მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2024
მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2024 17:46
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 6 ივნისს კომისიას მიმართა შპს „მაგთიკომმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/2582) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სიხშირული რესურსის ბლოკებზე: 10 მჰც (2X5 მჰც)800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, 20 მჰც (2X10 მჰც) 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, 60 მჰც (2X30 მჰც) 2600 მჰც FDD და 10 მჰც 2600 მჰც TDD სიხშირულ დიაპაზონში და 100 მჰც 3500 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2024 წლის 22 ივლისს კომისიას მიმართა შპს „სელფი მობაილმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/3139) და მოითხოვა აუქციონის გამოცხადება რადიოსიხშირული სპექტრის შემდეგ სიხშირულ რესურსზე: 1920 - 1925 მჰც 2110 – 2115 მჰც და 1965 - 1980 მჰც 2155 -2170 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს - ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.
კომისიამ მოთხოვნილი სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების მიზნით შეისყიდა საკონსულტაციო მომსახურება კომპანია ერნსტ&იანგისგან (საქართველოს წარმომადგენლობა შპს„იუაი“).
გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით მოთხოვნილი სიხშირული რესურსი თავისუფალია, კომისია მიზნად ისახავს აუქციონების ფარგლებში ხელმისაწვდომი გახადოს 700 მჰც, 800 მჰც, 3410–3710 მჰც, 2100 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ ზოლში არსებული სიხშირული რესურსი შემდეგი მოცულობებით:
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
სპექტრის სიდიდე, მჰც |
800 |
20 |
700 |
40 |
3410-3710 |
200 |
2600 |
170 |
2100 |
20 |
ამასთან დოკუმენტში „1 მჰც სიხშირის პოტენციური საბაზრო ღირებულებების ფასების ანალიზი
700 მჰც, 800 მჰც, 2100 მჰც, 2600 მჰც, 3400-3800 მჰც დიაპაზონში“ წარმოდგენილი გათვლების გათვალისწინებით, თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
1 მჰც სპექტრის ღირებულება (ლარი) |
800 |
2,373,585 |
700 |
2,062,560 |
3410-3710 |
278,133 |
2600 |
183,429 |
2100 |
1,420,673 |
კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელების მომიჯნავე (თანმიმდევრულ) ბლოკებზე დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, აუქციონები უნდა გამოცხადდეს:
ა) ორ კომბინირებულ (ერთი კონკრეტული, ერთი აბსტრაქტული) ლოტზე. თითოეული კომბინირებული ლოტი შედგება ორი სხვადასხვა სიხშირული სპექტრის დიაპაზონისგან: 700 მჰც დიაპაზონი 2X5 მჰც სიხშირული ზოლი და 3410-3710 მჰც დიაპაზონი 50 მჰც სიხშირული ზოლი;
ბ) ორ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 700 მჰც სიხშირულ ზოლში, თითოეული 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსით, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში;
გ) ორ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 3410–3710 მჰც სიხშირულ ზოლში, თითოეული 50 მჰც სიხშირული რესურსი 3410-3710 მჰც რესურსის ფარგლებში;
დ) შვიდ ცალკე მდგომ (სამი კონკრეტული, ოთხი აბსტრაქტული) ლოტზე 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში, თითოეული 20 მჰც (2X10 მჰც) სიხშირული რესურსით;
ე) ორ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში, თითოეული 10 მჰც სიხშირული რესურსით;
ვ) ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში: ვ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც 2570-2575 მჰც სიხშირული ზოლი; ვ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5 მჰც 2615-2620 მჰც სიხშირული ზოლი;
ზ) ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე 800 მჰც სიხშირულ ზოლში:
ზ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 791-796 მჰც (Up-link) და
832-837 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში;
ზ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 816-821 მჰც (Up-link) და
857-862 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში;
თ) ორ ცალკე მდგომ აბსტრაქტულ ლოტზე 2100 მჰც სიხშირულ ზოლში:
თ.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
თ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში;
ლიცენზიების დაფარვის ძირითადი ვალდებულებების განსაზღვრისას კომისიამ გაითვალისწინა მრავალი ფაქტორი, მათ შორის კომერციული მიმზიდველობა და 7 წლიან პერიოდზე გადაანაწილა
10,000-ზე მეტი მოსახლეობის მქონე დასახლებული პუნქტების დაფარვა. გარდა დასახლებული პუნქტების დაფარვისა კომისიას მიაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურისტული ზონების, პორტების, აეროპორტების, საგზაო მაგისტრალების და რკინიგზის მაგისტრალის დაფარვა 5G სერვისებით. რკინიგზის მაგისტრალებზე დანერგილი 5G სერვისები უკვე ფართოდ გამოიყენება როგორც სატვირთო გადაზიდვებში ასევე, მგზავრთა გადაყვანის კუთხით ევროპის ფარგლებში. ამასთან, 5G ტექნოლოგიის ფარგლებში შეთავაზებული IoT (საგნების ინტერნეტის)და M2M მომსახურებებისთვის მნიშვნელოვანია საგზაო მაგისტრალების დაფარვა 5G სერვისებით.
საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ლიცენზიის მფლობელი, ვალდებული იქნება შეასრულოს CEPT-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამისი დიაპაზონების მიხედვით. ასევე, უზრუვნელყოს კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით სხვა ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებული იქნება საქართველოს სახელმწიფოს მიერ. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებული იქნება რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ- გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკაზე დატანილი სახით, კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:
მომსახურებით დაფარვის ზონას, რომელიც გამოქვეყნების მომენტისთვის აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (.SHP ფაილის ფორმატში);
დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);
გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.
ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.
კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა, გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. ამასთან, ინფორმაციის წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის და მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის განხილვას,.
კომისია აღნიშნავს, რომ კომბინირებული ლოტის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობა უნდა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის). ლიცენზიით განსაზღვრული დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“, ხოლო წლებით განსაზღვრული დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილი იქნება დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის და ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით, ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას; იმისთვის, რომ განსაზღვრული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ 700, 3410-3710, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3410 -3710 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 და 2600 დიაპაზონებისთვის).
გლობალური პანდემიის თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, 5G ქსელის განვითარება საკმაოდ დაგვიანდა საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამაც აუწყოს ფეხი თანამედროვე ტენდენციებს და ხელი შეუწყოს ახალი თაობის ტექნოლოგიებისა და მომსახურებების სწრაფად და ეფექტურად დანერგვას. გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ინოვაციური ტექნოლოგიების და მომსახურებების დანერგვაში მნიშვნელოვან როლს პატარა კომპანიები თამაშობენ, რომლებიც დინამიურობით და მოქნილობით ხასიათდებიან. ფაქტია ისიც, რომ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებმა საქართველოში დღემდე ფეხი ვერ მოიკიდეს, თუ არ ჩავთვლით ერთეულ საგამონაკლისო შემთხვევას. კომისიას მიაჩნია, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოშიც შეუძლიათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, საქართველოში არ არიან ფართოდ განვითარებულები, მათ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ დამოუკიდებლად განავითარონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუმცა ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ საკუთარ ქსელზე დაშვების შემთხვევაში, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორები შეძლებენ, რომ მათ ხელთა არსებული რესურსი და ცოდნა გამოიყენონ ქვეყანაში ახალი თაობის ტექნოლოგიების და მომსახურებების განსავითარებლად. მეორეს მხრივ, ასეთი ოპერატორებისთვის საკუთარ ქსელზე დაშვება დამატებით შემოსავალს მოუტანს ქსელის მფლობელ ოპერატორებსაც. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ კომისიამაც, როგორც დარგის მარეგულირებელმა ორგანომ ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია რომ 700,3410-3710, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონის ყველა იმ ლოტის გამარჯვებულს, რომელიც ითვალისწინებს MVNO დაშვების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა არსებული ქსელის ოპერატორი იქნება თუ ბაზარზე ახალი შემომსვლელი, უნდა დაეკისროს ვალდებულება უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე საბითუმო დაშვება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით (მიუხედავად იმისა MVNO იქნება ახალი შემომსვლელი, თუ ბაზარზე უკვე არსებული მოთამაშე);
შესაბამის ქსელზე საბითუმო დაშვების შეთანხმების ფარგლები და პირობები არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციულ შედეგებს მობილური ვირტუალური ქსელის მომსახურების მიმწოდებლისთვის: აღნიშნული დაშვება გულისხმობს, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს ეძლეოდეს შესაძლებლობა საკუთარ მომხმარებლებს მიაწოდოს ლიცენზიის მფლობელის სერვისის ანალოგიური მომსახურება როგორც მიწოდების ხარისხით, მოცულობითა და სიჩქარით, ისე გეოგრაფიული დაფარვის არეალით; ვალდებულება უნდა გავრცელდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ყველა შესაძლო ალტერნატიული მოდელის მიმართ.
700, 3410-3710, 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მფლობელმა ამ ლიცენზიის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაშვების მსურველთან მოლაპარაკების შეუფერხებლად წარმართვა და არ შეუქმნას დაშვების მსურველს ადმინისტრაციული, სამართლებრივი, ტექნიკური ბარიერები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა წამოაყენოს ისეთი პირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი არ არის შეთანხმების დადებისათვის და სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის;
ლიცენზიის მფლობელმა უნდა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა (რომელიც უნდა შეიცავდეს დაშვების პირობებს, გარდა ფასისა) მის ხელთ არსებულ, აუქციონზე შეძენილ სიხშირის სპექტრში საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს მსურველი პირის მომართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში (თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან), ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ აცნობოს კომისიას. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება ექნებათ მომართონ კომისიას, რომელიც დავას განიხილავს მხარეთა მორიგების სულისკვეთებით.
ამასთან კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულება უნდა გავრცელდეს 2031 წლის 1 იანვრამდე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.
ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ 700 მჰც და 800 მჰც სიხშირეებს ტექნიკური კუთხით მსგავსი მახასიათებლები და უკეთესად გავრცელების თვისებები აქვთ, ხოლო 3410-3710 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონი სიხშირეები უფრო ფართო ზოლს უზრუნველყოფს მაღალი სიმძლავრის საბაზო სადგურების განვითარებისთვის, რომლებიც შეძლებენ ტრაფიკის გატარებას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. მაღალი გამტარობა, რომელსაც 3410-3710 მჰც და 2600 მჰც სიხშირული ზოლები გვთავაზობს, აუცილებელია 5G ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის. შესაბამისად, ხარისხიანი და სრულყოფილი 5G მომსახურებების მისაწოდებლად მობილური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დაბალი, 1 გჰც-მდე დიაპაზონში არსებული სიხშირული რესურსი, ასევე, ზედა 3410-3710 მჰც დიაპაზონში არსებული სიხშირული რესურსი. ასევე, გასათვალისწინებელია აღნიშნული სიხშირული რესურსის ამოწურვადი ხასიათი და ის კონკურენტული უპირატესობა და კონკურენციის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც გამოწვეული იქნება ისეთი მდგომარეობით, თუ რომელიმე ოპერატორის სარგებლობაში იქნება აღნიშნული რესურსის მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომისია წინამდებარე აუქციონების ფარგლებში ადგენს რადიოსიხშირული რესურსის შემდეგ მაქსიმალურ ოდენობას:
ა) 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - 20 მჰც;
ბ) 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონში - 100 მჰც; გ) 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში - 20 მჰც;
დ) 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად - 60 მჰც (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 5მჰც-იან ლოტებზე);
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცალკე მდგომ ლოტებზე არ განიხილება დაფარვის ვალდებულებების გავრცელება და აღნიშნულ ლოტებზე გავრცელდება მხოლოდ MVNO ოპერატორის ქსელზე დაშვების ვალდებულება, მიზანშეწონილია, რომ ცალკე მდგომ ლოტებზე გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული აკრძალვა არ უნდა გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც აუქციონების ჩატარების მომენტისთვის ფლობს 700 მჰც და 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას. ასევე მიზანშეწონილია, 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ოთხი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში და ამასთან ერთად 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ორი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში. კომისიას ასევე მიაჩნია, რომ 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში 2570-2575 მჰც სიხშირის ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონების ჩატარების მომენტისთვის ფლობს 2600 მჰც TDD სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას და მასზე უნდა გავრცელდეს მხოლოდ 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში აბსტრაქტულ ლოტებზე გამოცხადებული ოთხი აუქციონიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში გამარჯვებასთან დაკავშირებული წინაპირობა. ხელშეშლის არიდების მიზნით 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორ ცალკე მდგომ კონკრეტულ ლოტში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა ცალკე მდგომი ფაქტობრივი ლოტის მიმდებარე FDD და TDD ლოტები.
კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ
რადიოსიხშირულ დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა დადგინდეს შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე შემდეგი ფორმულით: P= Pn*C-B სადაც: P - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში; Pn - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა; C - ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა(მჰცების) ოდენობაა; B - სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ, აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კომპანია ერნსტ&იანგის (საქართველოს წარმომადგენლობა შპს „იუაი“) ექსპერტების დახმარებით თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში დაანგარიშებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
ა) 800 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 2,373,585.00 ლარი. ბ) 700 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 2,062,560.00 ლარი;
გ) 3410-3710 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 278,133.00 ლარი; დ) 2600 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 183,429.00 ლარი;
ე) 2100 მჰც დიაპაზონში 1 მჰც-ის სავარაუდო ღირებულება - 1,420,673.00 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ აუქციონის ფარგლებში კომბინირებული/ცალკე მდგომი ლოტებისთვის (გარდა 800 მჰც და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში ხელმისაწვდომი ლოტებისა) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური უნდა გაანგარიშდეს კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იქნება მაქსიმალური 20% - ის ოდენობით სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულების გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის ფარგლებში ორივე კომბინირებულ ლოტს გააჩნია დაფარვის ერთნაირი ვალდებულებები. ამასთან აუქციონისადმი მეტი დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს მიეცეს არჩევის საშუალება შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულებით ან ამ ვალდებულების გარეშე. აღნიშნული ვალდებულების მოხსნის სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებული იქნება, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ იმ პირს, რომელიც შეიძენს კომბინირებულ ლოტს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე, შესაძლებლობა მიეცეს, ცალკე მდგომ აუქციონებში გამარჯვების შემთხვევაში, მოითხოვოს ამ აუქციონის ფარგლებში შეძენილ სიხშირეზე არ გავრცელდეს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულება, თუ აღნიშნული ვალდებულების მოხსნის სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებული პირი გადაიხდის იმ თანხას, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების გარეშე გამოტანის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული მეთოდით დათვლილმა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა:
ა) პირველი კომბინირებული ლოტისთვის შეადგინა - 27 625 800 ლარი; ბ) მეორე კომბინირებული ლოტისთვის შეადგინა - 27 625 800 ლარი;
გ) 700 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 16 500 480 ლარი; დ) 3410 – 3710 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 11 125
320 ლარი;
ე) 800 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 23 735 850 ლარი; ვ) 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 2 934 864 ლარი;
ზ) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 1
467 432 ლარი;
თ) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი კონკრეტული ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 733 716 ლარი.
ი) 2100 მჰც სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 14 206 730 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად. ასევე ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) აღნიშნული წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას.
შესაბამისად, 2024 წლის 5 აგვისტოს კომისიის №გ-24-23/339 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით. კომისიის
2024 წლის 5 აგვისტოს №გ-24-23/339 და 29 აგვისტოს №გ-24-19/377 გადაწყვეტილებებით ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 12 სექტემბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად კანონმდებლობით დადგენილი ვადა. 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „სელფი მობაილის“ და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები გამოცხადდა შესვენება და სხდომა განახლდა 2024 წლის 19 სექტემბერს. სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „სელფი მობაილის“ და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები.
საჯარო კონსულტაციების პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი პოზიციების განხილვის შედეგად, მოხდა სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშებაში გარკვეული კორექტირებების შეტანა, კერძოდ გასწორდა რამდენიმე მექანიკური შეცდომა და ამასთან, გათვალისწინებულ იქნა კომენტარი გათვლებში მსყიდველობითი უნარის (PPP) ეფექტის გამოყენების შესახებ, კერძოდ ბენჩმარკინგ მეთოდოლოგიაში ფასების კორექტირებისთვის გამოყენებული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაკორექტდა ქვეყნებს შორის არსებული მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მაჩვენებლებით. ზემოაღნიშნული გადაანგარიშების შედეგად თითოეულ სიხშირულ დიაპაზონში 1 მჰც სიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულება შეადგენს:
სიხშირული დიაპაზონი, მჰც |
1 მჰც სპექტრის ღირებულება (ლარი) |
800 |
2,697 474 |
700 |
2,801 829 |
3410-3710 |
369 201 |
2600 |
366 632 |
2100 |
1,506 302 |
შესაბამისად გადაანგარიშდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასური, რომელმაც:
ა) პირველი კომბინირებული ლოტისთვის შეადგინა - 37 182 672 ლარი; ბ) მეორე კომბინირებული ლოტისთვის შეადგინა - 37 182 672 ლარი;
გ) 700 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 22 414 632 ლარი; დ) 3410 – 3710 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 14 768
040 ლარი;
ე) 800 მჰც სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 26 974 740 ლარი; ვ) 2600 მჰც FDD სიხშირულ ზოლში ცალკე მდგომი თითოეული ლოტისთვის შეადგინა - 5 866 112 ლარი;
ზ) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 2
933 056 ლარი;
თ) 2600 მჰც TDD სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი კონკრეტული ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 1 466 528 ლარი.
ი) 2100 მჰც სიხშირულ ზოლში ორი ცალკე მდგომი ლოტიდან თითოეულისთვის შეადგინა - 15 063
020 ლარი.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია, გაითვალისწინოს დაინტერესებული პირის კომენტარები დაბა მესტიის, კურორტ შოვის, საავტომობილო გზის ჟინვალი-კორშას და ჟინვალი - შატილის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლების: გუდანის, ბისოს და ხახმატის დაფარვის ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასევე გათვალისწინებულ იქნა დაინტერესებული პირის კომენტარი აეროპორტების დაფარვის ვალდებულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული და დაინტერესებული პირების სხვა კომენტარები, დეტალურად ასახულია კომენტარების განხილვის ცხრილში და წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან ერთი სამუშაო დღე - 2024 წლის 20 სექტემბერი დასახელდა.
კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“, შპს „სელფი მობაილის“ და სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 472 მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონი მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 713–718 მჰც და Downlink 768–773 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3410-3460 მჰც რესურსის ფარგლებში;
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის);
ე.ბ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 700 და
3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-
2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე, რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3410 -3710 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 მჰც დიაპაზონისთვის).
ე.გ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ
„საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში და ტურისტულ ზონებში განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4):
გადაწყვეტილების სრული ვერსია იხილეთ PDF ფაილად (მიმაგრებულ ფაილებში)
- დართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილებიSHP.rar
- 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_3__.xlsx
- 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია_.pdf
- 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24,_დანართი_1_-_ტექნიკური_პირობები_.pdf
- 396_-_გადაწყვეტილება_გ-24-8-396,_20.09_.24_.pdf