებზე წინასწარი კომპლექსური კვლევა ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (‘’Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement“, შემდგომში ‘’AA Facility“) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებმა, კომისიის გუნდთან ერთად, განახორციელეს ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების წინასწარი კვლევა. ეკონომიკურმა, სამართლებრივმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა, ბაზრის სრულფასოვანი შესწავლის საფუძველზე, კომისიას შესთავაზეს რეკომენდაციები ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის მიმართულებებით. ამასთან, ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (‘’TAIEX“) მხარდაჭერით, წინასწარი კვლევის ჩარჩოსა და შედეგების რევიზია განხორციელდა ევროკომისიის სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

AA Facility-ს პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და საკონსულტაციო დოკუმენტზე დაყრდნობით კომისიამ ჩაატარა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტის პრიველადი ანალიზი, რათა გამოვლენილიყო, არსებობს თუ არა კვლევის დაწყების საფუძველი.

II.  მარეგულირებელი კანონმდებლობა

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ამოცანებია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის  კონკურენტუნარიანობისა და  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ინიციატივით, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.

5. ,,მომსახურების  ბაზრის  შესაბამისი  სეგმენტების  განსაზღვრისა  და  კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“   კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს  № 5 დადგენილების  11  შესაბამისად,  ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარება ხორციელდება „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილების შესაბამისად.

6. კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენციის კვლევისა და ანალიზის პროცედურები  მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი №3) დაცვით გამართული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს მოთხოვნაში ან საკუთარ ინიციატივაში წარმოდგენილი არგუმენტების შეფასების, მათ შორის, კვლევისა და ანალიზის დაწყების აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის, აგრეთვე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მთლიანი თუ ცალკეული ან მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე პირველადი მოკვლევის შედეგები.

7. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები“.

8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე -24-ე მუხლებით და ამავე კანონის V თავით გათვალისწინებულ კონკურენციის წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას.

9.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

III. სამოტივაციო ნაწილი

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტის ზოგადი მიმოხილვა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ, 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით 1.16 მილიონი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7%-ით (40.1 ათასი აბონენტი) გაიზარდა. მათ შორის, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობამ 1.062 ათასი, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ 53.6 ათასი შეადგინა.

დიაგრამა 1.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების ზრდას ძირითადად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის(FTTx) მომხმარებელი აბონენტების ზრდა განაპირობებს, კერძოდ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტ სერვისების აბონენტების რაოდენობამ 2023 წლის მდგომარეობით 997 ათასი აბონენტი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9%-ით (46.8 ათასი აბონენტი) გაიზარდა, FTTx ტექნოლოგიის მომხმარებელთა საშუალო წლიურმა ზრდამ(CAGR) კი 6.62%  შეადგინა.

ცხრილი 1.

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ინტერნეტ მომსახურების აბონენტების ზრდის მაჩვენებელი აღემატება ჯამური აბონენტების ზრდის მაჩვენებელს. ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი მომხმარებლები ძირითადად ირჩევენ ოტპიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას და ასევე, ოპტიკურ ტექნოლოგიაზე გადადიან სხვა  ტექნოლოგიების მომხმარებლებიც. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის მოხმარების ზრდის ტემპი, სხვა ტექნოლოგიების მოხმარების შემცირების ფონზე, ასახავს მომხმარებლის ქცევას და მოთხოვნას უფრო მაღალ სიჩქარეებსა და საიმედო კავშირზე. აღნიშნული არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოკვეთილი ტენდენციაა - მაღალსიჩქარიანი, სტაბილური ინტერნეტ კავშირი სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მომხმარებლების ზრდის ფონზე გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიმკვრივის მაჩვენებლები, კერძოდ 2023 წლის მდგომარეობით ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების სიმკვრივემ შინამეურეობების რაოდენობაში 95.8% შეადგინა, ხოლო ოპტიკური ტექნოლოგიის სიმკვრივის მაჩვენებელმა 86%.

დიაგრამა 2.

 

 

მაღალი სიმკვრივის მაჩვენებელი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი, გარკვეულ დასახლებებში გაჯერებულია. ზოგადად ბაზრის გაჯერებული გარემო ნაყოფიერ კერას წარმოადგენს მონოპოლიური და ოლიგოპოლიური ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალობებისთვის, თუმცა დასკვნის გასაკეთებლად ბაზრის შესაბამისი სეგმენტი სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის მდგომარეობით 392 მილიონი ლარი შეადგინა.

დიაგრამა 3.

ყველა  ტექნოლოგიის  გამოყენებით  ფიქსირებული  ფართოზოლოვანი  მომსახურებიდან შემოსავლის ზრდის საშუალო წლიურმა  მაჩვენებელმა 2019-2023 პერიოდში 10.5% შეადგინა, მაშინ როცა აბონენტების საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.31% იყო.

ავტორიზებული პირების ბაზრის წილები მკვეთრად ასიმეტრიული სტრუქტურით ხასიათდება, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ ბაზარზე სულ 118 ავტორიზებული პირი ოპერირებს, მაგრამ აბონენტების რაოდენობის მიხედვით ბაზრის ოთხი ყველაზე მსხვილი მოთამაშე (შპს „მაგთიკომი“, სს „სილქნეტი“, ახალი ქსელების ჯგუფი და შპს „სქაიტელი“) 2023 წლის მდგომარეობით ფლობს ბაზრის 90%-ს.

დიაგრამა 4.

 

 

ზემოთ აღნიშნული დიაგრამიდან ჩანს, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ყველაზე მაღალი საბაზრო წილით სს ,,სილქნეტი“ და შპს ,,მაგთიკომი“ არიან წარმოდგენილი. მათი ჯამური საბაზრო წილი 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით 78%-ს შეადგენს. ამასთან, აღნიშნული ორი კომპანიის საბაზრო წილები წლების განმავლობაში სტაბილურია და თითქმის არ შეცვლილა. აღნიშნული საბაზრო სტრუქტურა მიუთითებს, რომ შესაძლოა ისინი არ განიცდიდნენ ეფექტურ კონკურენტულ ზეწოლას ბაზრის სხვა მონაწილეების მხრიდან. გარდა ამისა, შპს ,,მაგთიკომის“ საბაზრო წილი აღემატება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასების პირველად კრიტერიუმს, რაც ასევე, შესაძლოა იყოს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების ფლობის ინდიკატორი, თუმცა, აღნიშნული საკითხი დამატებით სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. დასახელებული კომპანიების საბაზრო წილები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კიდევ უფრო მეტად კონცენტრირებულია.

დიაგრამა 5.

შპს ,,მაგთიკომი“ ამ სეგმენტზე ბაზრის უფრო მაღალი წილით არის წარმოდგენილი 53% და ამასთან, სს ,,სილქნეტისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ ჯამური საბაზრო წილიც უფრო მაღალია და 85%-ს შეადგენს. ამავე დროს, ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე, 2019-2023 პერიოდის განმავლობაში  შედარებით მცირე მოთამაშეების წილი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. აღნიშნული შესაძლოა მიუთითებდეს ბაზარზე შესვლის ან გაფართოების ბარიერების არსებობაზე.

ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეების საბაზრო წილებში გამოხატული უპირატესობა ბაზრის სხვა მონაწილეებთან მიმართებაში, ასევე მკვეთრად არის ასახული FTTx ტექნოლოგიით მიწოდებული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებში.

დიაგრამა 6.

 

საბაზრო წილების ამგვარი გადანაწილება და ფაქტიურად უცვლელი ტენდენცია წლების განმავლობაში შესაძლოა მიუთითებდეს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ მსხვილ მოთამაშეებზე კონკურენტული ზეწოლის არარსებობაზე. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტენდენციით ხასიათდება, FTTx ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების მთლიანი ბაზრის სეგმენტი, რომელიც მოიცავს, იურიდიულ და ფიზიკურ პირ აბონენტებს.

ერთ აბონენტზე საშუალო თვიური შემოსავალის (ARPU) ცვლილების ტენდენცია 2019-2023 პერიოდში, მზარდია ბაზრის ყველაზე მსხვილი 4 მოთამაშესთვის, კერძოდ  როგორც  შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“, ასევე, შემდგომი ორი კომპანიისთვისაც.

დიაგრამა 7.

2023 წლის მდგომარეობით ARPU-ს ყველაზე მაღალი    მაჩვენებლით შპს ,,მაგთიკომია“ წარმოდგენილი, რომლის ARPU-მ  2023 წლის მდგომარეობით 24.5 ლარი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის ARPU-ს ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელი 6.8%-ია. ამ მხრივ ზრდის ტენდენციით ხასიათდება სს ,,სილქნეტიც“, რომლისთვისაც ARPU-ს საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 5.5% შეადგინა.

ზოგადად ARPU-ს ზრდის მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ავტორიზებული პირი ზრდის ფასებს არსებულ მომსახურებებზე ან/და სთავაზობს მომხმარებლებს დამატებით მრავალფეროვან მომსახურებებს, რაც საშუალებას აძლევს მას გაზარდოს შემოსავალი თითოეულ მომხმარებელთან მიმართებაში. შესაბამისად, ბაზრის აღნიშნული მახასიათებელიც საჭიროებს დამატებით ანალიზს, იმის გამოსავლენად თუ რა მოცემულობაზე მიუთითებს ARPU-ს მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია და როგორ ასახავს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებასთან ერთად, აბონენტები ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიის სხვა სერვისებითაც სარგებლობენ - მაუწყებლობის ტრანზიტით (IPTV ტექნოლოგია), ფიქსირებული სატელეფონო (PSTN ან VoIP ტექნოლოგია) და მობილური მომსახურებებით. ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებასთან ერთად, მობილური მომსახურებების შეთავაზების საშუალება მხოლოდ სს „სილქნეტს“ და შპს „მაგთიკომს“ აქვთ, ისინი დომინირებენ, ასევე, იმ აბონენტების რაოდენობაში, რომლებიც ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებასთან ერთად მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობენ, რაც ბაზარზე კომბინირებულ შეთავაზებებში ყველაზე მეტად გავრცელებული კომბინაციაა. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ინტერნეტის მომხმარებელი ფიზიკური პირი აბონენტების 61% ინტერნეტ მომსახურების შემცველი რომელიმე კომბინაციით სარგებლობს, მაგთიკომზე და სილქნეტზე ამ აბონენტების 91.8% მოდის.

ბაზრის მოთამაშეების წილები ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტთან კომბინირებული მომსახურების აბონენტების მიხედვით ასახულია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე.

დიაგრამა 8

კომბინირებული მომსახურების   აბონენტების მიხედვით შპს „მაგთიკომი“ ლიდერობს, 54%-იანი წილით, ხოლო მე-2 პოზიციას სს ,,სილქნეტი“ იკავებს 38%-იანი წილით. აღნიშნული მაჩვენებლები კომპანიებს შესაძლოა აძლევდეს მასშტაბის და მოცულობის მნიშვნელოვანი ეკონომიით სარგებლობის საშუალებას, რაც შესაძლოა იყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შემაფერხებელი ფაქტორი. აღნიშნული, ასევე, დამატებით შესწავლას საჭიროებს.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისების მოხმარების სიმკვრივის  მაჩვენებლების შედარება  გვიჩვენებს, რომ საშუალოდ ევროკავშირში ოჯახების დაახლოებით 55%  სარგებლობს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ  სერვისებს.

დიაგრამა 9.

 

თერთმეტ ქვეყანაში შინამეურნეობების 60%-ზე მეტი სარგებლობს მინიმუმ 100 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ინტერნეტით, ხოლო სამ ქვეყანაში შინამეურნეობების 80%-ზე მეტი სარგებლობს ამ სიჩქარით. საქართველოში მომხმარებელთა მხოლოდ 1% იყენებს   100 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის მომსახურებას. აღნიშნული შესაძლოა მიუთითებდეს მაღალი ტარიფების არსებობაზე მაღალ სიჩქარეებზე. აღნიშნული სურათი, ასევე, გამოიკვეთა კომისიის მიერ 2023 წელს ჩატარებული საქართველოს სატელეკომუნიკაციო   ფასების   ევროპის   ქვეყნების   ფასებთან   შედარებითი   ე.წ. „ბენჩმარკინგ“ კვლევით. აღნიშნული გარემოება ასევე აჩენს კითხვას ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან მიმართებით.

ფასების ანალიზისას, ასევე, გასათვალისწინებელია კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებიც, კერძოდ,  შპს   „მაგთიკომის“   EBITDA(შემოსავლები   საპროცენტო,   საგადასახადო,   ცვეთის   და ამორტიზაციის ხარჯამდე, გაყოფილი მთლიან შემოსავლებზე) მარჟა 75%-ია არის წარმოდგენილი, ხოლო სს „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი 61%-ს უტოლდება.    შპს „მაგთიკომის“ მაჩვენებელი ევროპულ საშუალოსთან შედარებით, რომელიც 35%-ს შეადგენს, დაახლოებით ორჯერ მაღალია.

წინამდებარე მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში, განხორციელდეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა და ანალიზი.

კონკურენციის წინასწარი რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას,  კომისიის  2021  წლის  9  დეკემბრის  N6  დადგენილებით  დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაიმართოს საჯარო კონსულტაციები, რათა კომისიის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზი მოითხოვს მოცულობითი მონაცემების დამუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვას. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე და 22-ე მუხლების, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დაიწყოს   საჯარო   ადმინისტრაციული   წარმოება       ფიქსირებული   ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების   ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით.

2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.

3. საჯარო კონსულტაციების  გამართვის მიზნით, ,,ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების   ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან  30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.

4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 18 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი;

ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8.    გადაწყვეტილება  ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები