წვდომის მენიუ

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ კახა კუკავას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 135

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2025 17:35

მიღების თარიღი მარტი 13, 2025 13:00

შპს „სფერო ტვ“-ის წინააღმდეგ კახა კუკავას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

მომჩივანი მხარე: კახა კუკავა

მოპასუხე: შპს „სფერო ტვ“

დავის საგანი: შპს „სფერო ტვ“-ისთვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 6 მარტი, 13 მარტი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. მომჩივანის პოზიცია

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში-კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის 26.02.2025 Nშ-25-9/820) მიმართა ფიზიკურმა პირმა კახა კუკავამ შპს „სფერო ტვ“- ის ეთერში განთავსებულ სიუჟეტთან დაკავშირებით და მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება. 

2.საჩივრის თანახმად, 2024 წლის 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე შპს „სფერო ტვ-ს“ ეთერში გავიდა სიუჟეტი და ასევე განთავსდა სოციალურ ქსელში „Facebook“-პოსტი შემდეგი სახელწოდებით - „გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს“. სიუჟეტში გამოყენებული იქნა შემდეგი ფრაზები: ა) „გაერთიანების მიერარა ერთი მევახშე იქნა მხილებული, მათ წარმომადგენელთა რიგებში ყველასათვის კარგად ცნობილი, პოლიტიკოსი-კახა კუკავაც კი აღმოჩნდა, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აღნიშნული პიროვნება ახორციელებს მევახშის უფლებრივი ინტერესების დაცვას“. ბ) „იკვეთება კახა კუკავას, როგორც მევახშეების წარმომადგენლის ინტერესები“. გ) „იგი თავს არიდებს და იგი ცდილობს გაექცეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. დ) „იგი ასევე ცილისწამებლური განცხადებების საფუძველზე  შეურაცხმყოფელი ფრაზებით გამოირჩევა დაზარალებულის მიმართ“. ე) „მევახშესთან ერთად ალიანსში მყოფი პოლიტიკოსი - კახა კუკავა“.

3.მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ტვ“-ს სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კახა კუკავას არანაირი ინტერესი არ გააჩნია სამევახშეო საქმიანობაში და მრავალი წელია იბრძვის გამოსახლების წინააღმდეგ, ის არ ახორციელებს არცერთი მევახშის უფლების დაცვას. ასევე სიუჟეტშიც არ არის იდენტიფიცირებული ვინ არის მევახშე ან რა ფორმით ახორციელებს კახა კუკავა მისი ინტერესების დაცვას. ამასთან, კახა კუკავა არანაირ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ არიდებს თავს, მით უფრო მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ან პასუხისმგებლობა. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ  შეურაცხყოფა კახა კუკავას არ მიუყენებია ე.წ. „დაზარალებულისათვის“ და მსგავსი რამ არ დასტურდება არც სიუჟეტში, შესაბამისად მსგავსი ფრაზების სიუჟეტში გამოყენება კახა კუკავას მიმართ ცილისწამებაა.

4.საჩივრის თანახმად, შპს „სფერო ტვ“ წარმოადგენს შპს „სფერო ჰოლდინგთან“ და „იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებასთან“ დაკავშირებულ კომპანიას, რომლის დამფუძნებელია გიგა წულეისკირი. მომჩივანის მტკიცებით, აღნიშნული სიუჟეტის მომზადებაში მონაწილეობდა „იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების“ იურისტი სოფო პეტრიაშვილი, რომელიც, წარმოადგენდა წულეისკირის ინტერესებს და ახორციელებდა გამოძალვას, კერძოდ, კახა კუკავასგან მოითხოვდა, რომ მას ზეგავლენა მოეხდინა სხვა პირზე - კერძო მესაკუთრეზე, რომ მას გაესხვისებინა თავისი ქონება წულეისკირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ გავიდოდა მისი მაკომპრომატირებელი სიუჟეტი.  საჩივარში მითითებულია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანმა მიმართა შპს „სფერო ტვ“-ს თუმცა უკუკავშირი არ მიუღია.

5.საჩივრის ავტორი მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე. მომჩივანი ასევე აპელირებს კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებულ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას“.

6.მომჩივანს მიაჩნია, რომ შპს „სფერო ტვ“-მ დაარღვია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითხოვს მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7.კომისიის 2025 წლის 6 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ მომჩივანი კახა კუკავა და შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელი სოფიკო პეტრიაშვილი.

8.მომჩივანის კ. კუკავას განმარტებით, მან მიმართა შპს „სფერო ტვ“-ს საჩივრით, მაუწყებლის მიერ განთავსებულ პროგრამასთან დაკავშირებით, რასაც მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მისი განცხადებით, ტექნიკური შეცდომის გამო კომისიაში წარდგენილ საჩივარს არ ჰქონდა თანდართული შპს „სფერო ტვ“-სთვის საჩივრის წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება და განაცხადა, რომ წარუდგენს კომისიას შესაბამის მტკიცებულებას.

9.შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელმა ს. პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მის მარწმუნებელს არ მიუღია კ. კუკავას საჩივარი სადავო პროგრამასთან დაკავშირებით.

10.მომჩივანის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარდგენის მიზნით, კომისიის სხდომა გადაიდო 2025 წლის 13 მარტისთვის.

11.2025  წლის  7 მარტს,  მომჩივანმა  კ.  კუკავამ  კომისიას  წარუდგინა 1.შპს  „სფერო  ტვ“-ს ელექტრონულ ფოსტებზე საჩივრის გაგზავნის დამადასტურებელი ფოტომასალა (აღნიშნული მეილები ასევე გადაიგზავნა კომისიის ელექტრონულ ფოსტაზე); 2. შპს „სფერო ტვ“-ს ფეისბუქ გვერდის ფოტო, სადაც მითითებულია შპს „სფერო ტვ“-ს ელექტრონული ფოსტის მისამართი; 3. სადავო სიუჟეტის ჩანაწერი (ვიდეორგოლი); 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ დაჯარიმების შესახებ;

12.კომისიამ 2025 წლის 10 მარტს შპს „სფერო ტვ“-ს გადაუგზავნა მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ვიდეომასალა და განუსაზღვრა ვადა 2025 წლის 12 მარტის ჩათვლით პოზიციისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

13.2025  წლის 13 მარტის კომისიის  სხდომაზე  მომჩივანმა  კ.  კუკავამ  დააზუსტა  მოთხოვნა  და კომისიისგან მოითხოვა შპს „სფერო ტვ“-ს თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობის საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევისთვის შპს „სფერო ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით დადგენილი წესით.

2. მოპასუხის პოზიცია

14.2025  წლის  13  მარტის  სხდომისთვის  შპს  „სფერო  ტვ“-ს  საკუთარი  პოზიცია  ან/და მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სხდომას ესწრებოდა შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელი ს. პეტრიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სფერო ტვ“-ს კ. კუკავას მიერ მატერიალური სახით წარდგენილი საჩივარი არ მიუღია. მისი განმარტებით, ელექტრონულ ფოსტაზე საჩივარი ვერ მიიღო მაუწყებელმა ტექნიკური ხარვეზის გამო, რადგან აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე  შპს „სფერო ტვ“-ს წვდომა არ აქვს. ს. პეტრიაშვილის განცხადებით, მაუწყებელს, რომ მიეღო საჩივარი ფოსტის მეშვეობით, რომ არსებობდეს საჩივრის ჩაბარების დასტური, აუცილებლად დაუბრუნდებოდა მომჩივანს შესაბამისი პასუხი;

15.შპს „სფერო ტვ“-ს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ კომისიის მიერ კ. კუკავას საჩივრის განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით, საწინააღმდეგო პოზიცია არ აქვს.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

16.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

17.„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

18.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი  არის  ფიზიკური  პირი  ან  იურიდიული  პირი,  რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა.

19.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად.

20.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

21.კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებ დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

III. სამოტივაციო ნაწილი

22.მომჩივანი მიუთითებს, რომ 2024 წლის 4 ნოემბერს მოქალაქე კ. კუკავამ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა შპს „სფერო ტვ“-ს საჩივრით და მოითხოვა 21 დღის ვადაში შპს „სფერო ტვ“- ის ეთერში 2024 წლის 24 ოქტომბერს განთავსებული სიუჟეტის უარყოფა და შესწორება საწყისი განცხადების ხანგრძლივობით (4 წუთი) და აღნიშნული შესწორებისა და უარყოფის გადაცემა, როგორც შპს „სფერო ტვ“-ს ეთერში, ასევ „Facebook“ პოსტის სახით განთავსება. მომჩივანი კ. კუკავა მიუთითებს შპს „სფერო ტვ“-ის მიერ თვითრეგულირების ეფექტიანობის შესაძლო დარღვევაზე და ითხოვს მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

23.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

24.მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,  თუ დავის საგანი უკავშირდება კომისიის მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, კომისია უფლებამოსილია  მიიღოს საჩივარი განსახილველად და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს საჩივარში დასმული საკითხები განეკუთვნება თუ არა მის უფლებამოსილებას და საჩივარი წარდგენილია თუ არა უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.

25.კომისიის მიერ დგინდება, რომ მოქალაქე კ.კუკავა ასაჩივრებს შპს „სფერო ტვ“-ს მიერ, თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისას პროცედურულ დარღვევას (საჩივრის განუხილველობა)  და  ეჭვქვეშ  აყენებს  თვითრეგულირების  ეფექტიანობას.  თავის  მხრივ,  შპს „სფერო ტვ“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირია და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, მას, როგორც მაუწყებელს ევალება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ საფუძველზე თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, საჩივრების განხილვა და მათზე დროული და დასაბუთებული რეაგირება, ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ განსაზღვრავს იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცვითაც მაუწყებელი ვალდებულია განახორციელოს რეაგირება თვითრეგულირების ფარგლებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით. კომისიის უფლებამოსილებებს განეკუთვნება მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის მოთხოვნის დაცვის შეფასება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე კ. კუკავას საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში,   მოქალაქე კ. კუკავას საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად და დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 27 მარტი.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, 451 და 591 მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გაწყვიტა:

1.კახა კუკავას საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის 26.02.2025 Nშ-25-9/820) შპს „სფერო ტვ“-ს წინააღმდეგ მიღებული იქნეს განსახილველად.

2.დავის განხილვა დაინიშნოს 2025 წლის 27 მარტს 15:00 საათზე.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „სფერო ტვ“-სა და კახა კუკავასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  სარეზოლუციო  ნაწილის  კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე            წევრი

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები