შპს „პროსერვისის“(ს/ნ204929168)) მიერ შპს „პროსერვ.ჯის“ (ს/ნ412706086) საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2025 12:39
მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2025
შპს „პროსერვისის“(ს/ნ204929168)) მიერ შპს „პროსერვ.ჯის“ (ს/ნ412706086) საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ.-25-6/4482) მიმართა შპს „პროსერვ.ჯის“ დირექტორმა შპს „პროსერვისის“ მიერ შპს „პროსერვ.ჯის“ საოპერაციო აქტივების სრულად შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „პროსერვისი“ 2011 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2024 იანვრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 3 251 517 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 17%-ს შეადგენს. ამასთან კომპანიას ასევე აქვს სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება- დომენის გადასახადი და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე 991,448 ლარი.
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „პროსერვ.ჯის“ 2015 წლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მომსახურებიდან, კერძოდ, ჰოსტინგის მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2024 იანვრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 324 779 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 2%-ს შეადგენს.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „პროსერვისის“ 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი რევაზ ნატროშვილი, ხოლო კომპანიის დირექტორები არიან: ფიზიკური პირი რევაზ ნატროშვილი და ფიზიკური პირი გიორგი ნატროშვილი. ავტორიზებული პირის, “პროსერვ.ჯის“, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ფიზიკური პირი ბექა ხაჭაპურიძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „პროსერვისი“ არის ავტორიზებული პირი „ჰოსტნოუდსის“ 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან შპს „პროსერვისის“ მფლობელი და დირექტორი რევაზ ნატროშვილი ასევე წარმოადგენს შპს „ჰოსტნოუდსის“ დირექტორს. შესაბამისად შპს „პროსერვისი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირთან „ჰოსტნოუდსთან“ ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებული).
აქვე აღსანიშნავია, რომ შპს „ჰოსტნოუდს“ ავტორიზაცია აქვს გავლილი 2016 წლიდან და ოპერირებს ჰოსტინგ მომსახურების სეგმენტზე. აღნიშნულ მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2024 იანვრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით შეადგინა 698 557 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც ჰოსტინგით მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 4%-ს შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პროსერვ.ჯის“ საოპერაციო აქტივების შპს „პროსერვისის“’ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „პროსერვ.ჯის“ მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „პროსერვისის“ მიერ შეძენაზე;
2. შპს „პროსერვ.ჯის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პროსერვისის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „პროსრვ.ჯიმ“ უნდა უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:
3. შპს „პროსერვ.ჯის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „პროსერვისის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებული არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ კომპანიებისათვის გაგზავნა (ბ.გასვიანი);
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
