შპს „რეტნ ჯი“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2024 16:44
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024
შპს „რეტნ ჯი“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
ავტორიზებული პირი: შპს „რეტნ ჯი“.სამართალდარღვევა: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „შპს „რეტნ ჯი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილების დარღვევა.
წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2491, 10.12.2024)
კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N24-10-2491,10.12.2024) თანახმად, „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რეტნ ჯი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 3,208.71 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
2.ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „რეტნ ჯი“-ს ჩაბარდა 2024 წლის პირველ ნოემბერს. შპს „რეტნ ჯი“-ს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ უზრუნველყო ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
3.შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც, კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-24-03/2852, 13/12/2024), რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-retn-djis3.page). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
4.კომისიაში 2024 წლის 18 დეკემბერს შემოვიდა შპს „რეტნ ჯი“-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5431;18.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით, რომლის თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევის აღმოსაფხვრელად (აღნიშნულის თაობაზე კომისიას ასევე ეცნობა 02/12/2024წ. #02122024-01 წერილით),კომპანიის მხრიდან არ არის არანაირი წინააღმდეგობა, რათა შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულება. კომპანია 21.08.2024წ.-დან დღემდე არის მჭიდრო კომუნიკაციაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შესაბამის დეპარტამენტებთან, რაც დასტურდება თანდართული წერილებით.
5.შპს „რეტნ ჯი“-ს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის 20 აგვისტოს მიიღეს კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს №გ-24-18/363 გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იმავე დღეს, 2024 წლის 20 აგვისტოს წერილობით მიმართეს სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. სააგენტომ 2024 წლის 20 აგვისტოს #185962 წერილით კომპანიას მოსთხოვა საიდუმლოებასთან დაშვების მოპოვება. სამწუხაროდ, საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებული პროცედურების გარკვევა დამოუკიდებლად მოუწიათ, რასაც დრო დასჭირდა. 2024 წლის 19 სექტემბერს #19092024-01 წერილით მიმართეს სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიაწოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირველადი საბუთები. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, 2024 წლის 16 ოქტომბერს #16102024-01 წერილით კომპანიამ მიაწოდა დამატებითი საბუთები. ასევე, ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე დამატებითი საბუთები სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიეწოდა წერილით #18112024-04. წერილის თანახმად, ბოლო კომუნიკაცია შედგა 12.12.2024წ. შპს „რეტნ ჯი“ ყველა მოთხოვნაზე მაქსიმალურად სწრაფად რეაგირებს. გასათვალისწინებელია არარეზიდენტი დამფუძნებელი და ბენეფიციარები და დრო რომელიც მოთხოვნილი საბუთების მომზადებას, თარგმნას, აპოსტილირებას და მოწოდებას სჭირდება. გარდა ამისა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით”. ამასთან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტის მიხედვით: „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად: უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის მქონე მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება.”
6.შპს „რეტნ ჯი“ წერილობით აცნობებს კომისიას, რომ კომპანიისთვის არავის მოუმართავს და დღემდე არ მიუღიათ ტექნიკური პირობა რათა შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ასევე, კომისიისგან არ მიუღიათ განმარტება, თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული მათი #19.09.2024 #19092024-02 და 02/12/2024წ. #02122024-01 წერილები.
7.ზემოთ აღნიშნულის და მოქმედი კანონმდებლობის დებულებების გათვალისწინებით, შპს „რეტნ ჯი“-ს სურს დააფიქსიროს, რომ კომპანიამ ვალდებულების დაკისრებისამებრ დაუყოვნებლივ მიმართა შესაბამის სამსახურებს, ამ მომენტიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულების ვადები უკვე შესაბამისი კანონმდებლობით და უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებებით განისაზღვრება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის თანახმად საიდუმლოებასთან დაშვების პროცედურას სამთვიანი ვადა სჭირდება, და დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ერთთვიანი და ოცდღიანი ვადები, არ არის საკმარისი დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად და ცალსახაა, რომ შპს „რეტნ ჯი”-ს დაეკისრება პასუხისმგებლობა შეუსრულებლობის გამო. ასევე, შპს „რეტნ ჯის” წერილში გამოთქმულია მზაობა ყველა დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად გონივრულ ვადებში (გონივრულ ვადაში მოიაზრება არანაკლებ 6 თვე) აღნიშნული ვადა ითვალისწინებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ შესაბამისი თანხმობების მიღების ვადებს. შპს „რეტნ ჯი”-ს მიერ მოთხოვნილია ადმინისტრაციული წარმოებისას წერილში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინება.
8.კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „რეტნ ჯი“-ის წარმომადგენელი თ.უბერი, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც კი ჩაბარდათ კომისიის გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ მიმართეს შესაბამის სამსახურებს და აგვისტოს თვიდან არიან მჭიდრო, ყოველდღიურ კომუნიკაციაში უსაფრთხოების სამსახურთან და აფორმებენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებას. ეს პროცედურა ითვალისწინებს სამთვიან ვადას დაშვების გაცემის შესამოწმებლად. ეს ვადა შეიძლება კიდევ 3 თვით გაგრძელდეს. ზეპირი კომუნიკაციისას, ნოემბრის ბოლოს კონტრდაზვერვის სამსახურმა დაუდასტურა, რომ 3 თვის ვადის ათვლა შეიძლება დაწყებულად ჩაითვალოს ნოემბრის ბოლოდან. მათი ყველა მოთხოვნა, ძირითადად, ზეპირად ჟღერდება. ბოლო კომუნიკაცია შედგა 12 დეკემბერს უსაფრთხოების სამსახურთან. კომპანია ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად სწრაფად ასრულებს. დამფუძნებლები არიან უცხოური კომპანიები და მათი დოკუმენტების მოპოვება, თარგმნა, აპოსტილით დამოწმება იკავებს გარკვეულ დროს.
9.თ.უბერმა, თხოვნით მიმართა კომისიას, გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ვადები იმისთვის, რათა კომპანიამ შეასრულოს ყველა მოთხოვნა და აღმოფხვრან დარღვევა. შპს „რეტნ ჯი“-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რადგანაც შესაბამისმა სამსახურმა გააჟღერა, რომ 3 თვის ვადის ათვლა ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, 4 თვე დასჭირდებათ ვალდებულების შესასრულებლად, ასევე ტექნიკურ სამსახურს კიდევ ერთი თვე სჭირდება დამატებით იმისთვის, რომ სპეციალური მოწყობილობები დაამონტაჟონ.
10.შპს „რეტნ ჯი“-ს წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის კანონის ყველა მოთხოვნა შეასრულოს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და სრული ტექნიკური მზაობაა იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნების შესასრულებლად.
II. მარეგულირებელი კანონმდებლობა
11.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
12.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ60 ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.
13.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.
14.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.
15.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო- ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობისა და მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
16.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.
17.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
18.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43- ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
19.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
20.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია შეჩერდება დარღვევის აღმოფხვრამდე.
21.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.
III. სამოტივაციო ნაწილი
1. შესწავლილი მტკიცებულებები
22.კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2491, 10.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
23.შპს „რეტნ ჯი“-სთვის გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (Nგ-24-03/2852, 13/12/2024) კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
24.„შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
25.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „რეტნ ჯი”-ს შესახებ მონაცემები;
26.შპს „რეტნ ჯი“-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-24-6/5431;18.12.2024) თანდართული დოკუმენტაციით;
27.შპს „რეტნ ჯი“-ს წარმომადგენლის თ.უბერის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე.
2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
28.შპს „რეტნ ჯი“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 12/12/2019).
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
29.„შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის
2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „რეტნ ჯი“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 3,208.71 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „რეტნ ჯი“-ს დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „რეტნ ჯი“-ს ჩაბარდა 2024 წლის პირველ ნოემბერს.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2491, 10.12.2024); „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
30.შპს „რეტნ ჯი“-ს შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2491, 10.12.2024).
31.შპს „რეტნ ჯი“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური/იგივე დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
მტკიცებულება: „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს Nგ-24-18/363 გადაწყვეტილება; „შპს „რეტნ ჯი“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ“ კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილება.
3. სამართლებრივი შეფასება
32.კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „რეტნ ჯი“-ს შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „შპს „რეტნ ჯი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის Nგ-24-18/498 გადაწყვეტილება, რადგან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა. დასახელებული დარღვევისთვის კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებით დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კანონი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას უშუალოდ საქმიანობის დაწყებამდე. კომპანიამ დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლად დაიწყო საქმიანობა. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
33.როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
34.კომისიის მიერ დარღვევის იდენტიფიცირების, პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილებისა და ჯარიმის დაკისრების მიუხედავად კომპანია საქმიანობის დაწყებიდან დღემდე უწყვეტად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, შპს „რეტნ ჯი“ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის იმგვარად, რომ არ აქვს შესრულებული კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ექნებოდათ ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობა. შედეგად, კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, შესაძლებელია უფლებამოსილ ორგანოებს ხელი შეეშალოთ, სრულყოფილად განახორციელონ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები. ამ პირობებში კანონმდებლობის დარღვევით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება აზიანებს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს. ასევე გასათვალისწინებელია ის არსებითი გარემოება, რომ აღნიშნული ვალდებულება კომპანიას ავტორიზებული საქმიანობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა.
35.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შპს „რეტნ ჯი“-ს შეუჩერდეს ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე, რაც კომპანიას დააბრუნებს სამართლებრივ ჩარჩოში და ამდენად, კომპანია შეძლებს განაახლოს ავტორიზებული საქმიანობა მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. ამასთან, კომპანიას უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა ავტორიზაციის შეჩერებამდე მიიღოს სათანადო ზომები და მიაწოდოს ინფორმაცია მასთან საქმიან/სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს. ამრიგად, შპს „რეტნ ჯი“-ს უნდა შეუჩერდეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია 2025 წლის პირველი თებერვლიდან დარღვევის აღმოფხვრამდე. ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.
36.ამასთან, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობამ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების, 81 მუხლის მე-3 პუნქტის, 83 მუხლის პირველი პუნქტის, 191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების, VII თავისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს „რეტნ ჯი“-ს შეუჩერდეს ავტორიზაცია 2025 წლის პირველი თებერვლიდან დარღვევის აღმოფხვრამდე - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდებამდე;
2.განემარტოს შპს „რეტნ ჯი“-ს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „რეტნ ჯი“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „რეტნ ჯი“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ);
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი