,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2024 15:08
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2024
,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ 2019 წლის 30 აპრილს მიღებულ იქნა N266/9 გადაწყვეტილება ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით რეგულაციას დაექვემდებარა ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტი და მასზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად განისაზღვრნენ შპს „მაგთიკომი“ და სს „სილქნეტი“, რომლებსაც, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა. ანგარიშში განცალკევებული უნდა იყოს ფიზიკური/იურიდიული პირების, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურების ყოველწლიური შემოსავლები და დანახარჯები.
კომისიამ 2024 წლის 8 აგვისტოს მიიღო Nგ-24-9/361 გადაწყვეტილება ,,ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ”, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი და საცალო სეგმენტზე გამოვლენილი კონკურენტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრა მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამის საბითუმო სეგმენტზე, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების მომსახურებას.
კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის N1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაწესდეს უპირატესად საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და მხოლოდ იმ ბაზრის მხოლოდ იმ სეგმენტებზე, რომლებიც არ ხასიათდება კონკურენციის ეფექტიანი დონით“, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ,,საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები ვერ უზრუნველყოფს საცალო ბაზრის სეგმენტზე ეფექტიან კონკურენციას“.
შესაბამისად, კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს Nგ-24-9/361 გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრული მარეგულირებელი ჩარჩო მიიჩნევა საფუძვლად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის 30 აპრილს მიღებული N266/9 გადაწყვეტილების ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წესით“. ვინაიდან, კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე.
კონკურენციის წინასწარი რეგულირებასთან დაკავშირებული ბაზრის ანალიზის პროცედურების განხორციელებისას, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაიმართოს საჯარო კონსულტაციები, რათა კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე და 22-ე მუხლების, კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტისა და მე-3 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, ,,ფიქსირებული საცალო ხმოვანი, მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო და ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N266/9 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).
4. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2024 წლის 3 ოქტომბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი; ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
