შპს “უბიკომის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2025 14:05
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025
შპს “უბიკომის“ წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 12 დეკემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-5-6/5016 12.12.2025) მიმართა შპს „უბიკომმა“ (ს/კ 400223067) კომპანიის წილის 50%-ის ფიზიკური პირი ნათია აკიშბაიას მიერ და 50%-ის ზურაბ ბურდულის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ტრანზაქციაში მონაწილე პირი შპს „უბიკომი“, წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.
შპს „უბიკომს“ 2017 წლის 21 ნოემბრიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
შპს „უბიკომის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ია ზექალაშვილი, ისევე როგორც შპს „უბიკომის“ 50-50%-იანი წილის შემსყიდველები ფიზიკური პირები ზურაბ ბურდული და ნათია აკიშბაია სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ. შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „უბიკომი“ და ფიზიკური პირები ზურაბ ბურდული და ნათია აკიშბაია არ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში სხვა ავტორიზებულ პირებთან.
შპს „უბიკომი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „უბიკომის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2024 წლის იანვრიდან და 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა:
|
|
შპს "უბიკომი” |
|
შემოსავლები ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე) |
305,973.65 ლარი |
|
აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით |
610 |
|
შემოსავლების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.6% |
|
აბონენტების წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
0.11% |
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „უბიკომის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირების ნათია აკიშბაიასა და ზურაბ ბურდულის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს შპს „უბიკომის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირების ნათია აკიშბაიასა და ზურაბ ბურდულის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „უბიკომს“ კომპანიის წილის 50%-ის ნათია აკიშბაიაზე და 50%-ის ზურაბ ბურდულზე გასხვისებაზე.
2. განემარტოს შპს „უბიკომს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „უბიკომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „უბიკომისთვის“ გაგზავნა (ბ.გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „უბიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „უბიკომისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
