წვდომის მენიუ

შპს „მეტა 37“-ის ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლების გაუქმების, კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424, 14 სექტემბრის №გ-23-15/442, №გ-23-15/443 და 5 ოქტომბრის №გ-23-15/450 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-24-3 / 565

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2024 14:00

მიღების თარიღი დეკემბერი 05, 2024

შპს „მეტა 37“-ის ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლების გაუქმების, კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424, 14 სექტემბრის №გ-23-15/442, №გ-23-15/443 და 5 ოქტომბრის №გ-23-15/450 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „მეტა 37“  (ს/კ405622045);

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2024 წლის პირველი ნოემბრის N 24-10-2176 მოხსენებითი ბარათი;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 5 დეკემბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2024 წლის პირველი ნოემბრისა და 27 ნოემბრის (N24-10-2176 და N24-10-2374) მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა რომ შპს „მეტა 37“ (ს/კ405622045) 2023 წლის ივნისის თვიდან 2024 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს.

2.კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის (N24-10-2398) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს “მეტა 37” ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების (CDR) დეტალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ ფიქსირებულ საკომუნიკაციო მომსახურებას, შესაბამისად, არ ჰყავს აქტიური აბონენტები. ასევე კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის (Nშ-24-10-2386) მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „მეტა 37“ 2023 წლის ივნისის თვიდან ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და არ აფიქსირებს შემოსავლებს ავტორიზაციით გათვალისწინებული არცერთი მომსახურებიდან. შპს „მეტა 37” არ ფიქსირდება კონტრაჰენტ ოპერატორად არცერთ ავტორიზებულ პირთან.

3.კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეტა 37“-ის ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლების გაუქმების, კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424, 14 სექტემბრის №გ-23-15/442, №გ-23-15/443 და 5 ოქტომბრის №გ23-15/450 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 5 დეკემბერი.

4.შპს „მეტა 37”-ს, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2024 წლის 29 ნოემბერს (Nგ-24-03/2733) ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2024 წლის 2 დეკემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

5.2024 წლის 5 დეკემბერს შპს „მეტა 37“-მა კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-24-6/5243) სადაც აღნიშნულია, რომ დეკემბრის თვეში კომპანია გადადის საქმიანობის აქტიურ ფაზაში და შემოსავლებს ასახავს მიმდინარე თვეში. კომპანიამ ასევე წარმოადგინა შპს “მაგთიკომთან და სს “სილქნეტთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრელებები.

6.2024 წლის 5 დეკემბრის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „მეტა 37”-ის წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მეტა 37”-ის დაუსწრებლად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

7.,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული     კომუნიკაციების     სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

10.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

11.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

12.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

13.„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

14.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

III. სამოტივაციო ნაწილი1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

15.შპს „მეტა 37“ (ს/კ405622045) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 2023 წლის პირველ ივნისს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური  რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1 ფიქსირებული  საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); სხვა;

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   გაფართოებული      მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

16.მტკიცებულება:  ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან;

17.კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424 გადაწყვეტილებით, კომპანია ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლებას 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერზე (322017000-322017999) ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

18.კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №გ-23-15/442 გადაწყვეტილებით, კომპანია ფლობს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდს შემდეგი ფორმატით: 031-00 (1984) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;

19.კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №გ-23-15/443 გადაწყვეტილებით კომპანია ფლობს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილ საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდს (ISPC) შემდეგი ფორმატით: 3-246-5 (8117), შესაბამის მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

20.კომისიის 2023 წლის 5 ოქტომბრის№გ-23-15/450 გადაწყვეტილებით კომპანია ფლობს დამისამართების პრეფიქსს 7-4-7-1 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ერთი) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის  ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან  სააბონენტო  ნომრების  პორტაბელობის  მონაცემთა  ცენტრალურ     ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

2. სამართლებრივი შეფასება

21.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

22.„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

23.კომისიის 2024 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან 2024 წლის 5 დეკემბერს შპს „მეტა 37“-მა კომისიას მომართა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №(შ-24-6/5243) სადაც აღნიშნულია, რომ დეკემბრის თვეში კომპანია გადადის საქმიანობის აქტიურ ფაზაში და შემოსავლებს ასახავს მიმდინარე თვეში, მიზანშეწონილია კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება შპს „მეტა 37“-ის ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლების გაუქმების, კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424, 14 სექტემბრის №გ-23- 15/442, №გ-23-15/443 და 5 ოქტომბრის №გ-23-15/450 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების  და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შეწყდეს შპს „მეტა 37“-ის ავტორიზაციის შეჩერების, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N767 უფლების გაუქმების, კომისიის 2023 წლის 31 აგვისტოს №გ-23-15/424, 14 სექტემბრის №გ-23- 15/442,№გ-23-15/443 და 5 ოქტომბრის №გ-23-15/450 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება

2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „მეტა 37“-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3.გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  კომისიის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge)

გამოქვეყნებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები