წვდომის მენიუ

საფრანგეთის სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 604

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 31, 2024 0:10

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024

საფრანგეთის სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

განმცხადებელი: საფრანგეთის სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS)

კომისიის სხდომის თარიღი: 26.12.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიას  (შემდგომში  „კომისია“)  განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/4606, 22.10.24; № შ-24-7/4607, 22.10.24; № შ-24-7/4608, 22.10.24;№ შ-24-7/4609,  22.10.24; № შ-24-7/4610,22.10.24; № შ-24-7/4611,  22.10.24) მომართა საფრანგეთის სპორტის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (COMITE NATIONAL  OLYMPIQUE   SPORTLF FRANCAIS) (რეგისტრირებული France, JOURNAL OFFICIEL REPUBLIQUE FRANCAISE, 06/03/1922; ს.კ. № APE9312Z) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ექვსი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის  საერთო  სარგებლობის  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით,  დროებით  −    1 წლის  ვადით გამოყენებისათვის.

3.კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში EYOF Bakuriani 25 მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 9 დღის ვადით.

4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5.კომისია აღნიშნავს, რომ საფრანგეთის სპორტის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2024 წლის 17 და 23 დეკემბერს ჩარიცხა თანხა 6000 ლარის ექვივალენტი ევროში.

6.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს საფრანგეთის სპორტის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 3169 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 157.4875 მჰც, 157.525 მჰც, 157.5625 მჰც, 157.550 მჰც, 157.6625 მჰც და 157.575  მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში,  დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25 ჩატარებასთან დაკავშირებით, 9 დღით - 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საფრანგეთის სპორტის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე. 

4.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების საფრანგეთის სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) საფრანგეთის სპორტის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის (COMITE NATIONAL OLYMPIQUE SPORTLF FRANCAIS) ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები