წვდომის მენიუ

სს „სიაკომისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: გ-24-3 / 592

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2024 17:18

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024

სს „სიაკომისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ავტორიზებული პირი: სს „სიაკომ“.

სამართალდარღვევა: „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის მე-19   მუხლის   მე-2   პუნქტის   „ბ“   ქვეპუნქტის,   2 პუნქტის   „ე“   ქვეპუნქტისა   და   „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გ-24-18 / 497 გადაწყვეტილების დარღვევა.

წარმოების  დაწყების  საფუძველი:  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-10-2492, 10.12.2024).

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 19 დეკემბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.    კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათის  (N  24-10-2492, 10.12.2024)  თანახმად,  „სს  „სიაკომისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სიაკომს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის  N  გ-24-18/497  გადაწყვეტილებით  დაეკისრა  ჯარიმა  3000  ლარის  ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის   თანახმად, სს „სიაკომს“ დაევალა   ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

2.    ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სს „სიაკომს“ ჩაბარდა 2024 წლის 4 ნოემბერს. სს „სიაკომს“ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ უზრუნველყო ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სახეზეა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

3.    სს „სიაკომის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის  შესაძლო დარღვევის თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 19 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც, კომპანიას ეცნობა წერილობითი  შეტყობინებით  (N გ-24-03/2849, 13/12/2024),  რომელიც  გაეგზავნა  მის  მიერ კომისიაში წარმოდგენილ და კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება, ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-ss-siakoms1.page). ამავე       შეტყობინებით, კომპანიას განემარტა  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული      კოდექსის    98-ე   და 99-ე  მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის,  ადმინისტრაციულ  წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

4.    კომისიის  2024  წლის  19  დეკემბრის  სხდომას  ესწრებოდა  სს  „სიაკომის“  წარმომადგენელი ზ.მჭედლიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია არ არის სუბიექტი, რომელიც ურჩად არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებებს, არ თანამშრომლობს, ან სურს რამე გზით თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. მათი მთავარი პრობლემაა კანონმდებლობით გაწერილი ტექნიკური რეგულაციები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რის წინაშეც კომპანია უძლურია. ზ. მჭედლიშვილმა განმარტა, რომ კომისიის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მყისიერად გაუგზავნეს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს შეტყობინება, რომელმაც არ დააყოვნა პასუხი, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე,  საჭირო იყო კომპანიას მოეპოვებინა შესაბამისი დაშვება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თან დასართავად, საჭიროა მთელი რიგი დოკუმენტების მოძიება და გარკვეული პირობების დაკმაყოფილება. გარკვეული დოკუმენტაცია წარმოშობის ქვეყნიდან იყო მოსაძიებელი. მათ შემთხვევაში ეს იყო რუსეთი.  მათ დაიწყეს პროცედურები დაუყოვნებლივ, მიმართეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, წარუდგინეს სხვა მტკიცებულებები,   სხვა   დოკუმენტები,   რაც   აპლიკაციით   იყო   გათვალისწინებული. სს „სიაკომის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან, საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, საქმისმწარმოებელი ამბობს, რომ ვერანაირ ცნობას ვერ გასცემენ წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ასევე,  ვერ ამბობენ, კანონით გათვალისწინებულ 3 თვიან ვადას დაიცავენ თუ არა. ზ. მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ დანამდვილებით ვერ იტყვიან, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებას მიიღებენ თუ არა. თუ ასეთ დაშვებას ვერ მიიღებენ, შესაბამისი ზომები არსებობს ამისთვის და ისიც შესაძლებელია, რომ ამ საქმიანობას დაანებონ თავი თუ სხვა გზა არ იქნება. მაგრამ დღეის მდგომარეობით, კომპანია   კეთილსინდისიერად   მიჰყვება   დადგენილ   პროცედურებს.   მან  დაამატა,   რომ შეუძლიათ მხოლოდ სთხოვონ კომისიას, რომ გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და იქნებ გონივრული ვადა მიეცეთ.   მათი თხოვნაა, რომ არ შეუჩერონ ავტორიზაცია, ცდილობენ შეასრულონ ვალდებულება, ბოროტად არ სარგებლობენ გარემოებით და განზრახ არ მოქმედებენ.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის   მე-2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული  პირი  ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

6.  „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის  ჰ60 ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია არის ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება.

7.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   8 მუხლის   მე-3 პუნქტის მიხედვით, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და ინტერფეისები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტებით.

8.    „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  8 მუხლის  პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირება და შეინახოს ისინი ელექტრონული   კომუნიკაციის   მაიდენტიფიცირებელ   მონაცემთა   ცენტრალურ   ბანკში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განსახორციელებლად უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის შესაბამის მონაცემთა ბაზებზე. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების  კოპირების  ტექნიკური  წესი  და  პროცედურა განისაზღვრება  უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

9.    „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის  2პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრისა და მობილური საკომუნიკაციო     აღჭურვილობის    აქტივაციის     ფაქტის     დაფიქსირების     ტექნიკური შესაძლებლობისა   და   მისი   ფუნქციონირების  შეზღუდვის   (ბლოკირების)   ტექნიკური შესაძლებლობის       საქართველოს       კანონმდებლობით      დადგენილ   მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.1

10.  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის  2პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება.

11.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

12.  „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს   კანონის   მე-11   მუხლის   მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის

43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და  ვალდებულებების შესრულების  მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

14.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია შეჩერდება დარღვევის აღმოფხვრამდე.

15.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  ამ   მუხლის   პირველი  პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტით     გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

16.  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  (N  24-10-2492,10.12.2024);

17.  სს „სიაკომისთვის” გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-24-03/2849, 13/12/2024) კომისიის2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

18.  „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N გ-24-18/497 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

19.  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N24-10-2502, 11.12.2024);

20.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N 24-10-2507, 12.12.2024);

21.  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „სიაკომის“ შესახებ მონაცემები;

22.  სს „სიაკომის“ წარმომადგენლის ზ.მჭედლიშვილის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

23.  სს   „სიაკომ“  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული პირია (ავტორიზაციის თარიღი: 15/06/2023).

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

24.  „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სიაკომს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო  სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახე” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N გ-24-18/497 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილების დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, სს „სიაკომს“ დაევალა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს მე-19 მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ  მონაცემთა   ბაზების  კოპირების  ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება გადაწყვეტილების  ჩაბარებიდან  20  დღის  ვადაში. ზემოაღნიშნული  გადაწყვეტილება  სს „სიაკომს“ ჩაბარდა 2024 წლის 4 ნოემბერს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 24-

10-2492, 10.12.2024); „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N გ-24-18/497 გადაწყვეტილება და მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

25.  სს   „სიაკომს“   შესრულებული   არ   აქვს   „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 2პუნქტის   „ე“   ქვეპუნქტის   მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

მტკიცებულება:   კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N24-10-2492, 10.12.2024).

26. სს  „სიაკომს“  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში  ანალოგიური/იგივე  დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ დაკისრებული აქვს წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

მტკიცებულება: „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს N გ-24-18/362 გადაწყვეტილება; „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N გ-24-18/497 გადაწყვეტილება.

3. სამართლებრივი შეფასება

27. კომისიის მიერ დადგინდა, რომ სს „სიაკომს“ შესრულებული არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21     პუნქტის  „ე“  ქვეპუნქტის მოთხოვნა,   რომლის მიხედვითაც, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება. შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „სს „სიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ” კომისიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N გ-24-18/497 გადაწყვეტილება,  რადგან  კომისიის  მიერ  განსაზღვრულ  ვადაში  კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევა. დასახელებული დარღვევისთვის კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებით დაეკისრა წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, კანონი ითვალისწინებს ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას უშუალოდ საქმიანობის დაწყებამდე. კომპანიამ დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლად დაიწყო საქმიანობა. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

28. როგორც აღინიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის   191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,   კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

29. კომისიის მიერ დარღვევის იდენტიფიცირების, პასუხისმგებლობის სახით წერილობითი გაფრთხილებისა და ჯარიმის დაკისრების მიუხედავად კომპანია საქმიანობის დაწყებიდან დღემდე უწყვეტად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, სს „სიაკომი“ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის იმგვარად, რომ არ აქვს შესრულებული კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ექნებოდათ ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობა. შედეგად, კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, შესაძლებელია უფლებამოსილ ორგანოებს ხელი შეეშალოთ, სრულყოფილად განახორციელონ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები. ამ პირობებში კანონმდებლობის დარღვევით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება აზიანებს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს. ასევე გასათვალისწინებელია ის არსებითი გარემოება, რომ აღნიშნული ვალდებულება კომპანიას ავტორიზებული საქმიანობის დაწყებამდე უნდა შეესრულებინა.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სს „სიაკომს“ შეუჩერდეს ავტორიზაცია დარღვევის აღმოფხვრამდე, რაც კომპანიას დააბრუნებს სამართლებრივ ჩარჩოში და ამდენად, კომპანია შეძლებს განაახლოს ავტორიზებული საქმიანობა მას შემდეგ,   რაც უზრუნველყოფს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 21     პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ამ ინფორმაციას წარუდგენს კომისიას. ამასთან, კომპანიას უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა ავტორიზაციის შეჩერებამდე მიიღოს სათანადო ზომები და მიაწოდოს ინფორმაცია მასთან საქმიან/სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს. ამრიგად, სს „სიაკომს“ უნდა შეუჩერდეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია 2025 წლის პირველი თებერვლიდან დარღვევის აღმოფხვრამდე. ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

31. ამასთან,   კომპანიამ   უნდა   გაითვალისწინოს,   რომ   ავტორიზაციის   შეჩერება   ნიშნავს ავტორიზებული    საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ხოლო,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობამ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 2პუნქტის „ე“ და „ა.დ“ ქვეპუნქტების,   8მუხლის მე-3 პუნქტის, 8მუხლის პირველი პუნქტის, 191 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   95-ე   98-ე   და   99-ე მუხლების,  VII  თავისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.    სს  „სიაკომს“  შეუჩერდეს  ავტორიზაცია  2025  წლის  პირველი  თებერვლიდან  დარღვევის აღმოფხვრამდე - „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  მე-19  მუხლის 21 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდებამდე;

2.    განემარტოს  სს  „სიაკომს“,  რომ  ავტორიზაციის  შეჩერებისას  ავტორიზებული  პირის  მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;

3.    გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  კომისიის  ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4.    გადაწყვეტილება      შეიძლება      გასაჩივრდეს      თბილისის       საქალაქო      სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) სს „სიაკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.    დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას   (ო. ვოტ)  გადაწყვეტილების სს „სიაკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6.    დაევალოს     კომისიის     აპარატის     იურიდიულ     დეპარტამენტის     ავტორიზაციის     და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ);

8.    კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა   გადაწყვეტილების სარეზოლუციო  ნაწილის მე-3 და მე-5    პუნქტებისა)    დაევალოს    კომისიის    აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები