წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-24-8 / 454

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2024 14:21

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2024

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან პირველი აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 18 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის

09:00   საათიდან   7   ოქტომბრის   17:00   საათამდე   მიმდინარეობდა.   კომისიის   2024   წლის   20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 713–718 მჰც და Downlink 768–773 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3410-3460 მჰც რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი. ასევე ამავე გადაწყვეტილების 26-ე პუნქტის თანახმად ლიცენზიის მაძიებელი შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის№გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 და №2 აუქციონებიდან მხოლოდ ერთ აუქციონში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%- ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ  რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (ს/კ 204876606) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-11/4275,30.09.24). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს თხუთმეტ აუქციონში 700 მჰც, 800 მჰც, 3410-3710 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოპოვების მიზნით. განაცხადში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ აუქციონში (აუქციონებში) გამარჯვების შემთხვევაში, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა ნიკოლოზ დავითაშვილზე და დავით ძიძიგურზე, სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი 15 საგადახდო დავალება (სულ 15000 ლარის) და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის გადახდის დამადასტურებელი შვიდი საგადახდო დავალება, კერძოდ:

ა) 3 718 268 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132598; ბ) 2 241 464 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132599; გ) 1 476 804 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132600; დ) 2 697 474 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132604;

ე) 586 612 ლარის გადახდის დამადასტურებელი სამი საგადახდო დავალება №№ 132601, 132602,132603.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ უფლებამისილი წარმომადგენლები ნიკოლოზ დავითაშვილი და დავით ძიძიგური. სხდომაზე ნიკოლოზ დავითაშვილმა დაადასტურა კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში მონაწილეობის სურვილი. კომისიის სააუქციონო სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან ასევე შპს მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული№1 აუქციონის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის 10%–ის (3 718 268 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №132598.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „მაგთიკომი“ 700 ან 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არ ფლობს სიხშირულ რესურსს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, Uplink 713–718 მჰც და Downlink 768–773 მჰც რესურსის ფარგლებში და 50 მჰც სიხშირულ რესურსს 3410-3460 მჰც რესურსის ფარგლებში კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში შპს „მაგთიკომის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 10 მჰც რესურსის მფლობელი, ხოლო 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 50 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა  აუქციონში შპს „მაგთიკომის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51  მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (37 182 672 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 859 134 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 39 041 806 (ოცდაცხრამეტი მილიონ ორმოცდაერთი ათას რვაასექვსი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე.კ) ქვეპუნქტის თანახმად ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს განსაზღვრული აქვს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების  ვალდებულება.  ამავე  ქვეპუნქტის  შენიშვნის  თანახმად აუქციონში  გამარჯვებული პირი  უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების  გარეშე გამოტანის შემთხვევაში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების თანახმად აუქციონის ფარგლებში კომბინირებული/ცალკე მდგომი ლოტებისთვის (გარდა 800 მჰც და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში ხელმისაწვდომი ლოტებისა) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური   გაანგარიშდა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იყო მაქსიმალური 20% - ის ოდენობით სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის თხოვნის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა 2024 წლის 30 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ განაცხადში დაფიქსირებული პოზიცია და მოითხოვა აუქციონით გათვალისწინებულ სიხშირულ რესურსზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. შესაბამისად გადაანგარიშდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური და აუქციონის ბიჯი. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების  გარეშე შეადგინა 46 478 340 (ორმოცდაექვსი მილიონ ოთხასსამოცდათვრამეტი ათას სამასორმოცი) ლარი, აუქციონის ბიჯმა 2 323 917 (ორი მილიონ სამასოცდასამი ათას ცხრაასჩვიდმეტი) ლარი, ხოლო შპს „მაგთიკომის“ მიერ გადასახდელმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა 48 802 257 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აღნიშნული თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე  მუხლის  მე-5  პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“ (ს/კ 204876606), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 48 802 257.00 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 48 802 257.00 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის 30%-ს - 14 640 677.10 (თოთხმეტი მილიონ ექვსასორმოცი ათას ექვსასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3 718 268.00 (სამი მილიონ შვიდასთვრამეტი ათას ორასსამოცდარვა) ლარი ანუ  - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და  ათი  თეთრი) ლარის  გადახდა  ერთი  თვის  ვადაში  საქართველოს  ცენტრალურ  სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 34 161 579.90 (ოცდათოთხმეტი მილიონ ასსამოცდაერთი ათას ხუთასსამოცდაცხრამეტი და 90) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „მაგთიკომის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 3 718 268.00 (სამი მილიონ შვიდასთვრამეტი ათას ორასსამოცდარვა) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები