წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-25-1 / 337

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2025 11:34

მიღების თარიღი ივნისი 30, 2025

სს „სილქნეტისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის    მისაღებად  კომისიის  2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ  №1  (პაკეტი/კომბინირებული)  აუქციონში,  კომისიის  2025 წლის  27 ივნისის №გ-25-8/325 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდა სს „სილქნეტი“ (ს/კ204566978).

ამავე გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 22 მაისის  №გ-25-8/231 გადაწყვეტილების შესაბამისად სს „სილქნეტს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 48 802 257.00 (ორმოცდარვა მილიონ რვაასორი ათას ორასორმოცდაჩვიდმეტი) ლარის   30%-ს  -   14   640   677.10 (თოთხმეტი მილიონ ექვსასორმოცი ათას ექვსასსამოცდაჩვიდმეტი და ათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 3 718 268.00 (სამი მილიონ შვიდასთვრამეტი ათას ორასსამოცდარვა) ლარი ანუ - 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ 2025 წლის 27 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 10 922 409.10 (ათი მილიონ ცხრაასოცდაორი ათას ოთხასცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარი  და  გადახდის  დამადასტურებელი  საბუთი  წარმოდგენილ იქნა  კომისიაში  იმავე  დღეს. (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2678 ) ამავე წერილით სს „სილქნეტმა“   თხოვნით მიმართა კომისიას შემდეგი სიხშირული ბლოკების მინიჭებაზე:  723-728 მჰც და  778-783 მჰც (2X5მჰც) სიხშირული რესურსი; 3610-3660 (50მჰც) მჰც სიხშირული რესურსი.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  52-ე  მუხლის  მე-6  პუნქტისა  და საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის  №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის უფლების  მოსაპოვებლად   აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-5 1 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის  შემდეგ . დარჩენილი  ნაწილის გადახდა კი  უნდა  მოხდეს  ლიცენზიის  მოქმედების ვადის  პირველი  წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის  დამადასტურებელი  დოკუმენტი  კომისიას  წარმოუდგინოს გადახდიდან  2  სამუშაო დღის ვადაში.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს 12 თვის განმავლობაში 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 472-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  კომისიის 2005  წლის 12  დეკემბრის №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №გ-25-8/325 გადაწყვეტილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს სს „სილქნეტს“ (ს/კ 204566978) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F117 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 723-728 მჰც და Downlink 778-783 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3610-3660 მჰც რესურსის ფარგლებში; ბ) გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ) ლიცენზიის  მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი;

დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვეში. (პრაქტიკული საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი ან მეტი საბაზო სადგურის ამოქმედება ლიცენზიით გაცემული რადიოსიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და მომსახურების მიწოდება ერთი ან მეტი კომერციული აბონენტისათვის);

ე.ბ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება; 700 და 3400-3800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ლიცენზიების განსაზღვრული ვალდებულებების ფარგლებში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“. ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს  მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე,  რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 - 3800 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 მჰც დიაპაზონისთვის);

ე.გ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10   იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად განსაზღვრულ დასახლებულ პუნქტებში და ტურისტულ ზონებში განლაგებულ დასახლებულ პუნქტებში შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის. იხ. დანართი 4):

დაფარვის თარიღი/ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 

დასაფარი ტერიტორია:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

 

2025 წელი

 

სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ( 10,000 – 15,000 და 15,000

– 100,000 მოსახლეობის დასახლებული პუნქტებიდან არჩეული ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ცენტრი) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

30 მბ/წმ

 

4 წელი

გუდაურის და ქ. ქობულეთის საკურორტო ზონა - თითოეული ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 

 

 

 

 

 

 

 

5 წელი

თელავის მუნიციპალიტეტი: ქ. თელავი, ს. წინანდალი;

ყვარლის მუნიციპალიტეტი: ქ. ყვარელი; სიღნაღის მუნიციპალიტეტი:  ქ. სიღნაღი; ბაღდათის მუნიციპალიტეტი:  კურორტი საირმე; დუშეთის მუნიციპალიტეტი: ს. შატილი;

მესტიის მუნიციპალიტეტი: დაბა მესტია; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი: დაბა სტეფანწმინდა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი:  ქ. ამბროლაური; გურჯაანის მუნიციპალიტეტი: ქ. გურჯაანი;

ონის მუნიციპალიტეტი:  ქ. ონი,  კურორტი შოვი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი: დაბა ბაკურიანი,  ქ. ბორჯომი, კურორტი ლიკანი;

ასპინძის მუნიციპალიტეტი : ვარძია;

ახმეტის მუნიციპალიტეტი: ს. ომალო და ს. შენაქო;

შავი ზღვის სანაპირო ზოლი:  სარფიდან-ფოთის ჩათვლით.

თითოეული ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 

5 წელი

 

წყნეთი, ბეთანია, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ოქროყანა, ნაფეტვრები, მუხათწყარო, მცხეთა, საგურამო - თითოეული ტერიტორიის მინიმუმ 90%

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული  „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

გეოგრაფიული და  ინფრასტრუქტურული  სირთულეების გათვალისწინებით  დაბა მესტიის, კურორტ შოვის, ს. შატილის, ს. ომალოს და ს. შენაქოს დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3  პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.

ე.დ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს დასახლებული პუნქტებისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, შემდეგი გრაფიკით (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (.SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 100 000 ) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

4 წელი

 

90%-ში

30 მბ/წმ

 

 

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 15 000 და 100 000) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

5 წელი

 

75%-ში

 

30 მბ/წმ

7 წელი

90%-ში

 

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების (მოსახლეობის რაოდენობა > 10 000 და 15 000 ) თითოეული ტერიტორიის მინიმუმ:

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

5 წელი

 

50%-ში

 

30 მბ/წმ

7 წელი

75%-ში

შენიშვნა: დასახლებული პუნქტების სია თან ერთვის (იხ.დანართი 3). დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული  „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

ე.ე) უზრუნველყოს შემდეგი ობიექტების დაფარვა (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 

სერვისით უზრუნველყოფილი პუნქტი(ები)

 

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

 

 

 

 

 

 

5 წელი

ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ქუთაისის აეროპორტი (კოპიტნარის) (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ბათუმის საზღვაო პორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

ქ. ფოთის საზღვაო პორტი (შენობა-ნაგებობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე);

თითოეული ტერიტორიის მინიმუმ 90%

 

 

 

 

 

 

 

30 მბ/წმ

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული  „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

საზღვაო პორტების ან/და აეროპორტების მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიმართ 5G  ქსელის და მომსახურების დანერგვის  პროცესში  დაუძლეველი დაბრკოლებების და  ხელშემშლელი პირობების შექმნის შემთხვევაში, კომისია იმსჯელებს შესაბამისი დაფარვის ვალდებულების  გადახედვაზე  ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;

ე.ვ) უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქართველოს საავტომობილო გზების მანძილის ≥90% დაფარვა, სიჩქარის ვალდებულება მოქმედებს როგორც სტაციონარული/გაჩერებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას გზის გასწვრივ (მოძრაობის ზოლისა და მიმართულების მიუხედავად, სამგზავრო ავტოტრანსპორტისათვის  დასაშვები  მაქსიმალური  სიჩქარის  ფარგლებში),  (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 

დასაფარი მარშრუტები

 

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

7 წელი

თბილისი-საგარეჯო-ლაგოდეხი; თბილისი-მარნეული-სადახლო; თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდი;

 

 

10 მბ/წმ

 

თბილისი-გუდაური-სტეფანწმინდა; სამტრედია-სენაკი;

სენაკი-ზუგდიდი; სენაკი-ფოთი;

ფოთი-გრიგოლეთი; თბილისი-სარფი;

ხაშური-ახალციხე-ვალე; თერჯოლა-ტყიბული; ტყიბული-ამბროლაური; ამბროლაური-ონი-შოვი; ქუთაისი-ბაღდათი-საირმე; ჟინვალი-კორშა;

ჟინვალი - შატილი საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლები: გუდანი, ბისო, ხახმატი.

თითოეული მონაკვეთის სიგრძის მინიუმ 90%

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული  „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2);

გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული სირთულეების გათვალისწინებით ჟინვალი-კორშას და ჟინვალი - შატილის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სოფლების: გუდანის, ბისოს და ხახმატის დაფარვის ვალდებულების ათვლა მოხდება ლიცენზიის მფლობელის ან მე-3 პირის მიერ კავშირის ისეთი ტექნიკური სისტემის შექმნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის აგების მიმართ ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ან მომავალი თაობის IМТ ქსელების მიმართ რეკომენდაციების შესრულების  და დაფარვის ვალდებულებების დაკმაყოფილების  შესაძლებლობას,  ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში.

ე.ზ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რკინიგზის ქვემოთ ჩამოთვლილი მონაკვეთების გასწვრივ მანძილის ≥90% იმგვარად, რომ გაზომვების შედეგად მიღებული მინიმალური საშუალო სიჩქარე შეადგენდეს ≥10 მბ/წმ-ს; (ვალდებულების შემოწმება განხორციელდება ავტომობილის შიგნით რკინიგზის გასწვრივ ლიანდაგიდან არაუმეტეს  500  მეტრის  დაშორებით  ).  (მომსახურებით დასაფარი ტერიტორია გეოგრაფიული (SHP) ფაილების სახით თან ერთვის, იხ. დანართი 4):

 

დაფარვის ვადა ლიცენზიის მიღებიდან

 

დასაფარი მონაკვეთები

 

მინიმალური სიჩქარე (მბ/წმ)

 

 

 

 

7 წელი

თბილისი-ბათუმი; თბილისი-სადახლო; თბილისი-გარდაბანი; სამტრედია-ფოთი სენაკი-ზუგდიდი

თითოეული მონაკვეთის სიგრძის მინიმუმ 90%

 

 

 

 

 

10 მბ/წმ

შენიშვნა: დაფარვის ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის მიღებიდან შესაბამისი წლის 31 დეკემბრამდე პერიოდით; დაფარვის ვალდებულებების შემოწმება მოხდება თანდართული  „მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით“ (იხ. დანართი 2); სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მიმართ  5G  ქსელის  და მომსახურების დანერგვის პროცესში  დაუძლეველი დაბრკოლებების და ხელშემშლელი პირობების შექმნის  შემთხვევაში, კომისია  იმსჯელებს შესაბამისი დაფარვის ვალდებულების გადახედვაზე ლიცენზიის მფლობელის მომართვის საფუძველზე;

ე.თ) საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეასრულოს ECC Recommendation (15)01-ით განსაზღვრული პირობები ასევე კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის შესახებ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობები ან საერთაშორისო გაერთიანებების მიერ კოორდინაციასთან დაკავშირებით   საქართველოს  სახელმწიფოს  მიერ  აღიარებული  სხვა  ნებისმიერი რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. დამატებით მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია იმ სადგურების შესახებ რომელიც განთავსდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე.

3400-3800 მჰც დიაპაზონში, შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ამ დიაპაზონში უკვე არსებულ ოპერატორთან „დროითი სინქრონიზაციის“ უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს არსებულ ოპერატორ(ებ)თან და კომისიასთან შეთანხმებით;

ე.ი) რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ, წარმოადგინოს ანგარიში ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული მობილური უსადენო დაშვების ქსელის განვითარების შესახებ, რომელიც უნდა იყოს საჯარო და ქვეყნდებოდეს კომპანიის ვებ-გვერდზე ტექსტური და გრაფიკული, კერძოდ გეოგრაფიულ რუკზე დატანილი, სახით კომისიის მოთხოვნილი სიზუსტის და პარამეტრების გათვალისწინებით. ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

   მომსახურებით   დაფარვის   ზონას,   რომელიც   გამოქვეყნების   მომენტისთვის   აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (SHP ფაილის ფორმატში);

  დასახლებული   პუნქტების   ჩამონათვალს,   სადაც   ლიცენზიით   განსაზღვრული   მომსახურება აკმაყოფილებს ვალდებულებით განსაზღვრულ ხარისხს (ტექსტურ ფორმატში);

გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით კომისია იტოვებს უფლებას აწარმოოს მომსახურებით დაფარვის ზონის(ების) რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ინფორმაციის დაზუსტება ლიცენზიის მფლობელისგან.

ლიცენზიის მფლობელის მიერ მომსახურების დანერგვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული სადგურების შესახებ.

კომისიას, ასევე, შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მშენებარე და დაგეგმილი საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ და მოდელირებით მიღებული ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის დეტალური რუკა გეოგრაფიული (.SHP) ფაილის ფორმატში, დაფარვის ვალდებულების შესრულების მიზნით გამოყენებული ყველა სიხშირისთვის. კომისია არ გაასაჯაროებს აღნიშნულ რუკას და ინფორმაციას მშენებარე და დაგეგმილი სადგურების შესახებ, კომპანიის მიერ სათანადო მომართვისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში;

ე.კ) დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს  დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად;

ზ)   ლიცენზიის   მფლობელს   უფლება   აქვს დააკმაყოფილოს მომსახურების დაფარვის   და   ხარისხის ვალდებულებები როგორც წინამდებარე აუქციონით მოპოვებული სიხშირული ზოლებით ასევე მათი სიხშირული აგრეგირებით მის მფლობელობაში არსებული სხვა სიხშირულ რესურსთან, მომსახურების ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მიწოდებისას;

თ) იმისთვის, რომ მოცემული ვადისთვის მომსახურებით დაფარვის ვალდებულება ჩაითვალოს შესრულებულად, მოთხოვნილი ხარისხის მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოცემული ვადით განსაზღვრულ მომსახურებით დაფარვის ყველა ზონისთვის. მოცემული ვალდებულებები ძალაშია ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე;

ი) შესაბამისი სპექტრის მობილური მომსახურების მიზნებისთვის მომავალში განაწილების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, ლიცენზიით განსაზღვრული სიხშირული ზოლის წანაცვლება იმავე რადიოსიხშირული ზოლის დიაპაზონის ფარგლებში (ლიცენზიის მოდიფიცირების გზით).

კ) სს „სილქნეტმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F117 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 34 161 579.90 (ოცდათოთხმეტი მილიონ  ასსამოცდაერთი  ათას  ხუთასსამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 ივლისამდე;

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 აგვისტომდე;

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 სექტემბრამდე;

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 ოქტომბრამდე;

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 ნოემბრამდე;

2 846 798.32 ლარი - 2025 წლის 30 დეკემბრამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 30 იანვრამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 28 თებერვლამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 30 მარტამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 30 აპრილამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 30 მაისამდე;

2 846 798.32 ლარი - 2026 წლის 30 ივნისამდე;

ლ) სს „სილქნეტმმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

2.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიული  დეპარტამენტის  ავტორიზაციისა  და  ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)  ლიცენზიის  გაცემის  თაობაზე  ინფორმაციის  სსიპ  „საქართველოს  საკანონმდებლო   მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)   სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და სს „სილქნეტისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3 და №4 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სს „სილქნეტისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების პირველი  პუნქტის  „ა“,  „ბ“,  „დ“  -  „ი“  ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

8. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

9. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ - „ლ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები