შპს „ჯიენელსის“ ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-24-4 / 140

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 12:39

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

შპს „ჯიენელსის“ ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

ავტორიზებული პირი: შპს „ჯიენელსი“;

წარმოების დაწყების საფუძველი: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2024 წლის 29 თებერვლის N24-10-482 მოხსენებითი ბარათი;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 28 მარტი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2024 წლის 29 თებერვლის და 20 მარტის (Nშ-24-10-482 და Nშ-24-10-609), კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის (Nშ-24-10-625) მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიენელსი“ 2022 წლის ივნისის თვიდან ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს და 2022 წლის ივნისის თვიდან 2023 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, ასევე 2024 წლის იანვრის თვიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. შპს „ჯიენელსი” არ ფიქსირდება კონტრაჰენტ ოპერატორად არცერთ ავტორიზებულ პირთან.

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის (Nშ-24-10-619) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ჯიენელსი“ არ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას და რეგისტრირებული აბონენტები არ ჰყავს.

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯიენელსის“ ავტორიზაციის შეჩერებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 28 მარტი.

4. შპს „ჯიენელსს”, საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა 2024 წლის 22 მარტს ელექტრონულ მისამართზე კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2024 წლის 25 მარტს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

5. 2024 წლის 28 მარტის კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიენელსის” წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ჯიენელსის” დაუსწრებლად.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული     კომუნიკაციების     სფეროში     განხორციელებულ     საქმიანობას,     ასევე     მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

11. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

12. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

III.  სამოტივაციო ნაწილი

1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

14. შპს „ჯიენელსი“ (ს/კ405534079) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მტკიცებულება:  ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან

15. კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილებით, კომპანია ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლებას 10000 (ათი ათასი) სააბონენტო ნომერზე (706011000-706011999) საქართველოს ტერიტორიაზე VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის.

2. სამართლებრივი შეფასება

16. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 191  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

17. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მხოლოდ ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად, პირი, რომელსაც შეუჩერდება ავტორიზაცია, არ უნდა ფლობდეს ნუმერაციის რესურსს. ასევე ამავე დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

18. შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ჯიენელსის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე და ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის საფუძველზე ასევე უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილება და გააუქმოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N714 უფლება.

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „ჯიენელსს“ (ს/კ405534079) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2. განემარტოს შპს „ჯიენელსს", რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. განემარტოს შპს „ჯიენელსს", რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. გაუქმდეს შპს „ჯიენელსის" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N714 უფლება და ცნობილი იქნას ძალადაკარგულად  კომისიის 2022 წლის 16 ივნისის №გ-22-15/266 გადაწყვეტილება;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ჯიენელსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  კომისიის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები