„ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენცooს კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 18:09
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2024
„ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენცooს კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ 2024 წლის 8 აგვისტოს მიღებულ იქნა Nგ-24-9 /361 გადაწყვეტილება ,,ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ”, რომლის ფარგლებშიც კომისიამ შეისწავლა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი და საცალო სეგმენტზე გამოვლენილი კონკურენტული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრა მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამის საბითუმო სეგმენტზე, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების მომსახურებას და მასზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღვრა შპს „მაგთიკომი“, რომელსაც, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრა სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების სერვისებზე ხარჯზე ორიენტირებული ზედა ზღვრული ტარიფის დათვლა განხორციელდა ევროკომისიის დაფინანსებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (AA Facility II) პროექტის ფარგლებში დაქირავებული საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონის ექსპერტების მიერ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შპს „მაგთიკომის“ მომართვის საფუძველზე მოხდა ტარიფის გაანგარიშების მოდელის გარკვეული პარამეტრების გადამოწმება, რის შედეგადაც გამოიკვეთა ტექნიკური კორექტირებების საჭიროება, რაც იწვევს გ-24-9/361 გადაწყვეტილების დანართი 1-ის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ტარიფების ნაწილის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ვინაიდან, კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9 / 361 გადაწყვეტილების მიღება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში ცვლილება უნდა განხორციელდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ვინაიდან, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაიმართოს საჯარო კონსულტაციები, რათა კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია კომისიის გადაწყვეტილების გამოცემის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, “ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს გ-24-9/361 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).
4. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2024 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს: ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და გადაწყვეტილების პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი; ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა)
კახი ბექაური
თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ივანე მახარაძე
წევრი
