წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 429

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2024 13:42

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2024

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

კომისიის სხდომის თარიღი: 03.10.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№ შ-24-7/3950,10.09.24) 2023 წლის 12 ოქტომბრის №გ-23-7/482 გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დიაპაზონებში მინიჭებული 23 სიხშირის და დამატებით მეტრულ დიაპაზონში 2 სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3.  კომისია  აღნიშნავს,  რომ  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,  არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების  წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოდგენილი აქვს „შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“, რომლის მე-16 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას. აგრეთვე „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) „მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია“.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის  გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

7. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმება მე-16 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  განთავისუფლებული    უნდა    იქნას რადიოსიხშირული    სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან.

8. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) 29-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3131 და მიენიჭოს რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით - 2024 წლის 15 ოქტომბრიდან 2025 წლის 15  ოქტომბრამდე,   ოპერატიული  რადიოკავშირისთვის,   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე).

4. დაევალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე              წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები