მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 05, 2024 20:22
მიღების თარიღი ივლისი 25, 2024
მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ
1. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 28 მარტს მიიღო N გ-24-23/163 გადაწყვეტილება „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 6 ივნისი.
2. 2022 წლიდან კომისიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის კომლექსური კვლევა) პროექტზე, რომელიც, მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარებას.
3. კომპლექსური კვლევა ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (‘’Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement“, შემდგომში ‘’AA Facility“) პროექტის ფარგლებში ჩატარდა., პროექტის ფარგლებში შერჩეულმა, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებმა, კომისიის გუნდთან ერთად, განახორციელეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების წინასწარი კვლევა. ეკონომიკურმა, სამართლებრივმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა, ბაზრის სრულფასოვანი შესწავლის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) შესთავაზეს რეკომენდაციები ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის მიმართულებებით.
4. ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის
გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით წინასწარი კვლევის ჩარჩოს და შედეგების რევიზია განხორციელდა ევროკომისიის სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.
5. აღნიშნული წინასწარი კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ 2024 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“, რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.
6. წინასწარი კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი, რომელიც საფუძველზეც დადგინდა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები.
7. მეორე ეტაპზე ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესაბამის, დადგენილ საბითუმო ბაზრების სეგმენტებზე შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების არსებობა და შემუშავდა რეკომენდაციები იმგვარ სპეციფიკურ ვალდებულებებზე, რომელიც მიჩნეულ იქნა პროპორციულად თანაზომად მექანიზმად საბითუმო ბაზრების შესაბამის სეგმენტებზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
8. კომისიის მიერ უზრუნველყოფილ იქნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული წინასწარი კვლევის დოკუმენტების დაინტერესებული მხარეებისთვის სამუშაო შეხვედრებზე გაცნობა კვლევაში ჩართული ევროპელი ექსპერტების მიერ, და ამასთან, არაფორმალური კონსულტაციების ფორმატში მომზადებული დოკუმენტები გაუზიარა მათ და განუსაზღვრა შესაბამისი ვადა, თუმცა მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
9. კომისია წინამდებარე დოკუმენტით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე გაითვალისწინებს წინასწარი კვლევის შედეგებსა და დასკვნებს.
2. მარეგულირებელი კანონმდებლობა
2.1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად:
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.
2. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით.
3. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად:
1. მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა; დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით.
2. მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას კომისია ითვალისწინებს იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვაროვნად განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებს.
4. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ანალიზურ ფაქტორებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებულ კონიუნქტურას, კონცენტრაციის დონეს და ავტორიზებული პირების მიერ დაკავებულ ფარდობით საბაზრო წილებს; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების მახასიათებლებს (ელასტიურობა, მოთხოვნის ზრდა და სხვ.), აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების პირობებს; გ) პოტენციურად არაკონკურენტული მომსახურების და ურთიერთ შენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ტარიფების დონეებს და მათ ისტორიულ ცვალებადობას; დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და ავტორიზაციის მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელ ინფრასტრუქტურულ და დინამიკურ ფაქტორებს, შესაბამის საინვესტიციო რისკებს; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხს და ხასიათს; ზ) სხვა დაკავშირებულ მახასიათებლებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.
5. კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.
6. კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.
8. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.
9. თუ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აღნიშნული პირებისათვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს ამ კანონის V თავის შესაბამისად.
10. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.
11. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა; ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.
12. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დადგენისას და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავს ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. მეორეულ კრიტერიუმებს ანალიზური ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით; ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება; გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების კონკრეტული პირობები; დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც ავტორიზებული პირი დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად.
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება: ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად:
1. სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.
2. სპეციფიკური ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით; თუ კომისიამ არ განსაზღვრა ეს თარიღი, ავტორიზებულმა პირმა კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
3. კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში.
4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.
2. ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.
3. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადება, აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის წინადადებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა.
4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი მომსახურების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადების გამოქვეყნება, რომელიც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი დაშვების ქსელთან დაშვების, მათ შორის, ერთობლივი დაშვებისა და კომისიის მიერ დადგენილ სხვა არსებით პირობებს.
5. ინფორმაცია, რომელიც არსებითად დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას, არ არის დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის კომერციული საიდუმლოება.
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთჩართვას უზრუნველყოფას.
3. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს მსურველ ავტორიზებულ პირს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს მოცემულია მის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებაში. უკეთესი პირობების შეთავაზებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიზნით, ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება თავისი მოწვევის წინადადების შესაბამის პირობებში.
5. მსურველი ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებისგან განსხვავებული პირობებით დაშვების წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია თავის მოწვევის წინადადებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ან დამატებები, გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების აღნიშნული პირობები.
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.
3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის, წარმოდგენა. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისი გადაწყვეტილებით საჯარო გახადოს ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ან იმ ნაწილში, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას.
4. ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე მომსახურების ბაზარზე შეთავაზებული საბითუმო და შიდა საწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა.
11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.
2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე.
3. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.
4. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებით განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.
5. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის მოწვევის წინადადების არსებით პირობებს, ან/და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.
7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარების დონეს; ბ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს; გ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გასაწევი ინვესტიციების მოცულობას და შესაბამის საინვესტიციო რისკებს; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფის აუცილებლობას; ვ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.
8. კომისიის გადაწყვეტილებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევება, რომელთა გამოყენებასაც დასაბუთებულად ითხოვს მსურველი ავტორიზებული პირი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი განცალკევება მას ადრე არ განუხორციელებია.
9. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევებაზე, თუ მისი განხორციელება: ა) ტექნიკურად ან ტექნოლოგიურად შეუძლებელია ან დაარღვევს ოპერატორის ქსელის მთლიანობას (ინტეგრირებულობას); ბ) ქსელის ელემენტის მოთხოვნილი სიმძლავრის არასაკმარისობის პირობებში შეზღუდავს სხვა ოპერატორებისათვის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; გ) არსებითად არ არის დაკავშირებული მოთხოვნილი დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან.
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.
3. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისას კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს:
ა) ავტორიზებული პირის მიერ დაწესებული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი პროცედურების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაბუთება;
ბ) ავტორიზებული პირის მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;
გ) ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი, კონკურენციის შემზღუდველი ტარიფების ცვლილება;
დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზღვრული ტარიფები.
4. დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
5. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების პროცედურები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტორიზებული პირების მიერ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.
6. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ავტორიზებული პირი კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად ქმნის დანახარჯების აღრიცხვის სისტემას, აქვეყნებს მის აღწერას, წარუდგენს კომისიას და ხარჯების აღრიცხვას აწარმოებს ამ სისტემის შესაბამისად.
2.2. კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურები“ (შემდგომში - პროცედურები).
1. პროცედურების მე-5 მუხლის შესაბამისად, კონკურენციის წინასწარი რეგულირების პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან: ა) საფეხური 1 – საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების დადგენა; ბ) საფეხური 2 – იმის შეფასება, იქნება თუ არა საცალო ბაზრის სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში. თუ დადგინდა, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში – კონკურენციის არსებული და პოტენციური პრობლემების გამოვლენა; გ) საფეხური 3 – თუ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, შესაბამისი ბაზრის იმ სეგმენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რომლის რეგულირებაც აღმოფხვრის მე-2 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ კონკურენციის არსებულ და პოტენციურ პრობლემებს. პირველ რიგში განისაზღვრება საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზრის სეგმენტზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე; დ) საფეხური 4 – მე-3 საფეხურის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შეფასება ამ პროცედურებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტის გამოყენებით, იმის დასადგენად, უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა იგი პოტენციურად წინასწარ რეგულირებას; ე) საფეხური 5 – მე-4 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრა; ვ) საფეხური 6 – მე-5 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ისთვის, ანალიზის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის პრობლემებთან მიმართებით, პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება.
2. პროცედურების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვარი მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჩამნაცვლებლად ან ურთიერთ ჩანაცვლებად არა მხოლოდ მათი ობიექტური მახასიათებლების, ფასების ან დანიშნულების, არამედ, აგრეთვე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის პირობების ან/და მიწოდებისა და მოთხოვნის სტრუქტურის მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვრები დგინდება მიწოდებისა და მოთხოვნის ურთიერთ ჩანაცვლებადობის განსაზღვრის გზით.
3. პროცედურების მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. საწყის ეტაპზე კომისიამ უნდა დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სამიზნე მომსახურება, რომლის შეთავაზება ხორციელდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში და, შესაძლოა, დაექვემდებაროს სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებას. შემდგომ ეტაპზე კომისია აფასებს რამდენად ექვემდებარება აღნიშნული მომსახურება კონკურენტულ შეზღუდვას ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურებების მხრიდან. შემდგომში კომისია აჯგუფებს ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებებს ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვან ჯგუფებად და განიხილავს მათ ბაზრის ერთი შესაბამისი სეგმენტის ფარგლებში ბაზრის კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონის და მათი ისტორიული ცვალებადობის გათვალისწინებით. შესაბამისი მომსახურებების ურთიერთ ჩანაცვლებადობის ხარისხი უნდა იყო საკმარისად მაღალი. მომსახურებები, რომელთა ურთიერთ ჩანაცვლებადობის ხარისხი დაბალია, კომისიის მხრიდან არ უნდა იქნეს განხილული ბაზრის იმავე სეგმენტის საზღვრებში.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრა არ არის მექანიკური და აბსტრაქტული პროცესი. იგი საჭიროებს ბაზარზე წარსული ქცევის განმსაზღვრელი ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოების ანალიზს და სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებას. კომისია ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრავს მომსახურებების სპექტრს, რომლებსაც ბაზრის მონაწილე ავტორიზებული პირების მომხმარებლები აღიქვამენ ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებებად, აგრეთვე მათი ჩანაცვლებადობის ხარისხს. კომისიის მიერ გაანალიზებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიცავდეს ინდიკატორებს, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებლების მხრიდან მომსახურებების ჩანაცვლების მიზეზებს. შესაძლოა, ასეთი ინდიკატორების კატეგორიებს მიეკუთვნებოდეს მომხმარებლის პრეფერენციები მომსახურების კონკრეტულ მახასიათებლებთან, ფასებთან, სხვა მომსახურებაზე გადასვლის ბარიერებთან და ხარჯებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მომსახურებაზე გადასვლის ხარჯი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ან ხელი შეუშალოს კონკრეტული მომსახურების ჩანაცვლებას, მაშინ ასეთი მომსახურება ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებად არ განიხილება. სხვა მომსახურებაზე გადასვლის ხარჯი შესაძლოა, მოიცავდეს ტერმინალური მოწყობილობების ღირებულებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის დაწესებულ პირგასამტეხლოსა და ა.შ.
3. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრისას კომისიამ უნდა გამოავლინოს ყველა ის ავტორიზებული პირი, რომელიც საქმიანობს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და, აგრეთვე, ის ავტორიზებული/ავტორიზაციის გავლის მსურველი პირები, რომლებიც პოტენციურად ფლობენ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების მოკლევადიან პერიოდში განხორციელების (ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა) შესაძლებლობას.
4. საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრისას კომისია აფასებს, არის თუ არა საკმარისი მომხმარებელთა ჯგუფებს შორის განსხვავებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიურ დანახარჯებში, ხელშეკრულებების პირობებსა და მის ხანგრძლივობაში, მოხმარების საჭიროებაში, მომსახურების მიღებისთვის თანხის გადახდის მზაობაში ან სხვა ანალოგიურ მახასიათებლებში მათ ბაზრის სხვადასხვა შესაბამის სეგმენტში მოსაქცევად.
5. შესაძლოა კომისიამ ბაზრის ორი ან რამდენიმე სეგმენტი ბაზრის ერთიანი სეგმენტის ფარგლებში მოაქციოს, თუ სრულდება არანაკლებ ერთი ქვემოთ მოცემული პირობა:
ა) ცალკეულ მომსახურებებს გააჩნიათ ერთგვაროვანი კონკურენტული მახასიათებლები, რაც გულისხმობს, რომ თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურებების მიმწოდებლების ქცევაც ერთგვაროვანი იქნება; ან/და ბ) ბაზარზე მოქმედებს საერთო სატარიფო შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მოსალოდნელია მიმწოდებლების ფასები და ქცევა იყოს ერთგვაროვანი ბაზრის თითოეული განხილული სეგმენტის ფარგლებში.
4. პროცედურების მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვრების დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვარი არის გეოგრაფიული არეალი, რომლის ფარგლებშიც ბაზრის პროდუქციულ სეგმენტზე წარმოდგენილი ავტორიზებული პირები ახორციელებენ საქმიანობას, კონკურენტული პირობები საკმარისად ერთგვაროვანია და რომელიც შესაძლებელია გამოირჩეოდეს მეზობელი გეოგრაფიული არეალებისგან, სადაც არსებითი კონკურენტული პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. არეალები, რომლებშიც განსხვავებული კონკურენტული პირობებია არ განეკუთვნება ბაზრის ერთიან სეგმენტს.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები უნდა დადგინდეს ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების ქცევის შეზღუდვების განსაზღვრის გზით, მათ შორის, ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურებების არსებობით გამოწვეული ტარიფების დაწესების შეზღუდვების გათვალისწინებით. მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლება კონკურენტული შეზღუდვის ორი ძირითადი ფაქტორია, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ გეოგრაფიული არეალის განსაზღვრისას, სადაც მომსახურების მიწოდება ბაზრის გეოგრაფიულად განცალკევებული შესაბამისი სეგმენტია. შესაბამისი გეოგრაფიული არეალების ჩანაცვლებადობის ხარისხი უნდა იყო საკმარისად მაღალი. გარდა ამისა, კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, არის თუ არა ავტორიზებული პირ(ებ)ის ქმედება მისი ქსელის ფარგლებში ერთგვაროვანი, ან იმყოფება თუ არა იგი კონკურენციის აშკარად განსხვავებულ პირობებში იმგვარად, რომ მისი ქმედებები შეიძლება შეიზღუდოს გარკვეულ არეალში.
3. გეოგრაფიული სეგმენტის განსაზღვრისას გამოიყენება ამ პროცედურების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მიწოდებისა და მოთხოვნის ურთიერთ ჩანაცვლებადობის შეფასების პრინციპები.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების სექტორში, როგორც წესი, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები დგინდება 2 მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე: ა) ქსელის დაფარვის არეალი; და ბ) სამართლებრივი და სხვა მარეგულირებელი ინსტრუმენტების არსებობა.
5. კომისიის მიერ სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის დადგენა შესაძლოა ეფუძნებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: კონკურენტების რაოდენობა და მათი შესაძლებლობები, ბაზრის ხვედრითი წილების განაწილება, დიფერენცირებული ფასები, მომსახურებაზე მოთხოვნის პირობები, განსხვავებული კომერციული პირობები ან მარკეტინგული სტრატეგიები.
6. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები იყოს საკმარისად მცირე, რათა თავიდან იქნეს აცილებული თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულში კონკურენტული პირობების მნიშვნელოვანი ვარიაციების არსებობა და საკმარისად დიდი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკრო ანალიზი, რომელიც მოითხოვს დიდ რესურსებს და შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ფრაგმენტაცია; ბ) აისახოს ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირის ქსელის სტრუქტურა; გ) ბაზრის გეოგრაფიულ სეგმენტს ჰქონდეს მკაფიო და სტაბილური საზღვრები დროის განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც გულისხმობს ბაზრის მიმდინარე ანალიზიდან ბაზრის შემდეგი ანალიზის დასრულებამდე პერიოდს.
7. კომისიამ შესაძლოა ბაზრის ერთიანი სეგმენტის ფარგლებში მოაქციოს ორი ან რამდენიმე გეოგრაფიული ბაზრის სეგმენტი, თუ სრულდება არანაკლებ ერთი ქვემოთ მოცემული პირობა:
ა) ცალკეულ მომსახურებებს გააჩნიათ ერთგვაროვანი კონკურენტული მახასიათებლები, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული მომსახურებების მიმწოდებლების ქცევაც ერთგვაროვანი იქნება თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში; ან/და ბ) ბაზარზე მოქმედებს საერთო სატარიფო შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მიმწოდებლების ფასები და ქცევა მოსალოდნელია, რომ ერთგვაროვანი იქნება თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში.
8. ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას რაოდენობრივი კრიტერიუმების სახით, შესაძლოა, შესაბამისი ბაზრის სეგმენტის კონიუნქტურისა და კონკურენტული მახასიათებლების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმები, მათ შორის, ჰიპოთეტური მონოპოლისტის ტესტი.
5. პროცედურების მე-10 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის ანალიზის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საცალო ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის კონკურენტუნარიანობის შეფასება, რომელიც (რომლებიც) განისაზღვრა ამ პროცედურების II თავის შესაბამისად.
2. კომისია ბაზრის ანალიზის პროცესში ადგენს, არის თუ არა ბაზრის საცალო სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი საბითუმო რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში და მდგრადია თუ არა ბაზარზე არსებული ეფექტიანი კონკურენტული გარემო.
3. კომისიამ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება უნდა განახორციელოს მომავალზე ორიენტირებულობის პრინციპით, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ბაზრის განსაზღვრული სეგმენტის სავარაუდო განვითარების შეფასების გზით. ამ პროცესში კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივა მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობის თვალსაზრისით ბაზრის არსებული პირობების და მათი სავარაუდო განვითარების გათვალისწინებით.
4. ბაზრის ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საბითუმო, საცალო ან/და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების მონაცემებს.
5. განხილვის შესაბამისი პერიოდის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს ბაზრის მიმდინარე ანალიზის დასრულებიდან შემდგომი ბაზრის ანალიზის დასრულებამდე, რომლის ფარგლებშიც კომისია შეაფასებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სპეციფიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განხილული საცალო სეგმენტი ან მისი შესაბამისი ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი საბითუმო სეგმენტი ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების საფუძველზე, კომისიის მიერ არსებული საბაზრო პირობების შეფასება, ისევე როგორც ბაზრის სეგმენტის განვითარების მოსალოდნელი ან პროგნოზირებადი ტენდენციების შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარი რეგულირების არარსებობის ჰიპოთეტური დაშვებით. ეს მეთოდი ცნობილია როგორც „მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომა“. კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, საცალო და მასთან დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე მოქმედი, სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის ეფექტი.
6. პროცედურების მე-11 მუხლის თანახმად:
1. მე-10 მუხლში მითითებული შეფასება აჩვენებს, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი მიდრეკილია ეფექტიანი კონკურენციისკენ მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომის გათვალისწინებით, კომისიამ უნდა დაასკვნას, რომ არ არის საჭირო ამ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის და მისი აღმავალი საბითუმო სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირება და თუ საცალო ან მისი აღმავალი საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი უკვე ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას, კომისია აუქმებს დაწესებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
2. თუ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია დაადგენს, რომ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი არ ხასიათდება ეფექტიანი კონკურენციით და კონკურენციის დაბალი დონე შენარჩუნდება საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების არარსებობის შემთხვევაში, კომისიამ უნდა შეაფასოს, შესაძლებელია თუ არა კონკურენციის დაბალი დონით გამოწვეული მომხმარებელთა ზიანის რისკი აღმოიფხვრას საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირებით.
3. პირველ რიგში მოთხოვნისა და მიწოდების (რამდენადაც ეს აქტუალურია) ურთიერთჩანაცვლებადობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და ამ პროცედურების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტით შეფასდეს საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას – ე. ი. რომლის წინასწარი რეგულირება საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ პროცესში კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ზოგიერთი საცალო ბაზრის სეგმენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საბითუმო ბაზრის ერთზე მეტ სეგმენტთან. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზარზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემ(ებ)ის აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე მოდიფიცირებული გრინფილდის მეთოდის გამოყენებით. თუ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია დაადგენს, რომ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი არ ხასიათდება ეფექტიანი კონკურენციით და კონკურენციის დაბალი დონე შენარჩუნდება საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების არარსებობის შემთხვევაში, კომისიამ უნდა შეაფასოს, შესაძლებელია თუ არა კონკურენციის დაბალი დონით გამოწვეული მომხმარებელთა ზიანის რისკი აღმოიფხვრას საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირებით, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირველ რიგში მოთხოვნისა და მიწოდების (რამდენადაც ეს აქტუალურია) ურთიერთჩანაცვლებადობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და ამ პროცედურების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტით შეფასდეს საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას – ე. ი. რომლის წინასწარი რეგულირება საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ პროცესში კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ზოგიერთი საცალო ბაზრის სეგმენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საბითუმო ბაზრის ერთზე მეტ სეგმენტთან. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზარზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემ(ებ)ის აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე მოდიფიცირებული გრინფილდის მეთოდის გამოყენებით.
4. ბაზრის ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საბითუმო, საცალო ან/და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების მონაცემებს.
5. განხილვის შესაბამისი პერიოდის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს ბაზრის მიმდინარე ანალიზის დასრულებიდან შემდგომი ბაზრის ანალიზის დასრულებამდე, რომლის ფარგლებშიც კომისია შეაფასებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სპეციფიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განხილული საცალო სეგმენტი ან მისი შესაბამისი ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი საბითუმო სეგმენტი ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების საფუძველზე, კომისიის მიერ არსებული საბაზრო პირობების შეფასება, ისევე როგორც ბაზრის სეგმენტის განვითარების მოსალოდნელი ან პროგნოზირებადი ტენდენციების შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარი რეგულირების არარსებობის ჰიპოთეტური დაშვებით. ეს მეთოდი ცნობილია როგორც „მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომა“. კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, საცალო და მასთან დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე მოქმედი, სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის ეფექტი.
7. პროცედურების მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის სეგმენტად შემდეგი სამი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) სახეზეა ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები;
ბ) სახეზეა ბაზრის სტრუქტურა, რომელიც დროის შესაბამის ჰორიზონტში არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული და სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით;
გ) კონკურენციის სამართალი არ არის საკმარისი ბაზრის იდენტიფიცირებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის შეფასების სტანდარტები:
ა) პირველი კრიტერიუმი დაკავშირებულია ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი ბარიერების არსებობასთან, რომლის ფარგლებშიც უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ბაზარზე შესვლა და დადგინდეს ავტორიზებული პირის ბაზარზე წარმატებულ შესვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. ავტორიზებული პირისათვის ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი ბარიერი შეიძლება იყოს: სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი:
ა.ა) სტრუქტურული ბარიერების არსებობა გამომდინარეობს დანახარჯების ან მოთხოვნის სტრუქტურიდან, რომელიც განსაზღვრავს ასიმეტრიულ პირობებს ბაზარზე მოქმედ და ახალ შემსვლელ ავტორიზებულ პირებს შორის, რაც აფერხებს ან გამორიცხავს ამ უკანასკნელთა ბაზარზე შესვლას. მაღალი სტრუქტურული ბარიერები ვლინდება იქ, სადაც, ბაზარი ხასიათდება უპირატესობებით აბსოლუტური ხარჯების, მასშტაბის ეკონომიისა და ქსელის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამასთან, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედებდეს სიმძლავრეების შეზღუდვები და ბაზარზე შესვლა დაკავშირებული იყოს მაღალი არადაბრუნებადი ხარჯების გაწევასთან. გარდა ამისა, ბაზარზე შესვლის მაღალი სტრუქტურული ბარიერების არსებობა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბაზარზე არსებულ გარემოსთან, როდესაც მომსახურების მიწოდება მოითხოვს ქსელის კომპონენტს, რომლის დუბლირება ტექნიკურად შეუძლებელია ან არ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი;
ა.ბ) სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები – ასეთი ტიპის ბარიერებს შესაძლებელია ჰქონდეს პირდაპირი ეფექტი ავტორიზებული პირების ბაზარზე შესვლის ან/და პოზიციონირების პირობებზე. რეგულირებულ სექტორში ავტორიზაციის პროცედურებს, ტერიტორიულ შეზღუდვებს, უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ მოთხოვნებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის შემაკავებელი ან შემაყოვნებელი ეფექტი. სამართლებრივი და მარეგულირებელი ბარიერი, რომელიც სავარაუდოა, რომ გაუქმდება 3 წლის ვადაში, როგორც წესი, არ იქნება განხილული ბაზარზე შესვლის ბარიერად პირველი კრიტერიუმის მიზნებისთვის;
ბ) მეორე კრიტერიუმი მოიცავს იმის განსაზღვრას, არის თუ არა დროის შესაბამის ჰორიზონტში ბაზრის სტრუქტურა ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციის მდგომარეობისა და პერსპექტივის, აგრეთვე ბაზარზე შესვლის ბარიერების მიღმა არსებული სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით. კონკურენციის დონის ეფექტიანობის შეფასებისას, კომისიამ უნდა აჩვენოს, რომ წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი არ გახდება ეფექტიანად კონკურენტუნარიანი შემდეგი კვლევის ჩატარებამდე პერიოდში და კვლევისას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომლის მიხედვითაც, წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი შესაძლებელია გახდეს ეფექტიანად კონკურენტული მომავალ პერიოდ(ებ)ში;
გ) მესამე კრიტერიუმი მიზნად ისახავს ბაზარზე კონკურენციის შემაფერხებელი არაგარდამავალი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ზოგადი კონკურენციის სამართლის საკმარისობის შეფასებას, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში დადგენილმა სპეციფიკურმა ვალდებულებებმა შეიძლება ეფექტიანად აღკვეთოს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები. შესაძლოა, ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერვენციები არ იყოს საკმარისი, თუ ბაზარზე არსებული კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ხშირი ან/და დროული ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კონკურენციის წინასწარი რეგულირება უნდა იქნეს განხილული ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობის ქმედით შემავსებლად. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, რომელიც ხასიათდება ეფექტიანი და მდგრადი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციით, ზოგადი კონკურენციის სამართლით გათვალისწინებული მიდგომების გამოყენება საკმარისი იქნება.
8. პროცედურების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ავტორიზებულ პირს გააჩნია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, გამოირიცხება ერთობლივი საბაზრო ძალაუფლების არსებობა და მისი შემოწმების საჭიროება.
9. პროცედურების მე-15 მუხლის შესაბამისად:
1. ავტორიზებული პირი მიიჩნევა ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ის ერთპიროვნულად სარგებლობს დომინანტური მდგომარეობის შესატყვისი პოზიციით, ე.ი. მას გააჩნია საკმარისი ეკონომიკური ძალა, რომელიც აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი მაჩვენებელი – იგი განიხილება ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა. კომისიამ ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი სხვა ავტორიზებული პირების საბაზრო ხვედრითი წილების შესახებ მონაცემების დინამიკა. აღნიშნული გარემოება, სხვა რელევანტურ კრიტერიუმებთან ერთად, განსაზღვრავს, მიდრეკილია თუ არა ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ.
3. ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ძირითად კრიტერიუმთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მეორეული კრიტერიუმები. შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის მეორეულ კრიტერიუმებად ბაზრის სტრუქტურიდან და კონკურენტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს:
ა) რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა - ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით ბაზარზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობა, შეზღუდულ სიხშირულ სპექტრზე ხელმისაწვდომობა, ან საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ქსელის ისეთი გეოგრაფიული მასშტაბებით გავრცელება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა და კონკრეტულ ავტორიზებულ პირს სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან სხვა ალტერნატიული ავტორიზებული პირისათვის ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრის ანალიზისას კომისიამ უნდა მოახდინოს ასეთი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება და უნდა შეაფასოს საბაზრო ძალაუფლებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობა;
ბ) ტექნოლოგიური უპირატესობები – ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობამ და ძვირადღირებული პატენტებისა და ლიცენზიების ფლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ავტორიზებული პირის მიერ ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან კონსოლიდაციას. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს, ზემოაღნიშნული აქტივების ფლობა რამდენად აძლევს ავტორიზებულ პირს კონკურენტებისგან და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას;
გ) მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე ან/და არარსებობა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ისეთი მდგომარეობა, როდესაც არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს არ გააჩნიათ მომსახურების შეძენის ფასზე ან სხვა მომსახურების პირობებზე გავლენის მოხდენის საკმარისი შესაძლებლობა ან რეგულაციის არარსებობისას საბითუმო მომსახურების მომხმარებელ ავტორიზებულ პირებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისგან მიიღონ მომსახურება კონკურენტული პირობებით. გარდა ამისა, მსყიდველობითი ძალაუფლების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობა;
დ) კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან მარტივი ან პრივილეგირებული წვდომის შესაძლებლობა – ავტორიზებული პირის მდგომარეობა, რომელიც მისი მოცულობიდან, საკუთრების ტიპიდან, ან ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფთან ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის ამ ავტორიზებული პირის სხვებთან შედარებით მარტივ დაშვებას, როგორც შიდა, ასევე გარე კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან, ინვესტიციების განხორციელების, ქსელის განახლების ან/და ქსელის გაფართოების საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები (მომსახურების პაკეტები) – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დივერსიფიცირებული მომსახურების სახეების პორტფელის მქონე ავტორიზებულ პირს მომხმარებლებისთვის არჩევანის და მიმზიდველობის თვალსაზრისით, სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, უკეთესი პოზიცია გააჩნია. ამ კუთხით მომსახურების დივერსიფიცირება ავტორიზებულ პირს აძლევს მომხმარებლების ბაზის მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალებას;
ვ) მასშტაბის ეკონომია – დიდი მოცულობით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიას, რაც განპირობებულია ავტორიზებული პირის მთლიანი დანახარჯების მიწოდებული მომსახურების ერთეულებს შორის გადანაწილებით;
ზ) მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია) – ამ კრიტერიუმს გააჩნია მასშტაბის ეკონომიის ანალოგიური ეფექტი, თუმცა ხარჯის შემცირება მიიღწევა ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის საშუალებით მიწოდებული სხვადასხვა ტიპის მომსახურებას შორის ფიქსირებული და ზედნადები დანახარჯების განაწილების შედეგად;
თ) ქსელის პირდაპირი და ირიბი ეფექტი:
თ.ა) ქსელის პირდაპირი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომხმარებლისთვის მომსახურების ღირებულება გამომდინარეობს სხვა მომხმარებლების მხრიდან ასეთი მომსახურების გაზრდილი მოხმარებიდან;
თ.ბ) ქსელის ირიბი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომსახურების ღირებულება იზრდება ამ მომსახურების შემავსებელი მომსახურებების მოხმარების ზრდით;
ი) ვერტიკალური ინტეგრაცია – ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირები არიან ეკონომიკური აგენტები, რომლებიც საქმიანობენ მომსახურების მიწოდების ღირებულებათა ვერტიკალური ჯაჭვის როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე, რაც მათ ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, რადგან მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდება, მომსახურების მიწოდების კონტროლი და ბაზრის პოტენციურ ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება;
კ) სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელი – სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელის მქონე ავტორიზებული პირები სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, რადგან აღნიშნული ფაქტორი ზრდის მომსახურების შეძენის ხელმისაწვდომობას არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის. ხსენებული კრიტერიუმის გამოყენება მნიშვნელოვანია საცალო ბაზრის სეგმენტის ანალიზის პროცესში;
ლ) პოტენციური კონკურენტების არარსებობა – მიწოდების მხარის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პოტენციურ კონკურენტებად განიხილებიან ის ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ბაზრის ანალიზის პერიოდისთვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა ბაზრის ამ სეგმენტზე ფასების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ზრდის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა, გააფართოონ მათი მომსახურების პორტფელი ან/და საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და დაიწყონ აღნიშნული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
მ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები – ეს ბარიერები დამახასიათებელია გაჯერებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ავტორიზებული პირისთვის ბაზრის სეგმენტზე ზრდის/გაფართოების საჭირო შესაძლებლობებს, იწვევს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემოს (კონკურენტების არსებული რაოდენობის) კონსერვაციას, რამაც, შესაძლოა, გააუარესოს ბაზარზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე კრიტერიუმი, შესაძლოა, განცალკევებულად არ იყოს საკმარისი ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრისთვის. კომისიამ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველადი კრიტერიუმის კომბინირებულად შეფასების გზით.
5. ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების შეფასებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების პარალელურად ან მათი ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულის ეკვივალენტური კრიტერიუმები.
10. პროცედურების მე-17 მუხლის შესაბამისად:
1. კომისიამ სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას უნდა გამოიყენოს სტატიკური და დინამიკური მიდგომები, რათა დაკისრებულმა სპეციფიკურმა ვალდებულებებმა ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს განვითარებას. სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა განხორციელდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ პროცედურების მე-4 მუხლით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირების პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით და ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი მოთხოვნები:
ა) სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაწესდეს უპირატესად საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და მხოლოდ იმ ბაზრის მხოლოდ იმ სეგმენტებზე, რომლებიც არ ხასიათდება კონკურენციის ეფექტიანი დონით;
ბ) სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უნდა განხორციელდეს კონკურენციასთან დაკავშირებით გამოვლენილი არსებული ან პოტენციური პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
გ) სპეციფიკური ვალდებულებები უნდა იყოს კონკურენციასთან დაკავშირებით გამოვლენილი, დადასტურებული პრობლემის პროპორციული და ტექნიკურად შესრულებადი;
დ) სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა მოხდეს მათი ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით.
2. სპეციფიკური ვალდებულებების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი ბოროტად გამოყენების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათს, უნდა იყოს თანაზომიერი და დასაბუთებული.
3. საქართველოს ტელეკომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის ტენდენციები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდეგში „კომისია“) მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს მიღებულ იქნა Nგ-20-9/156 გადაწყვეტილება ,,მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილებით მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები ‘’SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განისაზღვრა 3 (სამი) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი: შპს “მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“ და შპს „ვიონი საქართველო” (ამჟამად - შპს „სელფი მობაილი“).
კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებით, მობილური ქსელით მომსახურების (ხმოვანი, ინტერნეტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები „SMS“) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს “მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს „ვიონი საქართველო” (ამჟამად - შპს „სელფი მობაილი“)ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით: ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება; დ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება; ე) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ინფორმაციის გამჭირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს განესაზღვრა ვალდებულება გამოექვეყნებინათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის Nგ-20-9/156 გადაწყვეტილებაში შესული ცვლილებების (კომისიის 2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775; 2021 წლის 18 ნოემბერის Nგ-21-19/622; 2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596; 2023 წლის 29 ივნისის Nგ-23-19/306 გადაწყვეტილებები) შედეგად, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) გამოქვეყნება, შესაბამისად, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) ქსელთან დაშვების უზრუნველყოფის ვალდებულება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა.
კომისიამ ამ გადაწყვეტილებების(2020 წლის 24 სექტემბრის Nგ-20-19/775; 2021 წლის 18 ნოემბერის Nგ-21-19/622; 2022 წლის 29 დეკემბრის Nგ-22-19/596; 2023 წლის 29 ივნისის Nგ-23-19/306) მიღებისას იხელმძღვანელა სამი წინაპირობით: 1. მობილურ ქსელზე ვირტუალური დაშვების მსურველი ოპერატორებისა და ქსელის მფლობელი ოპერატორების მიერ ღიად გაცხადებული მოლაპარაკებების შედეგების შესაფასებლად აუცილებელი იყო დამატებითი დრო; 2. კომისია აკვირდებოდა მობილური მომსახურებების ბაზრის დინამიკას, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ განიცდიდა არსებით ცვლილებებს; 3. 2022 წელს კომისიამ დაიწყო სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევისა და ანალიზის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური კვლევა, რათა განსაზღვრულიყო შესაბამისი საბითუმო ბაზრების რეგულირების საჭიროება.
,,მობილური ქსელით საცალო ხმოვანი მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N267/9 გადაწყვეტილებით; ,,მობილური ქსელით ინტერნეტ მომსახურების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების (’’SMS“) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 30 აპრილის N268/9 გადაწყვეტილებითა და „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-9/559, გადაწყვეტილებებით, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მობილური ქსელით ინტერნეტ საცალო მომსახურებების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების პროცედურების“ მიხედვით მომზადებული, ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
საქართველოში ტელეკომ ბაზრის წამყვანი მოთამაშეები შპს “მაგთიკომი” და სს „სილქნეტი“ წარმოადგენენ ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი მომსახურებების ინტეგრირებულ პროვაიდერებს, რაც მიღწეულ იქნა ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მსხვილი კონცენტრაციით. შპს „მაგთიკომმა“, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მობილური ქსელის ოპერატორი იყო, შეიძინა შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიმართულება 2016 წელს და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი შპს „დელტა კომმი“ 2017 წელს. სილქნეტმა, სექტორის ლიბერალიზაციამდე მოქმედმა ფიქსირებული ქსელის ე.წ. „Incumbent” ოპერატორმა, 2018 წელს შეიძინა მობილური ქსელის ოპერატორი -ჯეოსელი. როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორები, შპს “მაგთიკომი” და სს „სილქნეტი“ ბაზარს სთავაზობენ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ცალკე მდგომ და კომბინირებულ შეთავაზებებს, რომლებიც ძირითადად არის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება, ფიქსირებული ხმოვანი მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და მობილური მომსახურებები(მობილური ინტერნეტი, მობილური ხმოვანი მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები).
ორი უმსხვილესი ოპერატორის გარდა (შპს “მაგთიკომი” სატელეკომუნიკაციო სექტორის მთლიანი შემოსავლების 49%-ით, ხოლო სს „სილქნეტი“ 34%-ით) ბაზარზე არსებობს სიდიდით მესამე ოპერატორი შპს „სელფი მობაილი“ (სატელეკომუნიკაციო შემოსავლების 11,5%-ით), რომელიც აბონენტებს მხოლოდ მობილურ მომსახურებას სთავაზობს. ბაზარზე არსებული სხვა ავტორიზებული პირები უმეტესად არიან ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების პროვაიდერები, რომელთაგან შედარებით ყველაზე დიდი შპს „სქაიტელი“ და ახალი ქსელების ჯგუფია(რომელიც შედგება შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისგან“). ამჟამად, როდესაც მცირე ოპერატორები ბაზარს არ სთავაზობენ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების კომბინირებულ შეთავაზებებს, ეს მათ მნიშვნელოვნად არაკონკურენტულ პოზიციაში აყენებს, მაგრამ ამავდროულად ისინი ბაზარზე სერვისების გაფართოების მხრივ მნიშვნელოვან შესვლის ბარიერებს აწყდებიან. საჭირო ინვესტიციის დიდი მოცულობის გამო მათთვის რთულია ბაზრის მსხვილ კონვერგენტულ ოპერატორებს გაუწიონ სათანადო კონკურენცია, როგორც არსებულ, ასევე მჭიდროდ დაკავშირებულ ბაზრებზეც. შპს „მაგთიკომს“ და სს „სილქნეტს“ უკვე აქვთ განვითარებული ფიქსირებული და მობილური ინფრასტრუქტურა და შეუძლიათ უპასუხონ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ფიქსირებული და მობილური მომსახურებების სრული სპექტრით.
ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ბაზრის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ესენია მასშტაბის უპირატესი ეკონომია, კარგად განვითარებული გაყიდვების და მომსახურების ქსელები და ცნობადობა ბაზარზე.1
ბევრ სხვა ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ბაზრის კონკურენტული დისბალანსი საგრძნობლად შემცირდა, აღმოიფხვრა ბაზარზე შესვლისა და გაფართოებასთან დაკავშირებული ბარიერები, რომლებსაც აწყდებოდნენ მცირე და ახალი მოთამაშეები. შესაბამისად, აღნიშნული ბაზრები უკვე ხასიათდებიან საკმარისად დიდი რაოდენობის როგორც ცალკე ფიქსირებული ან მობილური მომსახურების მიმწოდებელი მოთამაშეებით, ასევე კონვერგირებული ოპერატორებით.
კომბინირებული მომსახურებების შეთავაზება დღეს უფრო მეტად აქტუალურია, ამიტომ ოპერატორები, რომლებსაც არ აქვთ მათი შეთავაზების შესაძლებლობა, იძულებული არიან იყვნენ ნიშური ბაზრის მოთამაშეების როლში მომხმარებელთა კონკრეტული ჯგუფებისთვის. შესაბამისად, ასეთი კომპანიების საქმიანობის არეალი დიდ ოპერატორებთან შედარებით მცირეა. ასეთი განვითარების პირობებში ბაზარი ხდება ნაკლებად კონკურენტუნარიანი, რაც იწვევს ინოვაციების განვითარების შეფერხებას და მომხმარებელთათვის შეთავაზებული მომსახურებების არჩევანის სიმწირეს, ისევე როგორც შედარებით მაღალ ტარიფებს. მიჩნეულია, რომ ბაზრის ერთი ან ორი ძლიერი მოთამაშე არ არის საკმარისი ბაზარზე კონკურენტული გარემოს განვითარებისათვის. დამატებითი განმარტებები მობილური სერვისის საცალო ბაზარზე არსებულ კონკურენციის პრობლემებთან დაკავშირებით, მოცემულია მე-5 თავში.
საქართველოში მობილური საკომუნიკაციო ძირითადი მომსახურებების კუთხით შემდეგი ტენდენციებია:
მობილურ ინტერნეტ მომსახურებას ძალიან მნიშვნელოვანი და მდგრადი ზრდა ახასიათებს;
მობილური ტრადიციული ხმოვანი სერვისების თანდათანობითი და მუდმივი კლება შეინიშნება;
სახეზეა მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) სერვისების მნიშვნელოვანი და მუდმივი ვარდნა.
აღნიშნული ტენდენცია თანხვედრაშია მსოფლიოში არსებულ ტენდენციასთან. მობილური ტექნოლოგიების მნიშვნელობა მზარდია და მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში2, მსოფლიოში მობილურ მომსახურებებთან დაკავშირებული მოლოდინი შემდეგია:
ა) მობილური ინტერნეტის მოხმარება გააგრძელებს ზრდას, უფრო მაღალი ხარისხის მობილურ სერვისებზე მზარდ მოთხოვნასთან ერთად, რათა ამ უკანასკნელმა მხარი დაუჭიროს იმ სერვისებს, რომლის გამოყენებაც სურთ მობილური სერვისების მომხმარებლებს;
ბ) სამომხმარებლო ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება გაიზრდება, რომელთაგან ნაწილი მობილურ სერვისს გამოიყენებს;
გ) მობილური სერვისები ასევე გაიზრდება ფიქსირებული უსადენო დაშვების (FWA) სერვისების მისაწოდებლადაც, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში მაინც;
დ) ინოვაციური შეთავაზებების განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანი ახალი მომხმარებლები გაჩნდებიან ინდუსტრიულ და საჯარო სექტორში.
მობილური მომსახურებები მოიცავს ინტერნეტ სერვისებს, ტრადიციულ ხმოვან ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. 3G და 4G ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, ოპერატორის შესაძლებლობა აქვს მომხმარებლებს შესთავაზოს ყველა ზემოთხსენებული სერვისი დაფარვის მთელს არეალში.
საქართველოში წარმოდგენილი სამი მობილური ქსელის ოპერატორის მიერ შეთავაზებული მობილური მომსახურებები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან მათი შემადგენლობითა და ფასების სტრუქტურით. თითოეული ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტზე მომსახურებას როგორც შერეულ პაკეტებში, სხვა მომსახურებებთან კომბინაციაში, ასევე ცალკე მობილური ინტერნეტის ჰომოგენური პაკეტების სახით, ინტერნეტის სხვადასხვა მოცულობითა და ფასებით . დამატებით ასევე სთავაზობენ ულიმიტო ინტერნეტის პაკეტებს, უფრო მაღალ ფასად. .
2013 წლამდე დაახლოებით 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში, თითოეული მობილური ქსელის ოპერატორის ორიენტირებული იყო გაეზარდათ სააბონენტო ბაზა ახალი მომხმარებლის მოზიდვით, რაც ძირითადად ხდებოდა საფასო კონკურენციით. 2014 წლიდან, სიმკვრივის მაჩვენებელმა შეადგინა დაახლოებით 150 აბონენტი 100 მოსახლეზე და ბაზრის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა. გაჯერებულ ბაზარზე, მარკეტინგული აქტივობის უმეტესი ნაწილი ეფუძნება სპეციალურ სააქციო შეთავაზებებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გადაერთონ ერთი მობილური ქსელის ოპერატორიდან მეორეზე პორტაბელურობის მომსახურების გამოყენებით, თუმცა, ბევრი მომხმარებელი არჩევს ერთდროულად ისარგებლოს ერთზე მეტი ოპერატორის მომსახურებით, რათა შეძლონ მათთვის სასურველი სერვისებისა და სააქციო შეთავაზებების გამოყენება.
მომხმარებელთა ცალკეული ჯგუფებისთვის სპეციალური მომსახურებების პაკეტების შეთავაზების პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნების მობილური ბაზრების მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა. სპეციალური მობილური პაკეტები შეიძლება იყოს მიმართული მომხმარებელთა ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, ან განსაკუთრებული ინტერესები. სხვა შეთავაზებები შეიძლება ფოკუსირებული იყოს სპეციალურ სატარიფო პაკეტებზე საოჯახო ან სამეგობრო ჯგუფებში, ან ბიზნეს ორგანიზაციებში ზარებისთვის. აღნიშნული, უფრო მორგებული შეთავაზებები ზრდის ბაზარზე ინოვაციების განვითარების საჭიროებას და იძლევა საშუალებას ბაზარზე განვითარდეს მომსახურებების არჩევანის ფართო სპექტრი, რომელიც დააკმაყოფილებს საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
საქართველოს მობილური სერვისების ბაზარი ამჟამად ეფუძნება საკმაოდ სტანდარტიზებულ, მასობრივი ბაზრის შეთავაზებებს. რაც უბიძგებს მომხმარებლებს არჩევანის გასაფართოებლად გამოიყენონ სხვადასხვა ოპერატორის მომსახურება.
კომისიის მიერ, 2023 წელს ჩატარებული საცალო ფასების ბენჩმარკინგის კვლევის საფუძველზე, ადგილობრივი მობილური სერვისების რეიტინგი მოქცეულია (ფარდობითი სიძვირის თვალსაზრისით, PPP-ის მიხედვით) 1-ლი-დან მე-19 დიაპაზონში, 24 გამოკითხულ ევროპულ ქვეყანაში.
კვლევის შედეგების მიხედვით ფიზიკური პირების დაბალი მოცულობის პაკეტი (100 წუთი, 0.5 გბ ინტერნეტი) საქართველოში 26%-ით იაფია 24 ევროპული ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (მე-8 ადგილი), ხოლო შედარებით მაღალი მოცულობის, 300 წუთი + 5 გბ ინტერნეტ პაკეტი საქართველოში 23%-ით უფრო ძვირია ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (მე-18 ადგილზე). ასევე, ულიმიტო ზარები + 20 გბ ინტერნეტი საქართველოში 36%-ით ძვირია ევროპულ საშუალოზე (მე-18 ადგილი).
კომისიის მიერ ჩატარებული ფასების კვლევა აჩვენებს, რომ მობილური მომსახურებების ტარიფების შედარება ევროპულ საშუალოსთან განსხვავებულ შედეგებს იძლევა სერვისების სხვადასხვა პაკეტებში, ისე, რომ საქართველოს ბაზარი მომხმარებლებს ვერ აწვდის კარგ ფასებს მაღალი მოცულობის ხმოვან და ინტერნეტის პაკეტებში.
მობილური ბაზრის მომავალზე ორიენტირებული, პერსპექტიული ანალიზის ფარგლებში გათვალისწინებულ უნდა იქნას ახალი (5G) ტექნოლოგიების შესაძლო გავლენა და ინოვაციური ახალი ბიზნეს მოდელების პოტენციალი, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებაზე3. ქართულმა ოპერატორებმა მხოლოდ ახლა(2024 წელს) დაიწყეს 5G- ტექნოლოგიის დანერგვა და ბაზრის ანალიზის მომავალ დროით ჰორიზონტზე არ არის მოსალოდნელი, რომ მნიშვნელოვან გავლენის მქონე იქნება, კერძოდ, არ იკვეთება, რომ 5G ქსელებზე დაფუძნებული მობილური სერვისები ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება ბაზარზე მომავალი 3 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ 5G-ის შემდგომი განვითარების პოტენციალმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მობილური ქსელის ოპერატორების მიერ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე მომავალი 3 წლის განმავლობაში. ინვესტიციების განხორციელების საჭიროება იკვეთება შემდეგი მიზნებისთვის:
o დამატებითი სიხშირული რესურსებისთვის;
o ტექნოლოგიური განვითარებისთვის (5G და IoT);
o მობილურ ქსელებში ინტერნეტის ტრაფიკის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ზრდისთვის;
o ქსელის დამატებითი ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად უკეთესი დაფარვისა და მომსახურების ხარისხის მისაწოდებლად მომავალზე ორიენტირებული ანალიზის ფარგლებში, ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით მობილური ქსელის ოპერატორებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები რა გავლენას მოახდენს მობილური მომსახურებების არჩევანის და ხარისხის განვითარებასა და მობილურ ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით.
მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ეტაპები
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველის პუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა; დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით.
პროცედურების მე-5 მუხლის შესაბამისად, კონკურენციის წინასწარი რეგულირების პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან: ა) საფეხური 1 – საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების დადგენა; ბ) საფეხური 2 – იმის შეფასება, იქნება თუ არა საცალო ბაზრის სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში. თუ დადგინდა, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში – კონკურენციის არსებული და პოტენციური პრობლემების გამოვლენა; გ) საფეხური 3 – თუ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, შესაბამისი ბაზრის იმ სეგმენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რომლის რეგულირებაც აღმოფხვრის მე-2 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ კონკურენციის არსებულ და პოტენციურ პრობლემებს. პირველ რიგში განისაზღვრება საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზრის სეგმენტზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე; დ) საფეხური 4 – მე-3 საფეხურის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შეფასება ამ პროცედურებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტის გამოყენებით, იმის დასადგენად, უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა იგი პოტენციურად წინასწარ რეგულირებას; ე) საფეხური 5 – მე-4 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრა; ვ) საფეხური 6 – მე-5 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ისთვის, ანალიზის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის პრობლემებთან მიმართებით, პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება.
4. საფეხური 1: შესაბამისი საცალო ბაზრის სეგმენტის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების დადგენა
16.1 პროდუქტისბაზრისგანსაზღვრა
პროცედურების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვარი მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჩამნაცვლებლად ან ურთიერთ ჩამნაცვლებლად არა მხოლოდ მათი ობიექტური მახასიათებლების, ფასების ან დანიშნულების, არამედ, აგრეთვე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის პირობების ან/და მიწოდებისა და მოთხოვნის სტრუქტურის მიხედვით. მობილური საცალო სერვისების ბაზარზე პაკეტური შეთავაზებები მოიცავს, ხმოვან მომსახურებას, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს(SMS) და ინტერნეტ მომსახურებას. პაკეტში შემავალი ინდივიდუალური სერვისები არ არიან ერთმანეთის სრულყოფილი ჩამნაცვლებლები, მაგრამ ისინი შეიძლება მიჩნეულ იქნან ერთიდაიგივე საცალო ბაზრის ნაწილად, ვინაიდან ბაზარზე არ არსებობს მკვეთრად გამოხატული მოთხოვნა პაკეტში შემავალ სერვისებზე ცალკეულად. არსებულ ქსელებს შეუძლიათ სამივე მომსახურების მიწოდება, ამასთან ამ მომსახურებების ერთად მიწოდება ამცირებს ოპერატორის წარმოების, დისტრიბუციისა და შემდგომი მომსახურების ხარჯებს. მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია პროდუქტის ბაზრის განსაზღვრისთვის და შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ჩანაცვლებადობის ანალიზში.
მობილური სერვისების საცალო ბაზრის განსაზღვრასთან დაკავშირებული ანალიზი
რადიოსიხშირულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მობილური მომსახურებების მისაღებად მომხმარებლები უნდა იყვნენ დაკავშირებული მობილურ ქსელთან და უნდა ჰქონდეთ წვდომა მასთან დაკავშირებულ(ხმოვანი მომსახურება, SMS და ინტერნეტი) სერვისებზე. შესაბამისად, მობილურ ქსელებზე წვდომა და მასთან დაკავშირებული სერვისებით(ხმოვანი მომსახურება, SMS და ინტერნეტი) სარგებლობის შესაძლებლობა იგივე პროდუქციული ბაზრის ნაწილია.
მობილური ინტერნეტის ფართო გამოყენების ფონზე, საბოლოო მომხმარებლებმა, რომლებიც ამყარებენ კომუნიკაციას ძირითადად მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ინტერნეტ სერვისის გამოყენებით, შეიძლება გარკვეულწილად ამ მომსახურებებით ჩაანაცვლონ ხმოვანი მომსახურება, თუმცა, ისინი არ არიან სრულად ურთიერთ ჩამნაცვლებელი მომსახურებები საცალო პერსპექტივიდან. ეს სამივე მომსახურება უნდა იქნეს განხილული როგორც ერთიან ფასად მიწოდებული პაკეტური პროდუქტი.
საქართველოს მობილურ ქსელებში დაგენერირებული ინტერნეტ ტრაფიკი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. 2017 წელს მობილურ აბონენტებთან დაკავშირებული ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობა იყო 62,651 ტერაბაიტი. 2022 წლისთვის, აღნიშნული მოცულობა გაიზარდა 436,027 ტერაბაიტამდე, 47%-იანი წლიური ზრდის ტემპით. მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდა მოსალოდნელია მომდევნო წლებშიც. დღეს, მობილური ქსელის ოპერატორებისთვის ინტერნეტის ტრაფიკის გადაცემასთან დაკავშირებული ქსელის ხარჯები დიდწილად განსაზღვრავს მობილური მომსახურების საბაზრო ფასს. მობილური მომსახურებების ბაზარზე ხმოვანი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები ჩვეულებრივ შემოთავაზებულია ინტერნეტ მომსახურებასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ხმოვანი სერვისების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და ინტერნეტის ფასები ერთად უნდა იქნას განხილული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური ქსელზე წვდომა, ხმოვანი სერვისი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ინტერნეტ მომსახურება არის ერთიდაიგივე შესაბამისი პროდუქციული ბაზრის ნაწილი საცალო დონეზე. მობილურის საცალო ბაზარი ასევე მოიცავს მომხმარებლის საერთაშორისო როუმინგზე წვდომის მომსახურებას. ამჟამად, საქართველოში SIM ბარათების ოთხი ძირითადი მიმწოდებელია – შპს “მაგთიკომი”, სს „სილქნეტი“, შპს “სელფი მობაილი” და ბაზრის ახალი მოთამაშე MVNO - ეკლეკტიკი (ჰალო). SIM ბარათები ასევე შეიძლება გაყიდოს საცალო გადამყიდველმა, რომელსაც ამ ოპერატორებთან გადაყიდვის ხელშეკრულება აქვს დადებული, მაგრამ ოპერატორისგან შესყიდული თითოეული SIM ბარათი მომხმარებელს მხოლოდ იმავე ოპერატორის ქსელში წვდომის საშუალებას მისცემს. განსხვავებული მოცემულობა შესაძლოა იყოს MVNO დაშვების შემთხვევაში, რაც დამოკიდებული იქნება მობილური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვებაზე.
საქართველოში ბევრი მომხმარებელი ყიდულობს ერთზე მეტ SIM ბარათს სხვადასხვა ოპერატორისგან მათ მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობის მიზნით. ერთზე მეტი მობილური ქსელის ოპერატორის სერვისზე წვდომისთვის მომხმარებელი სარგებლობს ერთი მოწყობილობით, თუ მას ორი SIM ბარათის მხარდაჭერა აქვს, ან სარგებლობს ორი ტელეფონით. მობილურ ტელეფონში ინტეგრირებული SIM ბარათი, (ე.წ. „e-SIM“) საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. მომავალში მან შესაძლოა მეტ მომხმარებლებს მისცეს საშუალება ისარგებლოს მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით ფიზიკური SIM ბარათების გამოყენების გარეშე.
მობილური სერვისები ხელმისაწვდომია წინასწარი ან შემდგომი გადახდის პირობით. საქართველოში მომხმარებელთა 95% ამჟამად სარგებლობს წინასწარ გადახდის პირობით, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი წინასწარი გადახდით იძენს პაკეტს მომსახურებების (სასაუბრო დრო, SMS და ინტერნეტი) განსაზღვრული ოდენობით/მოცულობით, ან ანგარიშზე შეაქვს თანხა და სარგებლობს ე.წ. „ერთეულის ფასით“ განსაზღვრული პირობით(ე.წ. Pay As You Go) მომსახურებით. მომხმარებელთა დაახლოებით 5% სარგებლობს შემდგომი გადახდის პირობით.
მობილური მომსახურებები - სასაუბრო დრო, SMS და ინტერნეტი შეთავაზებულია როგორც შერეული, ასევე ჰომოგენური პაკეტების სახით, რომლებიც ითვალისწინებს მომსახურებების გარკვეულ ოდენობას/მოცულობას და აქვს მოქმედების განსხვავებული ვადები(ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი). ასევე, არსებობს ულიმიტო შერეული თუ ჰომოგენური პაკეტები. საერთაშორისო როუმინგული მომსახურების გააქტიურება აბონენტისთვის დამოუკიდებლად არის შესაძლებელი. მობილურის საცალო მომსახურებების მომხმარებლებს წარმოადგენენ ფიზიკური ან იურიდიული პირები. მოხმარების კიდევ ერთი კატეგორიაა მოწყობილობებს შორის კავშირი, რომელიც მოსალოდნელია გაიზარდოს უახლოეს წლებში, 5G ტექნოლოგიისა და საგნების ინტერნეტის(IoT) განვითარების კვალდაკვალ. ამჟამად მობილური აბონენტების 76,9% ს ფიზიკური პირია, 17,5% იურიდიული პირი, ხოლო აბონენტების 5,6% მომსახურებას იყენებს მოწყობილობებს შორის კავშირისთვის (M2M/IoT) .
დიაგრამა 2: მობილური მომსახურების აბონენტების გადანაწილება მომხმარებელთა ტიპების მიხედვით (2022)
აბონენტის ტიპი |
აბონენტების რაოდენობა |
აბონენტების წილი |
ფიზიკური პირი |
4,467,454 |
72.2% |
იურიდიული პირი |
1,377,028 |
22.2% |
M2M |
341,375 |
5.5% |
წყარო: კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები
მაშასადამე, მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი საქართველოში შეიძლება განისაზღვროს, როგორც მობილური კავშირის საცალო ბაზარი მომხმარებლებისთვის (მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის), რომელიც აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ და მიიღონ ხმოვანი ზარები, გაგზავნონ და მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ისარგებლონ ინტერნეტით და საერთაშორისო როუმინგით.
მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის პროდუქციული საზღვრების დასადგენად აუცილებელია ჩატარდეს მოთხოვნისა და მიწოდების ჩანაცვლებადობის ანალიზი.
4.1. მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობა
მობილური ქსელების გამოყენებით ქსელის ოპერატორი გეოგრაფიული დაფარვის ფარგლებში უზრუნველყოფს რომ მომხმარებელმა მიიღოს:
საქართველოში ფიქსირებული და მობილური ქსელის ყველა ოპერატორის ქსელში გეოგრაფიულ და არაგეოგრაფიულ ნომრებზე დარეკვის შესაძლებლობა;
სასწრაფო და სპეცსამსახურების ნომრებზე დარეკვის შესაძლებლობა, მოკლე ნომრებით;
საერთაშორისო ნომრებზე დარეკვის შესაძლებლობა;
შემომავალი ზარების მიღება ნებისმიერი წყაროდან საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;
საერთაშორისო როუმინგის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა;
მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება;
ინტერნეტზე წვდომა, რომელიც მოიცავს მონაცემთა ატვირთვასა და ჩამოტვირთვას და OTT სერვისის გამოყენებას მაგალითად, Skype, WhatsApp დასხვა მსგავსი საკომუნიკაციო საშუალებები; აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელს აძლევენ წვდომას სატელევიზიო კონტენტზე; სხვა.
M2M/IoT ტიპის აბონენტების რაოდენობა საქართველოში არ არის დიდი - ისინი მობილური მომსახურებების აბონენტების მთლიანი რაოდენობის 5.6%-ს შეადგენენ. 20194 წლისთვის ევროკავშირში გაცემული SIM ბარათების რაოდენობამ M2M/IoT ტიპის გამოყენებისთვის 195 მილიონს მიაღწია (მობილური SIM ბარათების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 33%) და ხასიათდება მზარდი ტენდენციით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ბაზარი გაიზრდება საქართველოშიც.
მობილური აბონენტების(იურიდიული და ფიზიკური) სიმკვრივე საქართველოში 100 მოსახლეზე 156-ია. მობილური ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტების სიმკვრივე კი 100 მოსახლეზე 111-ია. მობილური ინტერნეტის აბონენტები უმრავლეს შემთხვევაში იყენებენ მობილურ ხმოვან და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურებებს. მობილური მომსახურება მხოლოდ ინტერნეტისთვის გამოყენებულია ისეთ შემთხვევაში, როცა SIM ბარათი განთავსებულია ე.წ. USB მოდემში(„dongle“), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპიუტერული მოწყობილობის ინტერნეტთან დასაკავშირებლად. ასეთი ტიპის გამოყენება არ არის პოპულარული საქართველოში. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების სიმკვრივე სწრაფად გაიზარდა - 2017 წელს 100 მოსახლეზე მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 69 შეადგინა, ხოლო 2022 წელს - 111.
მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის საზღვრები დგინდება ყველა ურთიერთჩანაცვლებადი სერვისის განსაზღვრით, რომლებიც წარმოადგენენ ამ ბაზრის ნაწილს.
მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობის განსაზღვრის ამოსავალ წერტილად მიჩნეულ უნდა იქნეს მომსახურება, რომელიც ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი ბაზარზე. ეს არის სერვისი, რომელიც მოიცავს ხმოვან მომსახურებას, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილურ ინტერნეტს და საერთაშორისო როუმინგს (მიუხედავად იმისა, ეს კომპონენტები შეთავაზებულია ცალ-ცალკე თუ გაერთიანებულია ერთ პაკეტში).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარდა მობილური ქსელის ოპერატორებისა, მობილური სერვისების შეთავაზება საცალო აბონენტებისთვის შეუძლიათ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებსაც (ე.წ. MVNO) მასპინძელი ოპერატორის მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვებით. ევროკავშირში 2020 წლისთვის, MVNO-ები ემსახურებიან 110 მილიონზე მეტ აბონენტს, რაც მთლიანი მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობის 10%-ს შეადგენს 5. უმეტეს
შემთხვევებში ევროკავშირში, MVNO-ებს შეუძლიათ მომხმარებლებს შესთავაზონ მასპინძელი ოპერატორის შეთავაზებებისგან განსხვავებული პაკეტები და სატარიფო გეგმები.
მობილური მომსახურებები ასევე შეიძლება შემოთავაზებული იყოს თანამგზავრზე (სატელიტზე) დაფუძნებული ქსელებით.
მობილური მოწყობილობების მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ წვდომა ინტერნეტსა და ხმოვან სერვისებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტთან უკაბელო Wi-Fi ტექნოლოგიით დაკავშირებისას, რაც ფართოდ გამოიყენება მობილური სერვისის მომხმარებელი ფიზიკური პირების მიერ სახლებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რათა თავიდან აიცილონ დანახარჯები მობილურ მომსახურებაზე.
საქართველოში საცალო მობილური მომსახურების მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობის ანალიზის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი:
ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების სერვისები;
საერთაშორისო როუმინგული სერვისები;
მობილური კავშირი სხვადასხვა თაობის მობილური ტექნოლოგიების გამოყენებით;
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება;
საჯაროდ ხელმისაწვდომი სატელიტური სერვისები;
ხმოვანი და ინტერნეტის სერვისები მობილური მოწყობილობებით ადგილობრივი Wi-Fi ქსელების გამოყენებით;
ახალი და დამატებითი სერვისები, რომლებიც პოტენციურად ხელმისაწვდომი გახდება 5G და შემდგომი თაობის მობილური ტექნოლოგიების მეშვეობით.
4.1.1. ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების სეგმენტი
ფიზიკური პირი აბონენტები და მცირე/საშუალო საწარმოები მობილურ მომსახურებებზე (მობილური ინტერნეტი, ხმოვანი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) სარგებლობენ მობილური ქსელის ოპერატორების მიერ გაცხადებული ერთიდაიგივე ტარიფებით. მიუხედავად იმისა, არის თუ არა მათი მომსახურების პაკეტი განკუთვნილი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის და მიუხედავად, გადახდის წესისა (წინასწარი თუ შემდგომი). . მათგან განსხვავებით, უფრო დიდ ბიზნესებს, ოპერატორები, როგორც წესი, სთავაზობენ ინდივიდუალურ სახელშეკრულებო პირობებს.
მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ფიზიკური პირი აბონენტების საჭიროებებს, მაშინ როცა უფრო დიდი ორგანიზაციები, საწარმოები და სახელმწიფო უწყებები, ჩვეულებრივ, უფრო მეტად კომპლექსურ სერვისებს ითხოვენ. ამ სახის ბიზნესებს შეიძლება ჰქონდეთ მოთხოვნა შიდა საკომუნიკაციო სისტემებზე (მაგალითად, კომპანიის შიდა
„ბილინგი“, ხარჯების კონტროლი, ხარისხისა და გამოყენების მონიტორინგი, შიდა ქსელის მართვა, კომუტაციის გადაწყვეტილებები, სხვა). ზოგიერთ იურიდიულ პირ მომხმარებელს ხშირად ურჩევნია მობილური სერვისების ფიქსირებულ სატელეფონო სერვისებთან ერთად მიღება ერთი ოპერატორისგან. სერვისების განსაკუთრებული მოთხოვნებით ხასიათდებიან ელექტრონულ კომერციაში ჩართული იურიდიული პირები და სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ელექტრონული მმართველობის სერვისები. მათი სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები მოითხოვს მომსახურების ხარისხის მონიტორინგს, ზარების მოცულობისა და ტრაფიკის კონტროლს.
სატელეკომუნიკაციო ოპერატორებსა და საშუალო და მსხვილ ბიზნესებს შორის ურთიერთობა უფრო ხშირად მიმდინარეობს ტენდერების მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ შემსყიდველი იღებს ტარიფებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ეს ასახავს მასშტაბის ეკონომიას, რომელიც მიიღწევა უფრო დიდი მოცულობის სერვისის მიწოდებიდან გამომდინარე. როგორც წესი, უფრო დიდი და რთული საჭიროებების მქონე ბიზნესები ტენდერის შედეგად იღებენ მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებებს სერვისის შესაბამისი ხარისხის მახასიათებლებით (SLA).
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების წესი მოითხოვს საჯარო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვას საჯარო ტენდერით, სადაც ასევე, შემსყიდველი იღებს სპეციალურ პირობებს.
აღნიშნულისგან განსხვავებით, ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებულ მობილურ სერვისებს გააჩნიათ მასობრივი ბაზრის სერვისების მახასიათებლები და ისინი მცირედით ან საერთოდ არ არის მორგებული ინდივიდუალური მომხმარებლის საჭიროებებზე.
შესაბამისად, ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ ინდივიდუალური შეთავაზებებით, არ არიან დაინტერესებული ფიზიკური პირი აბონენტის სერვისზე გადართვით ბიზნეს პაკეტის ტარიფის ნებისმიერი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფასის ზრდის შემთხვევაში. ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის კი არ არის შესაძლებელი იურიდიული პირის სერვისების პაკეტზე გადასვლა.
იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული პირი აბონენტების უმეტესობა იყენებს იგივე სტანდარტულ შეთავაზებებს, როგორსაც ფიზიკური პირი მომხმარებლები და მხოლოდ მსხვილი ბიზნესები იღებენ ინდივიდუალურ შეთავაზებებს, ითვლება, რომ იურიდიული და ფიზიკური პირი აბონენტების სეგმენტები ჩანაცვლებადია საცალო დონეზე, გარდა მსხვილი ბიზნესებისა, რომლებიც იღებენ ინდივიდუალურ შეთავაზებებს მობილურ მომსახურებაზე.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე არსებობს ცალკე, მსხვილი ბიზნესებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სახელშეკრულებო პირობებით შეთავაზებული მომსახურებების ბაზარი, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, მასობრივი ბაზარი მობილური მომსახურების ფიზიკური და სხვა იურიდიული პირი აბონენტებისთვის.
4.1.2. საერთაშორისო როუმინგი
საცალო მობილური მომსახურება, როგორც წესი, მოიცავს მომხმარებლის შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა მობილურ სერვისებზე სხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს. შესაბამისად, საერთაშორისო როუმინგი, რომელიც მოიცავს დაშვებას ეროვნულ და საერთაშორისო ზარებზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტის სერვისებზე, მობილური მომსახურების საცალო ბაზრის ნაწილია.
4.1.3. მობილური სერვისებზე წვდომა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით
მობილური მომსახურების საცალო ბაზრის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია, არსებობს თუ არა მობილური მომსახურებების დიფერენცირება სხვადასხვა ტექნოლოგიის თვალსაზრისით, რომლითაც ხორციელდება მობილური საცალო სერვისების მიწოდება.
იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ახორციელებს მობილურ ხმოვან ზარებს ან აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობილური ქსელების მეშვეობით, არ არის აქტუალური, თუ რომელი ტექნოლოგიით ხდება კავშირი - 2G, 3G თუ LTE. მომხმარებელი ვერ აღიქვამს ტექნოლოგიებს შორის ხარისხობრივ განსხვავებას, გარდა ამისა ტექნოლოგიებს შორის გადართვაც შეუმჩნევლად ხდება. შესაბამისად, სამივე ტექნოლოგიის ქსელზე წვდომა, საბოლოო მომხმარებლის თვალსაზრისით, უნდა ჩაითვალოს მაღალი ხარისხის ურთიერთ ჩამნაცვლებლად.
სამივე ტექნოლოგიის გამოყენებით სხვადასხვა მომსახურების მიწოდება ხორციელდება ერთად და არა ცალკეული სახით. ტექნოლოგიურმა ევოლუციამ 2G-დან - LTE-მდე, მნიშვნელოვნად გაზარდა მობილური ინტერნეტის მოხმარება აბონენტებში, თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს ბაზრის განსაზღვრაზე, ოპერატორების მიერ ბაზრისთვის შეთავაზებული ყველა მობილური მომსახურება, მათ შორის მობილური ინტერნეტი შეთავაზებულია ერთად. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები 2G, 3G და LTE ქსელების მეშვეობით არის იგივე ბაზრის ნაწილი, რომელზეც წარმოდგენილია მობილური ფართოზოლოვანი დაშვების სერვისი საცალო დონეზე.
მობილური სერვისების პაკეტები დიფერენცირებულია ინტერნეტის მოხმარების თვალსაზრისით, მაგრამ არ არსებობს ცალკეული მომსახურების პაკეტები მხოლოდ 2G, 3G ან LTE-ისთვის. იმისათვის, რომ საბოლოო მომხმარებლებმა შეძლონ სამივე ტექნოლოგიის გამოყენება ინტერნეტის სერვისებისთვის, აუცილებელია, რომ საბოლოო მომხმარებლებს ჰქონდეთ ტელეფონები, რომელსაც გააჩნიათ ამ ტექნოლოგიების მხარდაჭერა.
2G, 3G და LTE ტექნოლოგიის ქსელებს შორის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობების განსხვავების გამო, სხვადასხვა მობილური ქსელების მეშვეობით კავშირის ხარისხი შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა, ტექნოლოგიის გარდა სხვა ფაქტორებმაც შეიძლება იქონიონ გავლენა სიჩქარესა და ხარისხზე, მაგალითად, მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებიც დაკავშირებული არიან შესაბამის საბაზო სადგურთან და მომხმარებლის ადგილსამყოფელის ტოპოგრაფიულმა პირობებმა.
მომავალზე ორიენტირებული პერსპექტივიდან გამომდინარე, ისევე როგორც მიმდინარე და წინა ტექნოლოგიური განახლებები, მიიჩნევა, რომ 5G-იც იქნება თავსებადი ძველ ტექნოლოგიებთან და როცა საბოლოო მომხმარებელი გავა 5G-ის დაფარვის ზონიდან, ის შეძლებს ისარგებლოს სხვა ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის მობილური ქსელით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მობილური ტექნოლოგიის შემდგომი თაობების გამოყენებით მობილურ სერვისებზე წვდომა, როგორიცაა 5G იქნება ურთიერთჩანაცვლებადი უფრო დაბალი თაობის ტექნოლოგიების ქსელებთან.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სხვადასხვა ქსელური ტექნოლოგიები (2G, 3G, LTE და 5G) არის მობილური მომსახურებების იგივე შესაბამისი საცალო ბაზრის ნაწილი.
4.1.4. ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის სერვისები
მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირის მომსახურება, თავისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის მხოლოდ მოთხოვნის მხარის ჩამნაცვლებელი საბაზისო ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ მომსახურებისთვის (10 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარე). მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებაზე წვდომის სერვისები არ არის მოთხოვნის მხარის ჩამნაცვლებელი მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ სერვისებისთვის 10 მბ/წმ და ზემოთ სიჩქარეებზე.
ფიქსირებულ ფართოზოლოვან კავშირს შეუძლია გარკვეული შეზღუდული მობილურობა მისცეს მომხმარებელს პორტაბელური მოდემების გამოყენების საშუალებით (მაგალითად, Wi-Fi კავშირი FTTx ტექნოლოგიის გამოყენებით). ამ სერვისების მომხმარებლებს შეუძლიათ პოტენციურად მიიღონ წვდომა ინტერნეტზე ნებისმიერი წერტილიდან მთელ მსოფლიოში, თუმცა შეზღუდული მობილობით - სესიის დროს, მომხმარებელი დაკავშირებულია კონკრეტულ ლოკაციასთან და ვერ აღწევს იმავე მობილობას, როგორც მობილური ქსელით სარგებლობისას, შესაბამისად, ის არ განიხილება, როგორც მობილური ქსელების მეშვეობით ხმოვან მომსახურებაზე ან ინტერნეტზე წვდომის ჩამნაცვლებელი.
ამასთან, ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის სერვისები არ შეიძლება იყოს მობილური სერვისის მოთხოვნის მხარის ჩამნაცვლებელი, რადგან ფიქსირებული სერვისი ფუნქციურად განსხვავდება მობილური მომსახურებისგან. მაშინ როცა მობილური სერვისის გამოყენება შესაძლებელია ფიქსირებულ ადგილას, თავის მხრივ ფიქსირებული სერვისი ვერ უზრუნველყოფს მობილურობას (ცალმხრივი ჩანაცვლებადობა). შესაბამისად, მობილურ სერვისზე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ფასის ზრდა არ გამოიწვევს მომხმარებელთა მხრიდან მობილური სერვისის ფიქსირებული სერვისით ჩანაცვლებას, რადგან ფიქსირებული სერვისი ვერ უზრუნველყოფს მობილურობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებები არ შედის მობილურ სერვისებზე წვდომის შესაბამის საცალო ბაზარზე.
4.1.5. საჯაროდ ხელმისაწვდომი სატელიტური სერვისები
VAST6 სერვისების შეთავაზება უკვე განხორციელდა საქართველოში საერთაშორისო თანამგზავრული კომპანიის Global TV-ის მიერ. აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია ინტერნეტთან დასაკავშირებლად გეოგრაფიულ ადგილებში, სადაც ფიქსირებული ან მობილური ფართოზოლოვანი სერვისები არ არის ხელმისაწვდომი ან კავშირი არასტაბილურია.
აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა საქართველოში ავტორიზაცია 2022 წელს გაიარა7 და უკვე 20238 წელს დაიწყო თანამგზავრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფართოზოლოვანი სერვისების შეთავაზება.
მოსალოდნელია, რომ ამ სერვისების გამოყენების მოცულობა დარჩება ძალიან დაბალი ამ ბაზრის ანალიზის დროის შესაბამის ჰორიზონტში, ძირითადად, სიგნალის მიმღები აპარატურის (მომხმარებლისთვის) მაღალი ღირებულების გამო. შესაბამისად, მობილურ სერვისებზე ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მატება ვერ გამოიწვევს მომხმარებლების გადასვლას თანამგზავრზე დაფუძნებულ მომსახურებაზე. ამრიგად, ეს სერვისები არ განიხილება, როგორც მოთხოვნის მხარის ჩამნაცვლებელი საცალო მობილური სერვისებისთვის საქართველოში.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სატელიტური სერვისები არ მიეკუთვნებიან იმავე ბაზარს, რომელსაც საცალო მობილური მომსახურებები.
4.1.6. ხმოვან და ინტერნეტის სერვისებზე წვდომა მობილური მოწყობილობების მეშვეობით, ადგილობრივი Wi-Fi ქსელების გამოყენებით მობილური მოწყობილობების მქონე პირებს შეუძლიათ მარტივად მოიპოვონ წვდომა ლოკალურ Wi-Fi ქსელებზე საჯარო თუ სამუშაო სივრცეებში და სახლებში. ეს ადგილობრივი Wi-Fi წვდომის ქსელები ძირითადად დაკავშირებულია ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის ქსელებთან და ამ დროს აბონენტი მობილური ინტერნეტის საფასურს არ იხდის. ამავე ინტერნეტ კავშირის გამოყენებით ხმოვანი ზარები შეიძლება განხორციელდეს (OTT) აპლიკაციების გამოყენებით უფასოდ, თუ პირი, ვისაც ურეკავენ არის იყენებს იმავე OTT აპლიკაციას კავშირისთვის ან ძალიან დაბალი გადასახადის სანაცვლოდ (ჩვეულებრივ, ზარის მიმღები ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული დასრულების საფასური).
ლოკალური Wi-Fi ქსელთან კავშირის ხარისხი ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე მობილური LTE ქსელის გამოყენებისას და ხარისხი კიდევ უფრო უარესდება, როცა იზრდება იმავე ლოკალურ Wi-Fi ქსელში შესული მომხმარებლების რაოდენობა და ამასთან ლოკალური Wi-Fi კავშირი არ უზრუნველყოფს სრულ მობილურობას - უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ 10-50 მეტრში. ზოგიერთი ადგილობრივი Wi-Fi სერვისის მიმწოდებელი აწესებს დროის ლიმიტებს თითოეულ სესიაზე, ან უფასო წვდომას აძლევს მხოლოდ შეზღუდული დროით, შემდეგ კი მომხმარებელს მოეთხოვება გადაიხადოს ინტერნეტის საფასური.
მიჩნეულია, რომ მობილური ქსელების გამოყენებით მობილური კავშირის ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა უბიძგებს მობილური ტელეფონის მომხმარებლებს უფრო მეტად გამოიყენონ ადგილობრივი Wi-Fi ქსელები, რადგან ადგილობრივი Wi-Fi ქსელები ფართოდ არის ხელმისაწვდომი და მათი გამოყენება ძირითადად უფასოა. თუმცა მათი ხარისხი არ არის სტაბილური და ვერ უზრუნველყოფს მობილური მომსახურებების ანალოგიურ, შესადარის ფუნქციონირებას, შესაბამისად ითვლება, რომ ხმოვანი და ინტერნეტის სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია მობილური მოწყობილობებზე ლოკალური Wi-Fi ქსელების გამოყენებით, არ არის მობილური ქსელების მეშვეობით მიღებული მობილური მომსახურებების ჩამნაცვლებელი.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მობილური ტელეფონის ხმოვან და ინტერნეტის სერვისებზე წვდომა ლოკალური Wi-Fi ქსელების მეშვეობით არ არის იმავე მობილური ქსელების საშუალებით მიღებული მობილურ მომსახურებების ბაზრის ნაწილი.
4.1.7. მომსახურებები 5G და შემდგომი თაობის მობილური ქსელების მეშვეობით
საქართველოში 5G ტექნოლოგიის განვითარება საწყის ეტაპზეა. გარდა სიხშირული რესურსების მოპოვებისა, მისი განვითარებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ქსელურ ინფრასტრუქტურაში. ამიტომ ამ ბაზრის ანალიზის მომავალზე ორიენტირებულ პერსპექტივაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5G-ზე დაფუძნებული სერვისები ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოში.
ახალი სერვისები, როგორიცაა IoT აპლიკაციები, რომლებიც პოტენციურად იქნება მიწოდებული 5G და მობილური ქსელების შემდგომი თაობების ქსელების გამოყენებით, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მოთხოვნის მხარის ჩამნაცვლებელს საცალო მობილური მომსახურებებისთვის.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სერვისები, რომლებიც პოტენციურად მიწოდებული იქნება 5G ქსელის და შემდგომი თაობების მობილური ქსელების საშუალებით, გახდება იმავე მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ მაშინ, როდესაც 5G სერვისები ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საცალო დონეზე საქართველოში, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5G საცალო მობილური წვდომის სერვისები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ამ ბაზრის ანალიზის დროის შესაბამის ჰორიზონტში. მანამ, სანამ ცალკე მდგომი (standalone9 ) 5G ტექნოლოგიის დანერგვა არ მოხდება, მისი გავლენა ბაზრის კონკურენტულობაზე შეზღუდული იქნება. ამჟამად ოპერატორების გეგმები ცალკე მდგომი 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.
4.2. მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) მიერ ბაზარზე შესვლის შემთხვევაში, რომელიც შესაძლებელია სიხშირული სპექტრის რესურსების შეძენის ან მობილური ქსელის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის საჭიროების გარეშე, MVNO-ს შეეძლება აბონენტებს შესთავაზოს მობილური კავშირის საცალო მომსახურებები სხვა მობილური ქსელის ოპერატორის ქსელზე საბითუმო დაშვების მოპოვებით. იმის გამო, რომ მობილური ვირტუალური საცალო მომსახურებების მიწოდების დაწყება შედარებით დაბალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, MVNO-ს მიერ შეთავაზებული მომსახურებები, როგორც ჩამნაცვლებელი სერვისი, გათვალისწინებული იქნება მობილური მომსახურებების ბაზრის განმარტებაში.
მიწოდების მხარის სხვა პოტენციური ჩამნაცვლებლების შემთხვევაში, სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა მოითხოვს ქსელის ინფრასტრუქტურაში სოლიდურ ინვესტიციას და ხანგრძლივ დროს. შესაბამისად, ასეთი სახის სერვისი არ შეიძლება იყოს მიჩნეული ჩამნაცვლებლად და მოქცეულ იქნეს იმავე ბაზრის ფარგლებში.
მიწოდების მხარის ჩამნაცვლებლებად განხილულია:
მიწოდების გადართვა იურიდიული და ფიზიკური პირი აბონენტების სეგმენტებს შორის;
მიწოდება საჯაროდ ხელმისაწვდომი სატელიტური სერვისით;
ხმოვანი და ინტერნეტის სერვისები მობილური მოწყობილობებით ლოკალური Wi-Fi ქსელების გამოყენებით;
მობილური ქსელის ოპერატორები, რომლებიც მომსახურების მისაწოდებლად იყენებენ ან გამოიყენებენ 5G ან შემდეგი თაობის მობილურ ტექნოლოგიებს.
4.2.1. იურიდიული პირების და ფიზიკური პირების სერვისებს შორის ურთიერთჩანაცვლებადობა მობილური მომსახურების ოპერატორს ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირი აბონენტების მასობრივი ბაზრიდან ინდივიდუალური შეთავაზების საჭიროების იურიდიული პირების ბაზარის სეგმენტზე გადასართავად სჭირდებათ ტექნოლოგიური და საბაზრო პირობების ცოდნის კუთხით უფრო მაღალი კვალიფიკაცია. იურიდიული პირი აბონენტების მოთხოვნები ზოგადად უფრო კომპლექსურია და უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურების სპეციფიკურ პირობებს (SLA). ამასთან, ხშირ შემთხვევაში აბონენტის აყვანა დაკავშირებულია სატენდერო პროცედურის გავლასთან. ამავდროულად, ბევრი იურიდიული პირი მომხმარებელი იმყოფება ოპერატორთან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და რთულია მათი გადმობირება. შესაბამისად, ბაზრის ამ სეგმენტზე გადართვა მოითხოვს მეტ ინვესტიციას და ხარჯების ზრდას.
პირიქით კი, იურიდიული პირი მომხმარებლების სეგმენტიდან ფიზიკური პირი აბონენტების სეგმენტზე გადართვის შემთხვევაში ოპერატორებს მოუწევთ საგრძნობლად გაზარდონ თავიანთი მარკეტინგული ხარჯები, რათა შეძლონ აიყვანონ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსხვილი იურიდიული პირებისთვის შეთავაზებულ მომსახურებებსა და ფიზიკური და სხვა იურიდიული პირი აბონენტების მობილურ მასობრივი ბაზრის მომსახურებებს შორის მიწოდების მხარის ჩანაცვლების შესაძლებლობა მცირეა.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული ინდივიდუალური მობილური მომსახურებები და ფიზიკური და სხვა იურიდიული პირი (mass- market) აბონენტების მობილური მომსახურებები სხვადასხვა ბაზრის სეგმენტებს წარმოადგენენ.
4.2.2. მიწოდება საჯაროდ ხელმისაწვდომი სატელიტური სერვისებით
2023 წლის ბოლოს კომპანია SpaceX-ის Starlink-მა დაიწყო სატელიტური მომსახურების მიწოდება საქართველოში. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული ტარიფები მნიშვნელოვნად აღემატება მობილურ მომსახურებების ტარიფებს საქართველოში.
ძვირადღირებული სატელიტური ინტერნეტი, საინტერესო შეიძლება იყოს აბონენტებისთვის, რომელთაც უსაფრთხოების ან სხვა მიზნებისთვის სურს გვერდი აუაროს საქართველოში არსებულ სხვა მიწისზედა ქსელებს, ან აბონენტებისთვის ისეთ ადგილებში, სადაც არც მობილური და არც ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისები არ არის ხელმისაწვდომი.
არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოში მობილურ სერვისებზე წვდომის საცალო ფასების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანმა ზრდამ, გამოიწვიოს რომელიმე არსებული მობილური ოპერატორის, ან ბაზარზე ახალი შემსვლელი სუბიექტის ინტერესი შექმნას თანამგზავრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კონკურენტი მობილური მომსახურება. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, სატელიტური მობილური კავშირის სერვისის არსებობამ იქონიოს გავლენა არსებული მობილური ქსელის ოპერატორების ქცევაზე ფასის დაწესების მიმართულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სატელიტურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მობილური წვდომის სერვისები, არ განიხილება მობილური კავშირის სერვისის მიწოდების მხარის ჩამნაცვლებლად.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მიწოდების ჩანაცვლებადობის თვალსაზრისით თანამგზავრზე დაფუძნებული მობილური კავშირის მომსახურება არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ტრადიციული მობილური კავშირის პროდუქტის ბაზრის ნაწილი.
4.2.3. ხმოვანი და ინტერნეტის სერვისები მობილური მოწყობილობებით ადგილობრივი Wi-Fi ქსელების გამოყენებით
ადგილობრივი Wi-Fi ქსელის გამოყენებით მობილური სერვისის მიწოდების მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობის ანალიზში უკვე აღინიშნა, რომ მობილური კავშირის სერვისებზე ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა, სავარაუდოდ, უბიძგებს საბოლოო მომხმარებელს ლოკალური Wi-Fi ქსელების გამოყენებისკენ, მათი მობილური ტელეფონის მოწყობილობების მეშვეობით. მიწოდების მხრივ, გასათვალისწინებელია, იქნებიან თუ არა არსებული ან პოტენციურად ახალი მიმწოდებლები მიდრეკილნი ინვესტიცია განახორციელონ Wi-Fi ქსელებში და ამ სახით უზრუნველყონ მობილური მომსახურებების მიწოდება, რაც არ არის მოსალოდნელი მოთხოვნის მხარეს არსებული ტექნოლოგიური შეზღუდვიდან გამომდინარე - არ არის სტაბილური და ვერ უზრუნველყოფს მობილურობას.
ამიტომ მიჩნეულია, რომ არსებული მობილური ქსელის ოპერატორები, ან ბაზარზე ახალი შემომსვლელები არ განიძრახავენ მობილური საცალო მომსახურების ჩამნაცვლებლად განიხილონ ადგილობრივი Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით მიწოდებული მობილური მომსახურებები.
აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მობილური მოწყობილობების გამოყენება ხმოვან და ინტერნეტის სერვისებზე წვდომისთვის ადგილობრივი Wi-Fi ქსელების გამოყენებით არ არის იმავე ბაზრის ნაწილი, რომელსაც მიეკუთვნება მობილური კავშირის მომსახურებები.
4.2.4. მობილური ქსელის ოპერატორის მიერ 5G ან მობილური ტექნოლოგიების შემდგომი თაობების ქსელების გამოყენება
2020 წელს კომისიამ გააცხადა თავისი განზრახვა შესთავაზოს ოპერატორებს სიხშირული რესურსი კომერციული 5G მობილური სერვისებისთვის საქართველოში. აუქციონი გაიმართა 2023 წლის სექტემბერში, თუმცა სიხშირული რესურსი მხოლოდ შპს „სელფი მობაილმა“ შეიძინა, მაშინ, როდესაც შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. სპექტრის დიდი ნაწილი, რომელიც აუქციონზე იქნა გამოტანილი, არ გაყიდულა. კომისიის მიერ შემდგომი აუქციონის თარიღის ჩანიშვნა ჯერ არ განხორციელებულა.
სამომავლოდ, 5G სიხშირული სპექტრის მფლობელებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელონ 5G ტექნოლოგიის ფუნქციონალობის და ქსელის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მობილური ინტერნეტის უფრო მაღალი სიჩქარისა და ხარისხის, მეტი გეოგრაფიული დაფარვისა და ისეთი ახალი მოთხოვნების თვალსაზრისით, რომლებიც მოიცავენ IoT და მოწყობილობებს შორის კავშირს.
მოსალოდნელია, რომ საქართველოში უკვე არსებულმა მობილურმა ოპერატორებმა უახლოესი 3 წლის განმავლობაში მიიღონ გადაწყვეტილებები 5G ტექნოლოგიაში აუცილებელი ინვესტირების შესახებ. ორმა მობილურმა ოპერატორმა უკვე დაიწყო 5G ტექნოლოგიის შეთავაზება, შპს „სელფი მობაილმა“ ბოლო პერიოდში(2023) მინიჭებული ლიცენზიის გამოყენებით, ხოლო სს „სილქნეტმა“ არსებული სიხშირული რესურსით.
ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა საბოლოო მომხმარებლის ტარიფები 5G-ზე დაფუძნებული მობილური კავშირის სერვისებზე უფრო მაღალი, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი მობილური მომსახურების ტარიფები. სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველი გაშვებისას 5G სერვისი ხშირად წარმოდგენილია, არსებულ სერვისზე მაღალი ფასებით, მაგრამ კონკურენციისა და გეოგრაფიული დაფარვის ზრდასთან ერთად, ტარიფები დიდწილად უთანაბრდება მიმდინარე ტარიფებს. მომხმარებელთა მხრიდან ინტერნეტის მოხმარების გაზრდით, მათ მიერ გადახდილი თანხები ხშირად იზრდება 5G სერვისის ბაზარზე შემოსვლით, რადგან მობილური ინტერნეტ მომსახურებისთვის გადახდილი საფასური, როგორც წესი, დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ გამოყენებული ინტერნეტის მოცულობაზე.
სრულად კონკურენტულ გარემოში, ქვეყნებში, სადაც 5G ზოგადად ხელმისაწვდომია, ოპერატორები მიდრეკილნი არიან გაზარდონ ტარიფები ინტერნეტის ულიმიტო პაკეტებზე, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებენ ტარიფებს სხვადასხვა მოცულობის ინტერნეტ პაკეტებზე10.
მას შემდეგ, რაც რომელიმე ოპერატორი ინვესტიციას განახორციელებს 5G ინფრასტრუქტურაში, სხვა მობილური ქსელის ოპერატორები სავარაუდოდ დააჩქარებენ 5G ინვესტიციებს და გაზრდიან ქსელის სიმძლავრეს, რათა უზრუნველყონ სრული ეროვნული დაფარვა. ასევე, ინოვაციურ მომსახურებებზე მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა უზრუნველყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენა.
საქართველოში მობილურ ბაზარზე 5G ტექნოლოგიის მოსალოდნელ დანერგვას სავარაუდოდ, მინიმუმ 3 წელი დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ საცალო შეთავაზებები თავდაპირველად შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში იქნება ხელმისაწვდომი, როგორც ეს გათვალისწინებულია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 5G სპექტრის ლიცენზიის პირობებში11. იმისათვის, რომ ოპერატორმა შეძლოს მაღალსიჩქარიანი კავშირის უზრუნველყოფა და მომხმარებლების მიერ მზარდ ინტერნეტ მოცულობებზე მოთხოვნის უზრუნველყოფა, აუცილებელია განახორციელოს ინვესტიცია მობილური ქსელის მრავალ კომპონენტში. გარდა 5G სიხშირული ქსელის ფლობისა, ტექნოლოგიის სრული პოტენციალის ასათვისებლად, აუცილებელია მაგისტრალური კავშირის გამტარობების გაზრდა და საბაზო სადგურების დამატება.
მიუხედავად განვითარების შესაძლო დაბრკოლებებისა, მობილური წვდომის სერვისები 5G-ის გამოყენებით წარმოადგენს იგივე პროდუქციული ბაზრის ნაწილს, რომელზეც წარმოდგენილია 2G, 3G, 4G ტექნოლოგიის მობილური კავშირის მომსახურებები.
4.3. გეოგრაფიული ბაზრის განსაზღვრა
პროცედურების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვრების დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვარი არის გეოგრაფიული არეალი, რომლის ფარგლებშიც ბაზრის პროდუქციულ სეგმენტზე წარმოდგენილი ავტორიზებული პირები ახორციელებენ საქმიანობას, კონკურენტული პირობები საკმარისად ერთგვაროვანია და რომელიც შესაძლებელია გამოირჩეოდეს მეზობელი გეოგრაფიული არეალებისგან, სადაც არსებითი კონკურენტული პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. არეალები, რომლებშიც განსხვავებული კონკურენტული პირობებია არ განეკუთვნება ბაზრის ერთიან სეგმენტს.”
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს გარკვეული გეოგრაფიული დაბრკოლებები, რომელიც ართულებს საქართველოში მობილური სერვისების ეროვნული დაფარვის მიღწევას და შესაბამისად, გარკვეულ ადგილებში მოსალოდნელია, რომ სერვისის ხარისხი იქნება შედარებით დაბალი. სამართლებრივი და მარეგულირებელი პირობები საერთოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოში გამოყოფილი სიხშირეების გამოყენების უფლება მოიცავს ოპერატორების ვალდებულებას, უზრუნველყონ ეროვნული დაფარვა. საქართველოს მობილურ ოპერატორებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ შემოთავაზებული სერვისების ან ტარიფების დიფერენცირება გეოგრაფიული არეალების მიხედვით და არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ოპერატორები აპირებენ მსგავსი განსხვავებების დანერგვას. ამასთან, არ არსებობს მნიშვნელოვნად განსხვავებული კონკურენტული პირობები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში, რაც მიუთითებდა ბაზრის გეოგრაფიული დაყოფის აუცილებლობაზე. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არ არსებობს მატერიალური გეოგრაფიული განსხვავებები მომსახურების ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის საჭირო დამატებითი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, უნდა დაიყოს თუ არა მობილური მომსახურებების ბაზარი გეოგრაფიული თვალსაზრისით. შესაბამისად, გეოგრაფიულ ბაზრად მიჩნეულია მთელი საქართველო.
4.4. დასკვნა შესაბამისი ბაზრის განსაზღვრასთან დაკავშირებით
ბაზრის განსაზღვრის პროცესში მოთხოვნის და მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობის ანალიზის გამოყენებით დადგინდა, რომ მობილური კავშირის საცალო ბაზარი საქართველოში შედგება მობილური ქსელის გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების მასობრივი (mass market) საცალო მობილური მომსახურებისგან, რომელიც აბონენტებს სთავაზობს ხმოვანი სერვისებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ინტერნეტით სარგებლობას, ასევე, საერთაშორისო როუმინგით მომსახურებას, მიუხედავად გამოყენებული ტექნოლოგიისა (2G, 3G, LTE და 5G) და მიუხედავად იმისა, ეს მომსახურებები იქნება შეთავაზებული ცალკე, თუ სხვა მომსახურებებთან ერთად კომბინაციაში. ასევე დადგინდა, რომ შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი არის საქართველოს მთელი ტერიტორია.
5. საფეხური 2: მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენტული პირობების მომავალზე ორიენტირებული შეფასება
5.1 მიმდინარე მდგომარეობა
პროცედურების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “კომისია ბაზრის ანალიზის პროცესში ადგენს, არის თუ არა ბაზრის საცალო სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი საბითუმო რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში და მდგრადია თუ არა ბაზარზე არსებული ეფექტიანი კონკურენტული გარემო.”
საქართველოს მობილური მომსახურებების ბაზარზე არ გვხვდება შესვლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ მარეგულირებელი ბარიერები.
საქართველოში ოპერირებს სამი მობილური ქსელის ოპერატორი და ერთი ახალი MVNO ოპერატორი.
სამივე ოპერატორს გააჩნია საკმარისი რესურსი, რათა 3G და LTE ტექნოლოგიების გამოყენებით მიაწოდონ მომსახურება აბონენტებს. ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება ინტერნეტ სერვისებზე. როგორც წესი, მობილური სერვისები წარმოდგენილია ინტერნეტის მოცულობის სხვადასხვა ლიმიტებით (მაგალითად, 3 გბ, 20 გბ, შეუზღუდავი) და სხვადასხვა ლიმიტებით ხმოვან ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე. განსხვავებული ტარიფები გამოიყენება საერთაშორისო როუმინგზე და სპეციალიზებულ სერვისებზე, როგორიცაა ფულის გადარიცხვა და კრედიტით სარგებლობა.
ფიზიკური პირები ძირითადად იყენებენ მობილურ სერვისებს წინასწარი გადახდის პირობით. შემდგომი გადახდით სერვისები ხელმისაწვდომია, მაგრამ ძირითადად გამოიყენება იურიდიული პირი აბონენტების მიერ. საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესები, როგორც წესი, სარგებლობენ იგივე მასობრივ ბაზარზე არსებული შეთავაზებებით, რაც ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის. ოპერატორები მომხმარებლების მოზიდვის მიზნით ბაზარს სთავაზობენ სპეციალურ სააქციო პირობებს მნიშვნელოვნად შეღავათიანი ტარიფებით, შეზღუდული დროის განმავლობაში. ეს შეთავაზებები ფართოდ გამოიყენება როგორც ფიზიკური პირი, ასევე მცირე და საშუალო ზომის იურიდიული პირი აბონენტების მიერ. მასობრივი ბაზრის მომხმარებელთაგან ბევრი ახორციელებს მომსახურების შესყიდვას ერთზე მეტი ოპერატორისგან. ამ გზით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ოპერატორის საუკეთესო მომსახურების პაკეტებით.
საქართველოს მობილური აბონენტების მიერ ერთდროულად ერთზე მეტი SIM ბარათის გამოყენების გამო შეუძლებელია ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლის შედარება ევროპულ მონაცემებთან, სადაც აბონენტების უმეტესობა მხოლოდ ერთი SIM-ბარათით სარგებლობს. შესაბამისად, ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ARPU-ს მაჩვენებელი საქართველოსთვის არ ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტები უკეთესი პირობებით სარგებლობენ.
საქართველოში 100 მოსახლეზე მობილური მომსახურებების 156 აბონენტია, ხოლო მობილური ინტერნეტის მომხმარებელი 111 აბონენტი, შესაბამისად, ცხადია, რომ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა იყენებს ერთზე მეტი მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებას. ამ გზით მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სხვადასხვა ოპერატორების მიერ შეთავაზებულ საუკეთესო მომსახურების პაკეტებს შორის.
საქართველოში მოქმედებს ნომრის პორტაბელობის უფასო სერვისი, თუმცა ის არცთუ პოპულარულია. პორტირებული ნომრების რაოდენობა 2017 წლიდან მოყოლებული (57,000 ნომერი) დიდად არ შეცვლილა და 2022 წელს 52,000 ნომერი შეადგინა. პორტირებული ნომრების მსგავსი დინამიკა აბონენტების საერთო რაოდენობის ზრდასთან ერთად გვიჩვენებს, რომ აბონენტები ამჯობინებენ ერთდროულად იყვნენ რამდენიმე ოპერატორის აბონენტები, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონდეთ ერთი ნომერი და პერიოდულად ჩაანაცვლონ მომსახურე ოპერატორი.
საქართველოში აბონენტების ძალიან მცირე ნაწილი (5.1% 2022 წელს) სარგებლობს შემდგომი გადახდის (post-paid) სერვისით, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ევროპულ ქვეყნებში საშუალოდ 40- ს აღწევს. როგორც ჩანს, საქართველოს ოპერატორებს არ ჰქონიათ სტიმული ბიძგი მიეცათ აბონენტებისთვის გადასულიყვნენ შემდგომი გადახდის კონტრაქტებზე, რომლებზეც როგორც წესი, საშუალო შემოსავლიანობა, უფრო მაღალია, ხოლო ოპერატორის შეცვლის სიხშირე კი - დაბალი.
როგორც ჩანს, არსებობს განსხვავებები სამ მობილურ ოპერატორს შორის მიწოდებული მობილური სერვისების აღქმულ ხარისხში. მაგალითად, 2022 წელს კომისიის მიერ მიღებული საჩივრები შპს „სელფი მობაილის“ მიმართ 1,1-ჯერ მეტი იყო, ვიდრე შპს “მაგთიკომის” და 2,8-ჯერ მეტი, ვიდრე სს “სილქნეტის” მისამართით მიმართული საჩივრებისა.
აბონენტების მიერ სხვადასხვა ოპერატორის SIM ბარათების გამოყენება, ძლიერ სტიმულს აძლევს მობილური ქსელის ოპერატორებს, რათა ყურადღება გაამახვილონ მიმზიდველ, სარეკლამო შეთავაზებებზე და დაუთმონ არსებითი რესურსები ბრენდსა და სხვა მარკეტინგულ აქტივობებს. ეს მარკეტინგული მიდგომები მოიცავდა ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს კონკრეტული აბონენტების ჯგუფებისთვის, eSIM შეთავაზებებს და სხვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ერთზე მეტი SIM-ბარათის გამოყენებით გამოწვეული დამატებითი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთო კონკურენტულ სურათზე საქართველოს მობილურ ბაზარზე, განხილულია 4.5.2 თავში.
ამავდროულად, მომხმარებლების მხრიდან ეს ზეწოლა მობილური ქსელის ოპერატორებს უბიძგებს აქცენტი გააკეთონ მოკლევადიან პერსპექტივაზე, რაც როგორც ჩანს, ამცირებს მობილური ქსელის ოპერატორების მიდრეკილებას ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების მიმართულებით. მაგალითად, საქართველოს ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით დაგვიანებით დანერგეს LTE სერვისები და ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა 5G ტექნოლოგიის განვითარება. ამასთან, ისინი ნაკლებად იყენებენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც არის ინფრასტრუქტურის მესამე მხარისთვის გადაცემა,
12 იხილეთ: https://www.ampereanalysis.com/insight/russia-and-ukraine-hold-back-cees-shift-to-postpaid- subscriptions
ერთობლივი საკუთრება, ერთობლივი ინვესტიცია, ინფრასტრუქტურის გაზიარება და სხვა საბითუმო შესაძლებლობების გამოყენება.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მობილური ქსელის ოპერატორების მიერ მობილურ მომსახურებების განვითარებასთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლის 23% შეადგინა. ეს მონაცემი მეტწილად ემთხვევა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მაგალითად GSMA-ს 2022 წლის კვლევაშია ასახული13 კერძოდ, კვლევის მიხედვით, სამ ოპერატორიანი მობილური ბაზრები საშუალოდ 20%-23%-იანი ინვესტიციით ხასიათდებიან (შემოსავლების წილი). თუმცა GSMA ასევე აღნიშნავს, რომ მობილური კომპანიების ისეთი ფინანსური მაჩვენებელი, როგორიც არის ე.წ. EBITDA მარჟა - შემოსავლები საპროცენტო, საგადასახადო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯამდე, გაყოფილი მთლიან შემოსავლებზე - შეადგენდა 28%-35%-ს (2021), ეს მონაცემი საქართველოს ბაზარზე კი 45%-75% იყო (2022).
დიაგრამა 4: EBITDA მარჟა - მსოფლიოს მობილური ქსელის ოპერატორები 2011 – 2021
მე-3 და მე-4 დიაგრამა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მობილური ქსელის ოპერატორები სარგებლობენ უფრო მაღალი EBITDA მარჟით, ვიდრე მსოფლიოს საშუალო, განსაკუთრებით კი შპს “მაგთიკომი”, რომლისთვისაც ეს მონაცემი ორჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ფულადი რესურსების ინვესტირება ინფრასტრუქტურაში შპს “მაგთიკომის” მიერ არ ხორციელდება - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციის საშუალო მაჩვენებელმა შპს “მაგთიკომის” ჯამური შემოსავლის 21% შეადგინა, რაც მსოფლიოს საშუალო მონაცემის მსგავსი იყო, მიუხედავად შპს “მაგთიკომის” მნიშვნელოვნად მაღალი EBITDA მარჟისა.
საცალო ტარიფების თვალსაზრისით, ფასის ცვლილება ოპერატორების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელდა პარალელურად: ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას მოჰყვა მეორე ოპერატორის მსგავსი ქმედება, თითქმის ანალოგიური პროცენტული ცვლილებით. (იხილეთ დიაგრამა 16).
ბაზრის წილების თვალსაზრისით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. შპს “მაგთიკომი” ინარჩუნებს უპირობო ბაზრის ლიდერის პოზიციას, მობილური აბონენტების 42%-იანი წილით.
მობილური შემოსავალი და აბონენტების რაოდენობა სტაბილური ტემპით იზრდება (იხილეთ დიაგრამა 22 და 28). იმის დასადგენად, ხასიათდება თუ არა ბაზარი ეფექტური კონკურენციით, აუცილებელია ბაზრის წილების განვითარების დინამიკის ანალიზი და იმის განჭვრეტა, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია მომავალზე ორიენტირებულ პერსპექტივაში. ბაზრის წილების ცვლილება შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბაზარზე არის ეფექტური კონკურენცია, თუ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ბაზრის წილების მერყეობას იწვევს მომხმარებლების რეალური არჩევანი. საქართველოში მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 3-5 წლის განმავლობაში არსებული ოპერატორებისთვის სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტების მთლიანი რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი 2018 წლიდან, ხოლო შემოსავლები კი 45%-ით, ფარდობითი ბაზრის წილები არ შეცვლილა.
დიაგრამა 5: მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილების განვითარება
დიაგრამა 7: მობილური ქსელის ოპერატორების ARPU-ები
წყარო: კომისია
მობილური კავშირის საცალო ბაზრის წილების შეფასებიდან ჩანს, რომ შპს „სელფი მობაილმა“ ვერ შეძლო გავლენა მოეხდინა მისი ორი დიდი კონკურენტის საბაზრო წილებზე ამასთან, ბოლო წლებში ბაზარზე არც მნიშვნელოვანი ახალი მოთამაშე შემოსულა, რაც ადასტურებს ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერების არსებობას. ბაზრის დინამიკაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად არ არსებობს ეფექტიანი კონკურენცია საცალო ბაზარზე და წინასწარი რეგულირების გარეშე, ეფექტური კონკურენციის მიღწევა ვერც მომავალში მოხერხდება. აღნიშნულ დასკვნას ასევე ამყარებს დაგვიანებული ინვესტიციები ინოვაციურ ტექნოლოგიებში (5G) მიუხედავად მსოფლიო ტენდენციასთან შედარებით მაღალი ფინანსური მაჩვენებლებისა, კონკრეტულად შპს “მაგთიკომის” შემთხვევაში, რომლის EBITDA მარჟა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
კონკურენტული განვითარების შეფერხების აღმოსაფხვრელად, კომისიამ 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებით ბაზარზე მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს (შპს „მაგთიკომს“, სს „სილქნეტს“ და შპს „ვიონი” საქართველოს“(ამჟამად ახალი დასახლებით შპს „სელფი მობაილი“) დააკისრა ვალდებულება გამოექვეყნებინათ მოწვევის წინადადების ოფერტა და კონკრეტული ვადების ფარგლებში ეწარმოებინათ მოლაპარაკება დაშვების მსურველ MVNO-ებთან ხელშეკრულების თაობაზე. აღნიშნულის მიზეზი იყო ის მოლოდინი, რომ ახალი ოპერატორების მხრიდან გაზრდილი კონკურენცია აიძულებდა მობილურ ოპერატორებს გადაედგათ ნაბიჯები ინოვაციური მომსახურებების განვითარებისკენ.
თუმცა, კვლევის ფარგლებში საჭიროა მომავალზე ორიენტირებული შეფასება „მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომის“ გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ შეფასებამ უნდა უგულებელყოს წინასწარი რეგულირების ჩარჩო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების სხვა ფორმები.
შესაბამისად, ისმის კითხვა, MVNO დაშვების უზრუნველყოფის შესახებ კომისიის მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, მობილური ქსელის ოპერატორები გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებების წარმოებას MVNO დაშვების მსურველებთან და შეიზღუდება თუ არა მომხმარებლის არჩევანი და ინოვაციური შეთავაზებების განვითარება. დაშვების მსურველ MVNO- სა და მობილურ ოპერატორს შორის გაჭიანურებული მოლაპარაკებები და დღემდე დადებული MVNO ხელშეკრულებების შეზღუდული რაოდენობის (მხოლოდ ერთი) გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ex-ante რეგულირების არარსებობის პირობებში, MVNO ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ იქნება მარტივი.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შემდგომი თავი დეტალურად წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშრებით, რომ მობილური საცალო ბაზარი არ არის ეფექტურად კონკურენტული.
5.1მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს არსებობის დამადასტურებელი დამატებითი არგუმენტაცია
წინამდებარე ქვეთავში მოყვანილია ის დამატებითი ფაქტორები, რომლის იძლევა მეტ საფუძველს გაკეთდეს დასკვნა, რომ საცალო მობილური წვდომის ბაზარი საქართველოში არ არის საკმარისად კონკურენტუნარიანი. კონკურენცია ზოგადად ხასიათდება ბაზარზე მყიდველთა და გამყიდველთა დიდი რაოდენობით, სადაც არც ერთი მიმწოდებელი არ დომინირებს14. ასეთ ბაზარზე ოპერატორები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ხარისხის, ფასისა და ინოვაციის კუთხით.
ა) ბაზრის მახასიათებლები მრავალ-SIM-ბარათიანი აბონენტებისა და წინასწარი გადახდის პაკეტების არსებობის თვალსაზრისით
მობილურის ბაზარზე ინოვაციების ნაკლებობა ძირითადად აისახება წინასწარ გადახდილი მობილური პაკეტების ძალიან დიდი რაოდენობით. წინასწარ გადახდილი პაკეტების ეს დონე მნიშვნელოვნად აღემატება უფრო მოწინავე კონკურენტულ ბაზრების მაჩვენებელს. საქართველოში წინასწარ გადახდის აბონენტები, მთლიანი სააბონენტო ბაზის 95%-ზე მეტს შეადგენს, მაშინ როცა, მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში, აღნიშნული განაკვეთი 40-80%-ს დიაპაზონშია.15.
გადაწყვეტილების სრულყოფილი ვერსია იხილეთ PDF ფაილის სახით (თანდართულ ფაილად)