წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 (ცალკე მდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-24-8 / 461

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2024 13:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2024

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 (ცალკე მდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან №3 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 21 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 27-ე პუნქტის თანახმად №3-№21 აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 22 414 632 (ოცდაორი მილიონ ოთხასთოთხმეტი ათას ექვსასოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 120 732 (ერთი მილიონ ასოცი ათას შვიდასოცდათორმეტი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (ს/კ204876606) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-11/4275,30.09.24). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს თხუთმეტ აუქციონში 700 მჰც, 800 მჰც, 3410-3710 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოპოვების მიზნით. განაცხადში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ აუქციონში (აუქციონებში) გამარჯვების შემთხვევაში, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა ნიკოლოზ დავითაშვილზე და დავით ძიძიგურზე, სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი 15 საგადახდო დავალება (სულ 15000 ლარის) და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის გადახდის დამადასტურებელი შვიდი საგადახდო დავალება, კერძოდ:

ა) 3 718 268 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132598;

ბ) 2 241 464 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132599;

გ) 1 476 804 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132600;

დ) 2 697 474 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132604;

ე) 586 612 ლარის გადახდის დამადასტურებელი სამი საგადახდო დავალება №№132601,132602,132603.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ უფლებამისილი წარმომადგენლები ნიკოლოზ დავითაშვილი და დავით ძიძიგური. სხდომაზე ნიკოლოზ დავითაშვილმა დაადასტურა კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 (ცალკე მდგომ) აუქციონში მონაწილეობის  სურვილი. კომისიის სააუქციონო სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან. შპს მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 22 414 632 (ოცდაორი მილიონ ოთხასთოთხმეტი ათას ექვსასოცდათორმეტი) ლარის 10%–ის (2 241 464 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №132599. ასევე კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილებით შპს “მაგთიკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „მაგთიკომი“ კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-1/455 გადაწყვეტილებით 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ფლობს 10 მჰც სიხშირულ რესურსს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში, კომისიის 2024 წლის  20  სექტემბრის   №გ-24-8/396  გადაწყვეტილებით  გამოცხადებულ  №3  აუქციონში  შპს „მაგთიკომის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 700 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 20 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა აუქციონში შპს „მაგთიკომის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51  მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (22 414 632 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 120 732 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო   ოდენობის - 23 535 364 (ოცდასამი მილიონ ხუთასოცდათხუთმეტი ათას სამასსამოცდაოთხი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ე.ბ) ქვეპუნქტის თანახმად ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს განსაზღვრული აქვს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულება. ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის  თანახმად აუქციონში გამარჯვებული პირი  უფლებამოსილია, აუქციონში გამარჯვებისთანავე მოითხოვოს ამ სიხშირულ რესურსზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მოხსნა. ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სიხშირული რესურსის მისაღებად გადაიხადოს ის თანხა, რომლის გადახდაც მას მოუწევდა აღნიშნული სიხშირული რესურსის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების  გარეშე გამოტანის შემთხვევაში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილების თანახმად აუქციონის ფარგლებში კომბინირებული/ცალკე მდგომი ლოტებისთვის (გარდა 800 მჰც და 2100 მჰც სიხშირულ ზოლში ხელმისაწვდომი ლოტებისა) რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური   გაანგარიშდა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, სადაც რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების პროცენტული ფასდაკლება განსაზღვრული იყო მაქსიმალური 20% - ის ოდენობით სალიცენზიო MVNO დაშვების ვალდებულების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის თხოვნის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა 2024 წლის 30 სექტემბერს კომისიაში წარმოდგენილ განაცხადში დაფიქსირებული პოზიცია და მოითხოვა აუქციონით გათვალისწინებულ სიხშირულ რესურსზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. შესაბამისად გადაანგარიშდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური და აუქციონის ბიჯი. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისმა საფასურმა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის საბითუმო დაშვების ვალდებულების  გარეშე შეადგინა 28 018 290 (ოცდარვა მილიონ თვრამეტი ათას ორასოთხმოცდაათი) ლარი, აუქციონის ბიჯმა 1 400 915 (ერთი მილიონ ოთხასი ათას ცხრაასთხუთმეტი) ლარი, ხოლო შპს „მაგთიკომის“ მიერ გადასახდელმა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურმა 29 419 205 (ოცდაცხრა მილიონ ოთხასცხრამეტი ათას ორასხუთი) ლარი. კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აღნიშნული თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №3 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“ (ს/კ 204876606), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 29 419 205 (ოცდაცხრა მილიონ ოთხასცხრამეტი ათას ორასხუთი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 29 419 205 (ოცდაცხრა მილიონ ოთხასცხრამეტი ათას ორასხუთი) ლარის 30%-ს-8 825 761.50 (რვა მილიონ რვაასოცდახუთი ათას შვიდასსამოცდაერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 2 241 464 (ორი მილიონ ორასორმოცდაერთი ათას ოთხასსამოცდაოთხი) ლარი ანუ -6 584 297.50 (ექვსი მილიონ ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 20 593 443.50 (ოცი მილიონ ხუთასოთხმოცდაცამეტი ათას ოთხასორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 6 584 297.50 (ექვსი მილიონ ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 6 584 297.50 (ექვსი მილიონ ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „მაგთიკომის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 2 241 464 (ორი მილიონ ორასორმოცდაერთი ათას ოთხასსამოცდაოთხი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები