საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 149

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 01, 2024 13:39

მიღების თარიღი მარტი 28, 2024

საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: საქართველოში იაპონიის საელჩო

კომისიის სხდომის თარიღი: 28.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოში იაპონიის საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/575, 07.02.24) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის   მინიჭების თაობაზე.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს  შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული  წარმოების  წესით  ანიჭებს რადიოსიხშირეებს  დროებით − 1  წლის  ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (საქართველო მიერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) „მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია“.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი   პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 29-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში იაპონიის საელჩოს რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის უფლება № F 3054 შემდეგი პირობებით: სიხშირეები-160.025 მჰც და 165.875 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით-2024 წლის 8 აპრილიდან 2025 წლის 8 აპრილამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2. საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

4. დაევალოს საქართველოში იაპონიის საელჩოს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

8.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები