წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №8 (ცალკე მდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-24-8 / 463

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2024 14:18

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2024

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №8 (ცალკე მდგომ) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან №8 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 21 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №8 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, 10 მჰც (2X5  მჰც)  სიხშირული  რესურსი,  816-821  მჰც  (Up-link) და  857-862  მჰც  (Down-link) რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 800 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 27-ე პუნქტის თანახმად №3-№21 აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №8 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 26 974 740 (ოცდაექვსი მილიონ ცხრაასსამოცდათოთხმეტი ათას შვიდასორმოცი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 348 737 (ერთი მილიონ სამასორმოცდარვა ათას შვიდასოცდაჩვიდმეტი).

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (ს/კ 204876606) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-11/4275, 30.09.24). განაცხადის შესაბამისად, კომპანიას სურს მონაწილეობა მიიღოს თხუთმეტ აუქციონში 700 მჰც, 800 მჰც, 3410-3710 მჰც და 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოპოვების მიზნით. განაცხადში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ აუქციონში (აუქციონებში) გამარჯვების შემთხვევაში, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების ვალდებულების მოხსნა. განცხადებაზე თანდართულია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მინდობილობა ნიკოლოზ დავითაშვილზე და დავით ძიძიგურზე, სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი 15 საგადახდო დავალება (სულ 15000 ლარის) და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის გადახდის დამადასტურებელი შვიდი საგადახდო დავალება, კერძოდ:

ა) 3 718 268 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132598;

ბ) 2 241 464 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132599;

გ) 1 476 804 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132600;

დ) 2 697 474 ლარის გადახდის დამადასტურებელი ერთი საგადახდო დავალება №132604;

ე) 586 612 ლარის გადახდის დამადასტურებელი სამი საგადახდო დავალება №№ 132601, 132602, 132603.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონი გაიმართა კომისიის 2024 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ უფლებამისილი წარმომადგენლები ნიკოლოზ დავითაშვილი და დავით ძიძიგური. სხდომაზე ნიკოლოზ დავითაშვილმა დაადასტურა კომისიის 2024  წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396  გადაწყვეტილებით  გამოცხადებულ  №8  (ცალკე  მდგომ) აუქციონში   მონაწილეობის  სურვილი. კომისიის სააუქციონო სხდომაზე  აღინიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან. შპს მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №8 აუქციონის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 26 974 740 (ოცდაექვსი მილიონ ცხრაასსამოცდათოთხმეტი ათას შვიდასორმოცი) 10%–ის (2 697 474 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება №132604. ასევე კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილებით შპს “მაგთიკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №8 აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 800 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით შპს „მაგთიკომი“ კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №349/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F99 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირულ რესურსს, 801-806 მჰც (Up-link) და 842-847 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396   გადაწყვეტილებით   გამოცხადებული   №8 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსს, 791-796 მჰც (Up-link) და 832-837 მჰც (Down-link) რესურსის ფარგლებში, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №8 აუქციონში შპს „მაგთიკომის“ გამარჯვების შემთხვევაში იგი გახდება 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სულ 20 მჰც რესურსის მფლობელი. შესაბამისად სხდომაზე არ გამოვლენილა აუქციონში შპს „მაგთიკომის“ მონაწილეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-51  მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (26 974 740 ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 348 737 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის  -  28 323 477 (ოცდარვა მილიონ სამასოცდასამი ათას ოთხასსამოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის,„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №8 აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“ (ს/კ 204876606), რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 28 323 477 (ოცდარვა მილიონ სამასოცდასამი ათას ოთხასსამოცდაჩვიდმეტი) ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 28 323 477 (ოცდარვა მილიონ სამასოცდასამი ათას ოთხასსამოცდაჩვიდმეტი) ლარის 30%-ს - 8 497 043.10 (რვა მილიონ ოთხასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორმოცდასამი ლარი და ათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2 697 474 (ორი მილიონ ექვსასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასსამოცდათოთხმეტი) ლარი ანუ  - 5 799 569.10 (ხუთი მილიონ შვიდასოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთასსამოცდაცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 19 826 433.90 (ცხრამეტი მილიონ რვაასოცდაექვსი ათას ოთხასოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

4. შპს „მაგთიკომი“ ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5 799 569.10 (ხუთი მილიონ შვიდასოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთასსამოცდაცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5 799 569.10 (ხუთი მილიონ შვიდასოთხმოცდაცხრამეტი ათას ხუთასსამოცდაცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) შპს „მაგთიკომის“ მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის 2 697 474 (ორი მილიონ ექვსასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასსამოცდათოთხმეტი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „მაგთიკომისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები