შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2025 14:15
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2025
შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 3 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „სისტემ ნეტ“-მა (ს/კ 205267423) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-25-6/405), კომპანიის ფიზიკური პირი პარტნიორის დავით დურგლიშვილის სრული წილის კომპანიის ფიზიკური პირი პარტნიორების ფრიდონ ინჯიასა და ავთანდილ იაშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. ამასთან კომისიამ Nგ-25-08/829 წერილით დამატებით კომპანიისაგან მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც კომპანიას არ წარმოუდგენია.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სისტემ ნეტ“ 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისიას დადგენილი წესით უნდა წარედგინოს შეტყობინება ავტორიზებული პირის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული შეტყობინება წარმოადგენს კომისიის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.შპს „სისტემ ნეტ“-ის (ს/კ 205267423) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/405 03.02.2025) დარჩეს განუხილველად.
2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ ნეტი“-სათვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სისტემ ნეტი“-სათვის ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სისტემ ნეტი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი