წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 496

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2024 15:18

მიღების თარიღი ოქტომბერი 24, 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

განმცხადებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

კომისიის სხდომის თარიღი: 24.10.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-3/4593, 21.10.24 და № შ-24-3/4622, 23.10.24) მომართა საქართველოში დაგეგმილ (2024 წლის 28-29 ოქტომბერი) უნგრეთის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონ ვიქტორ ორბანის და საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, ბატონ პიტერ სიიარტოს ვიზიტთან დაკავშირებით, რადიოკავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

3. კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით გაიცეს უფლება 2 დღის ვადით, ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, გაიცეს უფლება 3 დღის  ვადით.

4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა)საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას;

ბ)„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

6.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და   29-ე მუხლის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F 3139 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 380.0125 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ორი დღით - 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საქართველოში ჩათვლით, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით.

2.მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F 3140 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 407.100 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, სამი დღით - 2024 წლის 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საქართველოში ჩათვლით, უნგრეთის უნგრეთის პრემიერ- მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით.

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;.

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები